რატომ ხმას არ იღებენ იმ უსამართლობაზე, რომელსაც მდიდრები სჩადიან საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტის მიმართ? – კაკაბაძე ვასაძეს

07 May 2021 19:43

მწერალი ირაკლი კაკაბაძე ლევან ვასაძეს ღია წერილით მიმართავს:


„ჩემო საყვარელო ადამიანო და ძვირფასო კაცო ლევან, გუშინ დიდი ყურადღებით ვუსმინე შენს გამოსვლას ირაკლი იმნაიშვილთან და მინდა როგორმე ხმა მოგაწყვდინო.


ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მთლად ადვილი არ არის და გადავწყვიტე ღიად მომეწერა.


ეს წერილი არც ჩასაფრებული კაცის წერილია – და არც რომელიმე „აღშფოთებული ნეოლიბერალის” – ამას კარგად მიხვდები. მე ყველაფერი კარგად მახსოვს და ზედმიწევნად კარგადაც – 1987 წლიდან დაწყებული დღემდე. 

და ცხადია, შენში შენს გაქანებას და ნიჭს და ბევრს სხვა ღირსებას ვაფასებ ძალიანაც.


იმასაც ვაფასებ, რომ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინე და მადლობელი ვარ ამაზე და ისიც მახსოვს რომ 2002 წელს ეკლესიაში მეუფე შიოსთან შენი მიბრუნება სწორედ ჩემი დის ხელით მოხდა – და ამასაც ვაფასებ.


შენი გუშინდელი ინტერვიუ ირაკლი იმნაიშვილთან ყურადღებით ვნახე. ძალიან საინტერესო პასუხები გქონდა – შენ კარგად იცი რომ ბევრ რამეში გეთანხმები. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია კარგად ვიცნობთ და ვიცით ერთმანეთის მოსაზრებები კარგად.



ეს ის სურათია 1998 წლის დასაწყისში პატრიარქთან ერთად რომ გადავიღეთ მთელმა ექვსეულმა – და მაშინ ბევრ საინტერესო საკითხზე იყო ლაპარაკი. მათს შორის ადამიანების გაჭირვებაზეც – თუმცა ეს პრობლემა 1988 წელს გაცილებით ნაკლებად იდგა, ვიდრე დღეს.


სწორედ საქართველოს „სუვერენობისთვის“ ვიბრძოდით მაშინ 1988 წელს ზვიადთან, მერაბთან და ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. და ამ გაუთავებელმა „სუვერენიზაციამ“ სადამდე მიგვიყვანა – ამას ჩვენ ორივენი კარგად ვხედავთ დღეს, როდესაც იმ შეხვედრიდან 33 წელი გავიდა – მთელი ქრისტეს სიცოცხლე.


მომძლავრდა „იდენტობის პოლიტიკა“, ნაციონალიზმი, ფაშიზმი და ნეოლიბერალიზმი – რაზეც შენ ასე კარგად საუბრობდი. 

ვესტფალიის ხელშეკრულებაც გაიხსენე 1648 წლიდან, რომელმაც ევროპაში დასაბამი მისცა „ერი-სახელმწიფოს“ სისტემას – და რომელსაც ცალსახად პოზიტიური შეფასება არა აქვს – ბევრი მკვლევარი და მოაზროვნე ადამიანი, მათს შორის ნამდვილი მორწმუნე ქირისტიანიც „ერი-სახელმწიფოს“ ფენომომენს თვლის სწორედ ფაშიზმის ამოსავალ წერტილად. 

თორემ პატრიოტიზმი დავით აღმაშენებლის დროსაც იყო – დიდგორის ომში რომ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და ბასიანის ბრძოლის დროსაც – ახლა რომ კრძალავენ დღევანდელი ცენზურის წარმომადგენლები ამ თარიღების ხსენებას.


ცხადია, ერისათვის დამოუკიდებლობა ჩვენთვის წმინდა მიზანი იყო და არის კიდეც – მაგრამ ვესტფალიის მოყვანა იდეალური წესრიგის მაგალითად – და კარდინალი რიშელიესა და მისი თანამოაზრეების მიერ ჩამოყალიბებული ‘ერი-სახელმწიფოების‘ სისტემას მოჰყვა ზუსტად არა მარტო ქართველების გენოციდი 1993 წელს, არამედ ჰოლოკოსტიც და სომეხთან გენოციდიც 1915 წელს და ბევრი სხვა მეტად ბარბაროსული მოვლენა, რომელიც საკმაოდ ცივილიზებულმა ერებმა ჩაიდინეს. სრულებით გეთანხმები იმაში, რომ ნამოხვანის ჰესის მშენებლობა დღეს არის დანაშაული – და იმაშიაც რომ არ შეიძლება ისტორიული ტრავმების მოუშუშებლად მიჩქმალვა, რასაც დღევანდელი ნეოლიბერალური პროპაგანდა ცდილობს. 


