რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული მაგდა ანიკაშვილი ვირუსის მიმდინარეობაზე, სიმპტომებსა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე

05 May 2021 10:12

ჟურნალისტმა, „იმედის ფაქტორის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, მაგდა ანიკაშვილმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონაცირუსი დაუდგინდა, გადაცემის პირდაპირ ეთერში ჩართვისას ვირუსის მიმდინარეობაზე, სიმპტომებსა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.


„ჩემი მდგომარეობა, შეიძლება, შეფასდეს, როგორც მსუბუქი მიმდინარეობის. ახლა უკეთ ვარ. თავიდან, ასე არ იყო... ყველაფერი ძალიან მაღალი სიცხით, კუნთების, სხეულის ტკივილით დაიწყო და მივხვდი, რომ შეიძლება, ეს COVID-19 ყოფილიყო. ტესტმა ეს დამიდასტურა. სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მეგონა, რომ ფრთხილი ვიყავი. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, რომ პირბადესთან, ხელის ხშირ დაბანასთან, დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემესრულებინა, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ეს ჩემთვის ნიშანია, რომ არავინ არაა დაზღვეული. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავიდანვე ჩავერთე სამედიცინო სისტემაში; ძალიან ყურადღებით, სწრაფად, ოპერატიულად მოქმედებენ. შედარებით მსუბუქი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მკურნალობა არ მაქვს დანიშნული. 

ჯანსაღი კვება და ბევრი სითხე, აუცილებლად - წყალი, ძალიან მნიშვნელოვანია. 


ფსიქოლოგიურად, ესაა დამთრგუნველი შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, რეალურად, საქმე მაქვს ძალიან ვერაგ დაავადებასთან, რომელიც არაპროგნოზირებადია და არ იცი, როგორ შეიძლება შემოტრიალდეს ყველაფერი. ვაქცინაციას რაც შეეხება; მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ასაკობრივი ზღვარის მოხსნას ელოდებოდა და იმედი მქონდა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც აიცრებოდა. ისე მოხდა, რომ ალბათ, ახლო მომავალში არ მომიწევს. სპეციალისტები ძალიან კარგად გვიხსნიან ვაქცინაციის აუცილებლობას. თუ ადამიანს აქვს მოსმენის სურვილი და გაგების უნარი, ჩვენი პროფესიონალები ამას ძალიან კარგად ხსნიან. არავინ არაფერს არ მალავს. 


დღეს დამალვა წარმოუდგენელიცაა - ამ ინფორმაციის ნაკადში. მაგიდაზე დევს ვაქცინაციის რისკებიც, სარგებელიც და წარმოუდგენელია, როგორ უნდა თქვას ამ შესაძლებლობაზე უარი საღი აზრის მქონე ადამიანმა, რათა დასრულდეს ეს ძალიან მძიმე პერიოდი. ასე რომ, აიცერით“, - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი