თუ ინდოეთის დათვალიერება გადაწყვიტეთ, ეს ის 9 ტაძარია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

02 May 2021 17:33

კანჩიპურამი, ტამილ ნადუს შტატში, ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ქალაქია სამხრეთ ინდოეთში – იგი მეორე უწმინდესია ქალაქ ვარანასის შემდეგ. ცნობილი, როგორც “ათასი ტაძრის ქალაქი”, კანჩიპურამი მნიშვნელოვანი წმინდა საპილიგრიმო ადგილია ინდუსებისთვის. ხალხი შორიდან ჩამოდის ამ ჯადოსნური, ქვაში ნაკვეთი ეტლებისა და აკლდამების სანახავად. არჩევანის მრავალფეროვნების მიუხედავად, ქალაქში ეწყობა ტურები, რომელთა პროგრამაშიც ქალაქის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი ტაძრები შედის.


მაშ ასე, თუ ამ ქალაქში მოხვდებით, თქვენ უნდა ნახოთ

1. ტაძარი ეკამბარესვარარი


შივას ხუთი უმთავრესი სალოცავიდან ერთ-ერთი, ეკამბარესვარარის ტაძარი 10 ჰექტარზეა გადაჭიმული, რაც მას ქალაქის უდიდეს სალოცავად აქცევს. მისი ორიგინალური სტრუქტურა შექმნა პალავას დინასტიამ მეექვსე საუკუნეში, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი მან ტანჯორე ნაიაკის მმართველობის დროს განიცადა. ამ პერიოდში, გოპურამი – სადარაჯო კოშკი, რომელიც 59 მეტრის სიმაღლისაა(ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი) აშენდა. ეკამბასვარარის ტაძარი მასპინძლობს ყველაზე მთავარ რელიგიურ ფესტივალს კანჩიპურამში – ათდღიან ბუფონადას, ცნობილს, როგორც პანგუნი ბრაჰმოცავამი, რომელიც მარტიდან აპრილამდე გრძელდება.


2. ტაძარი კანჩი კაილასანათარი


ეს ყველაზე ძველი ტაძარია. იგი მიეძღვნა ღმერთ შივას და ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია პალავას დინასტიის არქიტექტურისა. ტაძარში არსებულ განცალკევებულ, წმიდათა წმიდა ოთახში ინახება უნიკალური, 16-მხრიანი შივალინგა(ღმერთ შივას სიმბოლო), გამოკვეთილი შავ გრანიტში. თუმცა, ამ შენობის ყველაზე თვალწარმტაცი ატრიბუტია მისი ქვე-ტაძრები უამრავი სვეტით, რომლებიც გაფორმებულია ნაკლებად მნიშვნელოვანი ღვთაებების სკულპტურებითა და რელიეფებით.

3. ტაძარი კანჩი კამაქში ამმანი



როგორც კანჩი კამაკოტი მუტის(გავლენიანი რელიგიური ინსტიტუცია) თაყვანისცემის მთავარი ადგილი, კამაქში ამმანის ტაძარი კანჩიპურამის რელიგიურ მემკვიდრეობასთან ყველაზე უფრო დაკავშირებული ნაგებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კონსტრუქციის შესახებ დეტალები უცნობია, მისი ორიგინალური სტრუქტურა პალავას მეფეებს მიეწერება. ამ ტაძრის ისტორია მდიდარია მითებითა და ლეგენდებით, ხშირად, დაკავშირებული ადი შანკარასთან – კამაკოტი მუტის წმინდან მფლობელთან. ტაძარში ყოველწლიური ფესტივალი ტარდება მასის თვეში(ტამილის კალენდრით, თებერვალსა და მარტს შორის) და მას წინ უძღვიან ფანფარას დამკვრელები. ეს ფესტივალი მოიცავს რამდენიმე საუკუნის წინანდელ თერ-ვიჟას(ეტლების ფესტივალის) კოსტუმებს. ტაძარი გარშემორტყმულია კანჩიპურამის ყველაზე ხალხმრავალი ბაზრით, სადაც ყველაფერი იყიდება, დაწყებული საკვებით, დამთავრებული ტანსაცმლით.


4. ტაძარი ვარადარაჯა პერუმალი


ვარადარაჯა პერუმალი კანჩიპურამში ვაიშნავიზმის მიმდევართა რჩეული ტაძარია. ღმერთ ვიშნუსადმი მიძღვნილი, იგი ერთ-ერთია 108 დივია დესამთაგან, რომლებიც ვაიშნავიტურ ტაძრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე წმინდაა, რამდენადაც, ლეგენდის მიხედვით, ისინი თორმეტმა ალვარმა მოინახულა. მასზე 350-მდე წარწერაა, მიძღვნილი სამხრეთი ინდოეთის თითქმის ყველა ძირითადი დინასტიისადმი. ტაძრის ყველაზე თვალშისაცემი არქიტექტურული მახასიათებელია “100-სვეტიანი დერეფანი”, რომელშიც ინდუიზმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ღმერთების რელიეფური და სკულპტურული გამოსახულებებია.


5. ულაგალანთა პერუმალის ტაძარი


ამ, შედარებით, პატარა ტაძრის სახელი ვამანას, ღმერთ ვიშნუს მეხუთე ინკარნაციას უკავშირდება. ვარადარაჯა პერუმალის მსგავსად, ეს ტაძარიც ერთ-ერთია 108 დივია დესამთაგან. მისი მახასიათებელია ტრადიციული დრავიდიური არქიტექტურული სტილი და მოხსენებულია ტამილის ლიტერატურულ ნაშრომებში, დათარიღებული მეექვსე საუკუნით. ტაძარი ათობით ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს, მათ შორის ყველაზე ცნობილია ბრაჰმოცავამი და თერ-ვიჟა.

6. ტრილოქიანათას ტაძარი



ჯაინიზმის მიმდევართა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი კანჩიპურამში აშენებულია პალავას დინასტიის დროს. ის ერთ-ერთი იშვიათთაგანია ჯაინის ტაძართაგან, რომელსაც ახასიათებს დომინანტური დრავიდული სტილი და ცნობილია კედელზე არსებული დახვეწილი ნახატებითა და წარწერებით, რომლებიც აღწერს ინდუიზმის ღმერთ კრიშნასა და ჯაინიზმის სხვა მნიშვნელოვანი ღვთაებების ცხოვრებას.

7. ტაძარი ჩიტრაგუფთა სვამი



ეს ტაძარი მიძღვნილია ჩიტრაგუფთას – მეორეხარისხოვანი ღვთაებისა და იამას, სიკვდილის ღმერთის, ასისტენტისადმი. ეს კანჩიპურამის ერთ-ერთი უმთავრესი ტაძართაგანია, რომლის კონსტრუქციასაც ჩოლას დინასტიას მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი შედარებით მცირე ზომისაა, უდიდესი რაოდენობით ტურისტებს იზიდავს, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ადგილიდან აკვირდება ჩიტრაგუფთა ადამიანთა ქცევებს.

8. სათიანათესვარარის ტაძარი


ეს მეშვიდე საუკუნის ტაძარი კანჩიპურამის ძირითად ტაძრებს შორის ყველაზე პატარაა, ფარავს 2290 კვადრატული მეტრის სივრცეს, თუმცა, მას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს როგორც ისტორიულ, ისე რელიგიურ ასპექტში. იგი მიძღვნილია ღმერთ შივას ერთ-ერთი ფორმის, სათიანათესვარარისადმი, და შაივას ტრადიციას მისდევს. ტაძრის მთავარი გოპურამი სამ იარუსადაა აშენებული და შეიცავს წმიდათა წმიდა ოთახს, რომელშიც გრანიტში გამოკვეთილი ლინგამია მოთავსებული. სათიანათესვარარის ტაძარი, ასევე, შივას 275 ტაძართაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ნახსენები ტამილ შაივიტეს კანონებში.

9. აშტაბუჯაკარამის ტაძარი



აშტაბუჯაკარამის ტაძარი კანჩიპურამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვაიშნავიზმის თაყვანისმცემლებისთვის. ტაძრის თანამედროვე ფორმა პალავების, ჩოლასა და ვიჟაიანაგარას დინასტიების არქიტექტურული სტილების ნარევს წარმოადგენს. მისი ყველაზე ცნობილი მახასიათებელია ტაძრის გუბურა, მოთავსებული მის კედლებს შორის, რომელიც დაკავშირებულია გაჯენდრა მოკშას მითთან. ამ ტაძართან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა ვაიკუნტა ეკადასის ათდღიანი ფესტივალი, რომელიც დეკემბერში ტარდება და ვაიშნავიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივლად ითვლება.


ყოფილხართ ინდოეთში? რომელი ტაძრები მოინახულეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.


martivad.com




კომენტარები:

ფართი შოპი