აცრილი მომხმარებლისთვის რესტორნებმა შესაძლოა, ფასდაკლება შემოიღონ

05 May 2021 20:45

ტურიზმის დარგში მოქმედი ასოციაციის ხელმძღვანელები ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მედეა ჯანიაშვილს შეხვდნენ. მთავარი თემა დარგში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია იყო.


როგორც რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ინდუსტრიაში დასაქმებული პირების ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება, აცრის მსურველები კი რეგისტრაციას ხვალიდან სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეძლებენ.


გარდა ამისა, იგი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც აცრილი მომხმარებლის წახალისებას გულისხმობს. 


"ისინი ვინც აიცრებიან, გარკვეულ ბენეფიტებს მიიღებენ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო კომპანიებისგან. ჩემი ინიციატივა იყო, რომ კონკრეტულად, რესტორნების შემთხვევაში, აცრილ მომხმარებელს, იქნება ეს რესტორნებში დასაქმებული პირი თუ სხვა მოქალაქე, გარკვეული ფასდაკლება შევთავაზოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ბენეფიტების იდეა არსებობს და ისინი ამ ბენეფიტებზე მუშაობენ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.


სექტორისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია და მათ მინისტრთან ეს საკითხიც დააყენეს.


„იმ შემთხვევაში თუ კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება, ვაქცინაციას აზრი არ ექნება. სახელმწიფო ამ საკითხებზე დადებით პასუხს გვაძლევს და გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე მუშაობენ, თუმცა შედეგი ყოველთვის იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე ვინმე რაიმე განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი