მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიამ პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ინციდენტები, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ - მისი მერობის კანდიდატად დასახელება ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება

07 May 2021 14:40

მელიას ციხეში ყოფნა აღარც საქართველოს იმიჯს აზიანებს, აღარც რომელიმე პოლიტიკური პარტიისას. ამისგან პოლიტიკურ პატიმრობას ვეღარ გამოიყვანენ, რამდენიც არ უნდა ეცადონ, ტყუილად აწვალებენ იმ ადამიანს, რომელიც ციხეშია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, რაც მალე დათანხმდება მელია გირაოს თუ ამნისტიას, მისთვისვე იქნება უკეთესი.


„დარწმუნებული ვარ, ეს სიჯიუტე ამნისტიის და გირაოს მიმართ აბსოლუტურად უსარგებლოა მისთვისვე. რაც სწრაფად მიიღება ეს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა შემთხვევაში დადგება, უბრალოდ დროის რა მონაკვეთში, ეს მასზეა დამოკიდებული. ამიტომ რაც მალე აიღებენ ხელს ამ ჩემი აზრით, ხელმოცარვისთვის განწირულ გეგმაზე, თითქოსდა პოლიტიკური პატიმრობის მოტივით იმყოფება ნიკა მელია ციხეში, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს მათთვისვე,“ - განაცხადა სარჯველაძემ.


ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მელია ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი იყოს და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება.


„ბატონმა ნიკამ თავის პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ინციდენტები და ფაქტები, რომელიც სერიოზულად ხელს შეუშლის მას, ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატად, მათ შორის იყო ფაქტები, რაც მიმართული იყო კანონმდებლობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამდენად არ მგონია ამან მისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ამომრჩევლის თვალში ეს არ დარჩება უყურადღებოდ. შესაბამისად, არ მგონია, რომ განსახილველი იყოს ის, როგორც სერიოზული კანდიდატი. ეს ოპოზიციის მხრიდანაც შეცდომა იქნება, ჩემი აზრით,“ - განაცხადა სარჯველაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი