ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

07 May 2021 00:23

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.


მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.


„დღეს ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. 


ეს 2 პარტია კოალიციურ მთავრობას ქმნის გერმანიაში. ვისაუბრეთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. გერმანულ მხარეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ის პრობლემები, რაც საქართველოს აქვს. 


ისინი აცნობიერებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოსთვის აღარ არის საკმარისი და მიმზიდველი ინსტრუმენტი და ჩვენ ვისაუბრეთ ახალი მექანიზმების შექმნაზე. 


ეს საჭიროა საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად. მოვიყვანეთ ბალკანეთის მაგალითიც. ნატოსთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. ხაზი გაესვა, რომ დროა საქართველომ გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი წინ წევრობის გზაზე. ვთხოვეთ, რომ ნატოს სამიტზეც აქტიურად დააყენონ ეს საკითხი. 


შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია. გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. თითქმის ყველა დეპუტატს, ვისაც შევხვდით სიღრმისეული ცოდნა აქვს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ძალიან კარგია და ძალიან გვახარებს. ეს თვალნათელი ნიშანია, რომ გერმანიისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ პარტნიორებს ძალიან ღიად ვესაუბრეთ იმაზე, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არათუ ახლა, არამედ რამდენიმე წლის წინაც უნდა მიეცათ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი