ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო - მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა

08 May 2021 09:48

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო - მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.


იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და კანონებზე ვეტოების დადებას დაიწყებს.


ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას სულ მცირე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდასთან დაკავშირებულ პროექტზე გამოიყენებდა.


დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უფლებრივი თვალსაზრისით მდგომარეობას აუარესებს, რადგან საჯარიმო სანქციები იზრდება და თუ აქამდე მოსამართლეს ერთ ან 2-დღიანი პატიმრობის გამოყენება შეეძლო, ახლა 5-დღეზე ნაკლებს ვეღარ გამოიყენებს.


სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო შემდეგი: - პრივილეგია ბოლოჯერ მოგეცით და ამის შემდეგ ასეთი რამ აღარ იქნება! მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ ის ასე მარტივად, ასეთ ცვლილებებს “ქართულ ოცნებას“ აღარ გაუტარებს. აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდებოდა, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის კონტექსტში ვიმყოფებით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას". თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.


„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





კომენტარები:

ფართი შოპი