საქართველოს ნამდვილად აქვს ისტორიული ტრავმები მიყენებული ისტორიულ წარსულში, რომელსაც მართლა დიალოგის წესით სჭირდება მოშუშება ყველა ჩვენს მეზობელთან თუ დამპყრობელთან. ამაში აბსოლუტურად გეთანხმები – თურქეთთანაც, რუსეთთანაც, ირანთანაც, არაბეთთანაც (იქ ბევრი სახელმწიფოა და თითოეულ მათგანთან), და სხვებთანაც. ამაშიც სრულიად საღად მსჯელობ.


თუმცა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში ვერ დაგეთანხმები. ცხადია, მემარცხენე და მემარჯვენე და ლიბერალური თეორიები საოცრად ნაკლულები აღმოჩნდნენ ოცდამეერთე საუკუნის გადმოსახედიდან – ფაშიზმი, ლიბერალიზმი და ბოლშევიზმი – სამივე მათგანი მკვლელი სისტემაა. თუმცა, სუფთა ქრისტიანული თვალსაზრისით არსებობს უფრო ჰუმანური სისტემები – სადაც ასეთი დიდი სხვაობა არ არის მდიდრებსა და ღატაკებს შორის. 


ეს არის ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, კაბადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ასე შემდეგ. ანუ მეოცე საუკუნეს მარტო ბოროტება არ მოუტანია. მარქსისტი თვით მარქსიც არ იყო – ეს ალბათ შენ კარგად მოგეხსენება და რაც შეეხება ბერნსტაინის სოციალ-დემოკრატიას, რომელიც ჩრდილო ევროპის ქვეყნებში დაინერგა თავიდან და მერე თანდათანობით მთელს დასავლეთ ევროპაში გადავიდა – მაინც ყველაზე უფრო ჰუმანურ სისტემად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ერთი. 


მეორე, თვითონ ჩვენი ქვეყანა, საქართველო მსოფლიოში პირველი სოციალ დემოკრატიული ქვეყანა იყო – და ის არ იყო ცალსახად მარქსისტული, მიუხედავად იმისა რომ მარქსი იმ დროს ძალიანაც მოდაში იყო.


შენ მსოფლიოს ძალიან ბევრ მწვავე და მტკივნეულ პრობლემაზე საკმაოდ მომაგრებული ცოდნით ლაპარაკობ – თუმცა ერთი ფაქტი გრჩება – რაზეც მე და შენ ხშირად გვიკაკამთია კერძო საუბრებში და შენც გიხსენებია. სოციალური სამართლიანობის პირველი და ყველა პრინციპული ქადაგი ამ ქვეყანაზე კარლ მარქსი არ იყო – ეს იესო ქრისტე იყო. სწორედ მან თქვა და გააკეთა ბევრი ისეთი რამე, რაც შემდგომ ეგრეთწოდებულმა „მემარცხენეებმა“ აიღეს იარაღად თავის იდეოლოგიებში. სწორედ იესოს ქრისტეს ნათქვამია – და ამ ნათქვამისა ბოლომდე უნდა გვწამდეს ყველას თუ გვინდა რომ მორწმუნეები გვერქვას – მდიდარს კაცს უფრო გაუჭირდება ცათა სასუფეველში შესვლა, ვიდრე აქლემს ნემსის ყუნწსში გაძრომაო. აი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენი დღევანდელი პრობლემებისა. შენ ძალიან ერიდები სიტყვა „ბურჟუას“, რომელიც კარლ მარქსს და მარქსისტებსაც კი სულ არ ეკუთვნის. 


ამ სიტყვას ბევრი სხვა ადამიანიც იყენებდა, მათს შორის კონსერვატორებისთვის სათანყვანებელი არისტოკრატებიც. და გუსტავ ფლობერიც, რომელიც „ბურჟუას“ სულიერ განზომილებაში ახასიათებდა. გამდიდრების და პერსონალური წარმატების მიღწევის სურვილით დაბრმავებული ადამიანის არსს გამოხატავს ეს – არა მხოლოდ უკვე გამდიდრებულს. ბურჟუა მატერიალიზმი არაფრით გახლავს მარქსისტულ „დიალექტიკუ მატერიალიზმზე“ ნაკლები უბედურება. უფრო მეტიც.


თვით ჯორჯ სოროსმაც კი აღიარა რომ ეს ნეოლიბერალური და ბიოპოლიტიკური მატერიალიზმი საბჭოთა ტიპის მატერიალიზმზე ბევრად უფრო ყოვლისმომცველი და სახიფათო აღმოჩნდა მთელი კაცობრიობისათვის. 


