“გაიზარდა სიღარიბე ბავშვებში, 192 962 ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს” – თეონა ჭალიძე

07 May 2021 16:48

ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობის ზრდის ტენდენციის თაობაზე საუბრობს პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე და მთავრობას კონკრეტული ნაბიჯებიც გადგმისკენ მოუწოდებს:


,,ქვეყანაში ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 192 962-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ყველა რეგიონში. თბილისში 11 340-ით.


თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა საარსებო შემწეობის ოდენობა (მაქსიმუმ 60 ლარია, ბავშვების შემთხვევაში დამატებით 50 ლარი, საიდანაც რიგ მუნიციპალიტეტებში 30 ლარი კვების ბარათზე ირიცხება) ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს. საკვებ პროდუქტზე არსებული ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე აისახება.


აუცილებელია მთავრობამ იზრუნოს ამ მიმართულებით და დღის წესრიგში დადგეს ე.წ. ,,ახალი ღარიბების“ საჭიროებების შესწავლაც და ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.



 


კომენტარები:

ფართი შოპი