"- ხომ არ არსებობს აღდგომა?
- დიახ, მასწავლებელო.
- დიახ კი არა, არა-თქო!
- არა, მასწავლებელო!
- მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! - ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
- დიახ, მასწავლებელო!
- აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! - ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას. ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
- აბა, აღდგა ქრისტე?
- ჭეშმარიტად, მასწავლებელო!" - გოდერძიჩოხელი, "ლუკას სახარება"
უკვე რამდენი წელიწადია, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა რომ ახლოვდება, განსაკუთებული სიმძაფრით, სევდითა და ტკივილით მახსენდება ხოლმე გოდერძი ჩოხელი... შეიძლება იმიტომ, რომ უცნაურად გამორჩეული ადამიანი იყო, სევდიან-ტკივილიანიც და, იმავდროულად - ხალისიანიც. ან იქნებ იმიტომ, რომ... რასაკვირველია, იმიტომაც, რომ მისი ვაჟი ლუკა და ფილმი"ლუკას სახარება" წარმომიდგება თვალწინ... პატარა ლუკას სიმწრისგან აცრემლებული თვალებითა და სკოლის დირექტორის შეკითხვაზე: - აბა, აღდგა ქრისტეო? - პასუხად ბავშვის მტკიცედ ნათქვამი - "ჭეშმარიტად, მასწავლებელოთი!"
სამოქალაქო და აფხაზეთის ომების შემდგომი წლები იყო, საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდი. იმხანად ფილმებს იშვიათად იღებდნენ, ან იღებდნენ და - მხოლოდ ომსა და სოციალურ პრობლემებზე, ტრაგიკული დასასრულით. გოდერძის უთქვამს, - ახლა საქართველოს მოსახლეობას უფრო სულიერებაზე დამყარებული ფილმები, სევდიანი კომედიები სჭირდებაო და 1997 წელს თავისი ორი ნოველის გადაღება გადაუწყვეტია - "სამოთხის გვრიტების" და "ლუკას სახარების", მაგრამ ფული მხოლოდ ერთისთვის გამოუყვეს. ისე ძლიერ უნდოდა, "ლუკას სახარებაც" გადაეღო, მცირეოდენი თანხა, რაც დარჩა, სწორედ მის გადაღებას მოახმარა. ფილმის ნაწილი ყაზბეგში, სოფელ ცდოში გადაიღო, ნაწილი - გუდამაყრის ხეობაში, ჩოხსა და კიტოხში. გადაღებამ ძალიან გამოაცოცხლა გუდამაყრის ხეობა. ორი თვის განმავლობაში მთელი გადამღები ჯგუფი იქ ცხოვრობდა, თურმე და არემარე ისე აუხმაურებიათ, მოსახლეობას ნამდვილი ზეიმი ჰქონდა - ყოველდღიურად რომელი სოფლიდან აღარ მიდიოდნენ ადამიანები! თანაც, ამ გადაღების წყალობით გოდერძიმ სოფელ ჩოხის სკოლაც შეაკეთებინა - ძირითად ეპიზოდებს სწორედ ამ სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იღებდნენ, ამიტომ კიდეც გადახურეს, კიბეებიც შეაკეთეს და კედლებიც შეათეთრეს!
ფილმის მოკლე შინაარსი კი ასეთია: სოფელში მცხოვრებ ლუკას სკოლის დირექტორი "სახარებას" უპოვის და თანაკლასელების თვალწინ სანიმუშოდ დასჯის. კომუნისტური ეპოქის პირობებში გაზრდილი მისი თანაკლასელი პიონერები კი ღვთის მორწმუნე ლუკას ჯვარს გააკრავენ...
"ლუკას სახარება"
გოდერძი ჩოხელმა ფილმში ლუკას როლი თავის უფროს ვაჟს - ლუკა ჩოხელს მიანდო. მაშინ იგი 13 წლის იყო და, ცხადია, თავის გმირის სამყაროს სრულად ვერც ჩაუღრმავდებოდა-შეიცნობდა. - ალბათ, მაინც ბავშვურად ვფიქრობდი: გმირი ჩემი სეხნია იყო; მოქმედება მთაში ხდებოდა, მე კი მთა გამორჩეულად მიყვარს; ძალიან მომწონდა ჯვრიანი სამოსი, რომელიც საგანგებოდ ლუკასთვის მოქსოვეს; მიტაცებდა ფილმის ქრისტიანული თემატიკა და, ბოლოსდაბოლოს, ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. ვფიქრობ, მაქსიმალური გავაკეთე ჩემი გმირისთვის და ეს ბევრმა აღნიშნა. ყველას უძნელდებოდათ დაჯერება, რომ ეს როლი ჩემი დებიუტი იყოო, - მიამბო ლუკა ჩოხელმა. ტირილის ეპიზოდის გადაღებისას ბიჭს ბუნებრივად უნდა ეტირა, ამისთვის კი შესაბამისი განწყობის შექმნა იყო საჭირო და ეს განწყობაც ბუნებრივად გაჩნდა, ისევე, როგორ ბუნებრივადაც, თითქოს არსაიდან, მუდამ ჩნდებოდა თუ ხდებოდა ამბები და მოვლენები, რაც გოდერძის უკავშირდებოდა... მოკლედ, სწორედ ამ ეპიზოდის გადაღების პერიოდში, მოულოდნელად ლუკას ხარმა ცხვირში რქა მიარტყა და ბიჭი სიმწრისგან ატირდა. ეს მომენტი არც გოდერძის გამოეპარა და არც ოპერატორს - სასწრაფოდ ყველაფერი ფირზე დააფიქსირეს. ასე რომ, ლუკას გლიცერინი და სხვა საშუალებები აღარ დასჭირდა - ფილმში ნატურალური კადრი დარჩა. - ხანდახან კადრებსაც ვაფუჭებდი და მამა ბრაზობდაო, - მითხრა ლუკამ. მაგრამ ფაქტია, ყველაზე რთული მაინც ჯვარცმის გადაღება აღმოჩნდა - ჯვარაკიდებული ბიჭი დადიოდა, ბავშვები კი დასდევდნენ და ყვიროდნენ: ქრისტე აღდგაო!
ერთი შეკითხვა სულ მაწუხებდა, მაგრამ გოდერძისთვის მისი კითხვა ვერ მოვასწარი, მაგრამ გოდერძის შესანიშნავ მეუღლეს, ჩემთვის ძვირფას ადამიანს - ნინო მელაშვილ-ჩოხელს კი ჩავეკითხე, - საკუთარი შვილის განცდისა და ტანჯვის ყურებას როგორ გაუძელით ან შენ, ან გოდერძიმ-მეთქი? და აღმოჩნდა, რომ ამდაგვარი შეკითხვა, - ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? - უკითხავთ მისთვის და არ გაინტერესებთ, რა უპასუხა გოდერძიმ? - აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო?! თუმცა ამ ეპიზოდებმა ნინოს საშინელი შეგრძნება გაუჩინა, თურმე, - ისიც კი გავიფიქრე, ღმერთო მაპატიე და, ალბათ, როგორ იტანჯებოდა ღვთისმშობელი, საკუთარი შვილის ჯვარცმას რომ უყურებდა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით, მხოლოდ გადაღება იყო და სხვა არაფერი, ენით აუწერელი განცდა დაგვეუფლა... ფილმის დასრულების შემდეგ, ლუკას რომ ეკითხებოდნენ, რას გრძნობდი თამაშისასო, - არ ვთამაშობდი, იმ ცხოვრებით ვცხოვრობდიო, - პასუხობდა. 13 წლის ბიჭმა თავადვე გაახმოვანა როლი, თანაც, ფაქტია - საუკეთესოდ და ამასაც თავისი წინაპირობა ჰქონდა...
ლუკა და მისი "ჯვარი"
ერთხელ ლუკა ჩოხელმა მითხრა, - იცი, მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჯვარზე გაკვრის თემაზე მოძღვარს უნდა გავსაუბრებოდი. არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე - ვიცოდი, რომ ეს ფილმს სჭირდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ გოდერძი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იღებდა "ლუკას სახარებას", მაგრამ... ალბათ, მაინც მაწუხებდა, ცოდვა არ იყოს-მეთქი და მინდოდა, მოძღვრისთვის გამეზიარებინაო...
ეს ამბავი კი "ლუკას სახარების" გადაღებამდე ხდებოდა - 7-8 თვის განმავლობაში ლუკა არ ლაპარაკობდა. 13 წლის ბიჭმა, თითქოს, დუმილის აღთქმა დადო ან, შეიძლება, გარე სამყაროს გამოუცხადა პროტესტი - არც სკოლაში ამბობდა სიტყვას, არც ოჯახში. გოდერძის და ნინოს რას აღარ ურჩევდნენ - ვიღაცებს უთქვამთ, ალბათ, ხატის მიზეზიაო და მშობლებმა ლუკა გამოსალოცად წაიყვანეს, მერე სხვამ ლოგონევროზის დიაგნოზი დასვა და ექიმების მითითებით, ბიჭს წამლებიც ასვეს. ერთმა ბერმა კი უთხრა ლუკას, - რისი გეშინია, შენ ისეთი მაგარი მამა გყავსო... საბოლოოდ, ნინო და გოდერძი მიხვდნენ, რომ ლუკას თავს სხვა რაღაც ხდებოდა.
ლუკას დამუნჯების პარალელურად, გოდერძი "ლუკას სახარების" გადასაღებად ემზადებოდა და არც კი უფიქრია, ფილმში ლუკა გადაეღო. სწორედ 7-8 თვე იყო გასული, რომ ლუკა ჩოხელმა "ლუკას სახარების" სცენარი წაიკითხა და... ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაილაპარაკა - ნინოს გადაჭრით უთხრა: დედა, ეს მე უნდა ვითამაშოო. ნინომ ეს ამბავი გოდერძის გაუზიარა და ორივე შეფიქრიანდა - ძალიან მძიმე როლია, რომ ვერ ითამაშოს ან თავად უფრო დამძიმდესო? არადა, ბიჭმა ძლივს ხმა ამოიღო... გოდერძი მაინც დათანხმდა და ლუკას სხვა ბავშვებთან ერთად სასინჯი კადრებიც გადაუღეს. სამხატვრო საბჭომ არც იცოდა, გოდერძის შვილი რომ იყო და ერთხმად სწორედ ლუკა ჩოხელი მოიწონა. ლუკამ გოდერძის უთხრა, მამა, 1-2 დუბლით გადამიღე, მეტს ვერ ვითამაშებო. მეტი, ფაქტობრივად, არც დასჭირვებია, თურმე. მან არათუ თავისი, სხვისი როლებიც ზეპირად იცოდა. ეს ბიჭი ყველას აოცებდა - გადაღებაზე სათქმელს უშეცდომოდ ამბობდა, მერე კი კვლავ დუმდებოდა. თავისი შესრულებით გოდერძიც კი გააოცა. ნინომ მითხრა, - ჯვრის ტარების ეპიზოდის გადაღებისას, მახსოვს, აივანზე ვიდექით მასწავლებლების როლის შემსრულებლები და ყველანი ვტიროდით: უმძიმესი საცქერი იყო ბავშვიო და დასძინა: - ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს იმ 7-8 თვის განმავლობაში, დამუნჯებული რომ იყო, შეუცნობლად, მაგრამ მაინც, ლუკა ამ როლისთვის ემზადებოდა. დასრულდა ფილმი და ისიც ერთბაშად ალაპარაკდაო.
"ლუკას სახარება" კომედია არ არის, მაგრამ სევდიანი და, ამავე დროს - იმედიანი ფილმია. ხომ გახსოვთ ფინალი? - ობოლ ლუკას სკოლიდანაც აგდებენ და გამზრდელი ბებიაც უკვდება, მაგრამ ამ მომენტში მანამდე გაჭირვების გამო გაყიდული საყვარელი ხარი - ნიკორა უბრუნდება და ბედნიერი ბიჭი ხართან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს: ორივენი ვიმუშავებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. საოცარი იყო, გოდერძიმ იმედისა და სიძლიერის სიმბოლოდ ფილმში ხარი რომ გამოიყვანა და არც იცოდა, რომ იესო ქრისტეს მოციქულის - ლუკას სახარების სიმბოლოც სწორედ ხარი იყო. ეს მან ფილმის ნახვის შემდეგ უწმინდესისგან შეიტყო. გოდერძი ისეთი გრძნობების კაცი იყო, აშკარად, ქვეცნობიერად შეარჩია ხარი - მის ცხოვრებაში ასეთი უცნაური ამბები ძალიან ხშირად ხდებოდა!
პ.ს. ლუკა ჩოხელმა მიამბო: - გოდერძის საფლავის ქვას რომ ვაკეთებდი, დამესიზმრა თუ გამომეცხადა. ვკითხე: მამა, საზვერეები როგორ გაიარე-მეთქი? კარგად გავიარე, წინაპრები მეგებებოდნენ, მართალი გოდერძი მოდისო. - მამა გაბრიელი დაგეხმარა-მეთქი, - ჩავეკითხე და, - მამა გაბრიელიც და წინაპრებიცო, - სიხარულით მეუბნებოდა, მე კი ვხვდებოდი, ეს ხილვა მალე დასრულდებოდა... და ასეც მოხდა. ერთხელ კიდევ "შევხვდი" ამგვარად და ვკითხე: არ შეიძლება, სულ ასე გაგრძელდეს-მეთქი? - არაო, - ღიმილით მიპასუხა, - მაგრამ შენ ამას ვერ ჩაწვდებიო... გოდერძის ძალიან უნდოდა, დედამისის საფლავის ქვაზე თავისი საყვარელი ფრაზა წაეწერა, მაგრამ არ დასცალდა... ის სიტყვები მერე მისი საფლავის ქვას წავაწერე: "რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, არყოფნის სევდა"...
კვირის პალიტრა