ამ „ბურჟუა მატერიალიზმმა“ დაიწყო ის დიდი უბედურებები, რომლებზეც შენ ლაპარაკობ – ბუნების გაჩანაგება, ადამიანების ამოწყვეტა (და არა მარტო აბორტების საშუალებით, პირდაპირი ბარბაროსული ომებითაც და შიმშილითაც), ადამიანის განმარტოვება და განსულიერება – ყველაფერი ეს ახალი დროის მოტანილი უბედურება – და დიახაც ამ უბედურებას დღეს ნეოლიბერალიზმი ჰქვია. თუმცა, შენ ამ ნეოლიბერალიზმის საპირწონედ „კონსერვატიზმი“ მოგყავს. რაც მე სამწუხაროდ დიდ შეცდომად მიმაჩნია – მიუხედავად იმისა რომ ბატონ დუგინს საერთოდ არ ვიცნობ. 


ჩვენ ამერიკაში დაახლოებით ერთ დროს ჩავედით – 1990 წელს – კარგად მახსოვს მაშინ კაპიტალიზმის სასწავლად იქ ჩასულები იყავით ქართული კაპიტალიზმის მამები – შენ და ჩვენი საერთო მეგობარი ლადო გურგენიძე, რომელიც მერე, 2008 წლის ომის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრიც იყო.


დღევანდელ ნეოლიბერალებს – ორთავეს კონსერვატორებსა თუ ლიბერალებს – მომარჯვებული აქვთ მარქსის და მარქსისტების სახელი, როდესაც ვიმნე დაპირებს სოციალურ თანასწორობაზე ლაპარაკს – იმაზე რომ ღმერთი ამ ქვეყნად ყველას თანასწორად აჩენს. 

მე კი იესო ქრისტეს მოვიყვან ჩემს მაგალითად – არ მჭირდება არც მარქსი, არც პრუდონი, არც ლუის ალთუსერი, არც ჟაკ რანსიერი, არც თეოდორ ადორნო, არც ჰერბერტ მარკუზე, და არც თვით სლავოი ჟიჟეკი..


დღევანდელმა ‘ბურჟუა ცივილილიზაციამ. ბევრი ტექნიკური წინსვლა მოიტანა –როგორც ჟიჟეკი ამბობს მიკრო-მოლეკულარულ დონეზეც და კოსმოსის გარღვევის დონეზეც ბევრი გასაოცარი აღმოჩენაა – ისიც კი თავისუფლად ხერხდება, ჩემო ლევან რომ კაცი ქალად გადაკეთდეს და ქალი კაცად. მაგრამ, სრულიად უაზროდ, დღეში შიმშილით რომ 160 ათასი კაცი კვდება და ახლა პანდემიით არც თუ ბევრად ნაკლები – ამაზე რატომ ‘სდუმს მეცნიერება’? (ეს ვლადიმირ ვისოცკის სიმღერიდან გახლავს კითხვა მოგეხსენება). რატომ არის რომ კონსერვატორები და ლიბერალები – ორივენი ხმას არ იღებენ იმ საშინელ სოციალურ უსამართლობაზე, რომელსაც მდიდრები სჩადიან დღეს მსოფლიოს (და საქართველოს) მოსახლეობის 95 პროცენტის მიმართ?


და ბოლოს: ქრისტესი არ იყოს, როდის გვანახებს დღევანდელი არაჩვეულებრივი „ბურჟუა მატერიალისტების ცივილიზაცია ნემსის ყუნწში გამძვრალ აქლემს“ – ასეთი გასაოცარი პლასტიკური ოპერაციების დროს, რაღაც აღარც ეგ უნდა იყოს მთლად შეუძლებელი?! 

თუ მაინც მართალია იესო ქრისტეს ის სიტყვები რომ მდიდარი კაცისთვის რთულია ცათა სასუფეველში შესვლა? და ისიც მართალია მე მგონი რომ მთელი მსოფლიო და სამყარო ღმერთის ტაძარია – და ამ ტაძრის ბაზრად ქცევა რომ ღმერთის წყრომას იმსახურებს – ამასაც წყალი არ გაუვა.


მე არ ვიცი როდის მოგვეცემა პირისპირ საუბრის საშუალება – მითუმეტეს ახლა მე კოვიდ19-ს ვებრძვი – და ეს შეკითხვები მაინც გამიჩნდა შენი ძალიან საინტერესო და ნამდვილად კარგად არგუმენტირებული საუბრის შემდეგ.


მინდა ყველაფერი კარგი გისურვო, ჩემო ძვირფასო და საყვარელო კაცო – მართლია ძალიან დიდი ხანია არ მინახიხარ – მაგრამ იმედი მაქვს რომ პასუხები გექნება ჩემს და არა მარტო ჩემს კითხვებზეც. დიდი სიყვარულით და პატივისცემით, მარად შენი, ირაკლი კაკაბაძე“


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი