ლევან იოსელიანი - ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც დაასრულებს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას

01 May 2021 16:44

ეს რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, დაასრულებს ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, დასკვნაში ნახსენები ყველაზე მნიშვნელოვანი მითითებაა, რომ საარჩევნო კოდექსი იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თუ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესს.


,,ძალიან მიხარია რამდენად პოზიტიურად არის ასახული ეუთო/ოდირის დასკვნაში ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ პირველი მოსმენით დავაინიცირეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის პუნქტები, რომლებზეც მითითებულია, გათვალისწინებული იყოს და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეს ძირითადად ეხება დაკომპლექტების წესს და 2/3-ით გადაწყვეტილების მიღებას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გარანტირებული, ამასთან დაკავშირებით დავიწყებთ კონსულტაციებს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან. ყველაზე მთავარი რაც ამ დასკვანაშია მითითებული არის ის, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესს. კონსესუსის საგანი უნდა იყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს რეკომენდაციები ნამდვილად უწყობს ხელს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.


ცნობისთვის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებში აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ დაინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ.





კომენტარები:

ფართი შოპი