"პირველი შვილი ძალიან ახალგაზრდას შემეძინა და ვთვლი, რომ არ ვიყავი მზად მამობისთვის..." - მიშა ცაგარელი შვილების აღზრდასა და ასტროლოგიის როლზე ოჯახში

08 May 2021 11:50

ცნობილ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ორი შვილი ჰყავს - 40 წლის ვაჟი და 23 წლის ქალიშვილი. თავად დედისერთაა. შვილიშვილები ჯერ არ ჰყავს. ინტერვიუდან, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ეხება, მის მოსაზრებებთან ერთად ასევე გაიგებთ, რატომ არის სასურველი, მშობელმა იცოდეს ბავშვის თვისებები ზოდიაქოს კუთხით.



- მშობლები უფრო მეგობრები იყვნენ თქვენთვის თუ დამრიგებლები?


- მამაჩემი კრიტიკოსი იყო. რაც არ მოსწონდა ჩემში, იმაზე ყოველთვის მაკრიტიკებდა, თუმცა მისმა კრიტიკამ ბევრი დადებითი რამ მომცა. როცა ასტროლოგიით და ეზოთერიკით დავინტერესდი, მატერიალისტური ხედვის და კომპარტიის წევრი მამასთვის ეს წარმოუდგენელიიყო და ამას ფუტურიზმს ეძახდა. 


მივხვდი, რომ მისნაირ ადამიანებთან ხშირად მექნებოდა ურთიერთობა და უნდა მცოდნოდა, როგორ მელაპარაკა მათთან. მამასთან ძალიან მკაცრი სკოლა გავიარე. მამაჩემი მეუბნებოდა - ის, რაც ჩასმული არ არის ფორმულაში, ე.ი. რისი დამტკიცებაც არ შეგვიძლია, ყველაფერი ტყუილია. ფიქრისა და ანალიზის შემდგომ, პოზიცია გავიმყარე და თანდათან ვგრძნობდი, რომ მამა იბნეოდა ხოლმე ჩემი კითხვებიდან და პასუხებიდან გამომდინარე. მაგალითად, ვეკითხებოდი: სიყვარული არსებობს? - კი, - მპასუხობდა. მე ვაგრძელებდი: ჩამისვი ფორმულაში, ან ხელში დამაჭერინე. ანდა, - ინტუიცია არსებობს? კიო, - ამბობდა, მაგრამ სად არის ფორმულა-მეთქი? აქ უკვე მამაჩემიც ფიქრობდა, რომ რაღაცა ისეთიც არსებობს, რასაც ფორმულაშივერ ვსვამთ. ადამიანს მატერიალური სხეულის გარდა, ზედა ექვსი სხეული აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა მათ თავისი კანონები და წესები აქვთ. ისევე როგორც, უფალი შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ არსებობს თავისი დიდი ენერგიით.



დედაჩემს რაც შეეხება, ის იყო არა მარტო დედა, ჩემი ნამდვილი მეგობარი - აბსოლუტურად ყველაფერში გვერდით მედგა. მოსწონდა თუ არა, ყველა ჩემს წამოწყებას მაქსიმალურად მხარს უჭერდა.


- ხშირად გეფერებოდნენ?

- დედას ძალიან უყვარდა მოფერება, მამას - არა. ბებიამ იცოდა საოცარი მოფერება, დეიდამაც. შეიძლება ითქვას, სიყვარულის ზონაში გავიზარდე.



- სწავლას ვინ აკონტროლებდა?

- დიდი კონტროლი არ მჭირდებოდა, ძალიან მოწესრიგებული მოსწავლე ვიყავი. ხუთოსანი არა, მაგრამ, არც სამოსანი არასოდეს ვყოფილვარ. ცუდი ყოფაქცევაც არ მქონდა, მეტნაკლებად ჩემი საქციელი მშობლებს აკმაყოფილებდათ.



- როცა მამა გახდით, თქვენი მშობლების აღზრდის მეთოდებს იყენებდით?


- რასაკვირველია, შვილის გაზრდის სკოლას გადიხარ და შენი ბავშვობიდან რაღაცები გაგონდება. თუმცა, ერთი მომენტია - დიდი მნიშვნელობა აქვს წლებს და გამოცდილებას. მე მაგალითად, პირველი შვილი, ძალიან ახალგაზრდას (21 წლისა ვიყავი) შემეძინა და ვთვლი, რომ არ ვიყავი მზად მამობისთვის. რა თქმა უნდა, საჭირო რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ შინაგანი განცდა არ მქონდა. მრავალი წლის შემდეგ გოგონა დაიბადა, მაშინ ვიგრძენი - აი ახლა, მზად ვარ და ჩემი დამოკიდებულება ოჯახისა და შვილისადმი სულ სხვანაირი გახდა.



- ძიძების შესახებ რა აზრისა ხართ?

- ადრე, ჩემ დროს ასე მასობრივი არ იყო ძიძის თემა. გვყავდა ბებია, ან ვინმე ახლობელი, ვინც ბავშვს მოუვლიდა ან დაუტოვებდი. ძიძის შერჩევა გამართლებაზეა, კარგი ძიძა სასიკეთო როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. დღეს ცხოვრების დინამიკამ მოიმატა, ბევრი ახალგაზრდა ოჯახი ცდილობს, დამოუკიდებლად იცხოვროს. არის მომენტი, როცა ოჯახს სხვა ვარიანტი არა აქვს. შემოვიდა ევროპული ყაიდის ურთიერთობები და ამან გამოიწვია ძიძის ფაქტორის გააქტიურებაც. რასაკვირველია, ამას თავისი დიდი მინუსები აქვს. სად, როცა მშობელი ან შენი ნათესავი გზრდის და სად - მაინც უცხო ადამიანი. ძიძა დღეს არის, ხვალ არ იქნება და შეიძლება, საერთოდ ვერც ნახო. ის ყოველთვის იმდენს არ გააკეთებს ბავშვისთვის, როგორც შენი სისხლი და ხორცი.



- ბავშვის გათამამებას როგორ აფასებთ?

- ოო, ეს ბებიებისა და ბაბუების პრეროგატივაა. ისინი ბავშვებს ყოველთვის ათამამებდნენ. მოდი, ერთი რამ ვთქვათ - სამყარო არის კარგი და სწორია განვითარება მაშინ, როცა ადამიანი ყველაფერში იცავს ზომიერებას. თუ ჩვენ გათამამებაშიც ზომიერებას არ გავცდებით, პრობლემა არ გვექნება. კი ბატონო, გაათამამე, ოღონდ ზომიერად. თუ ზომიერებას ასცდი, აი მერე, მტრისას და ავისას. უბედურება იმაშია, რომ ზოგიერთი ვერ გრძნობს, სად არის ის ზომიერების წერტილი და შვილს უზომოდ ათამამებს, უკან დაბრუნება კი ძალიან რთულია.



mshoblebi

- თქვენს შვილებს ასტროლოგიურად უგეგმავთ დღეებს?


- საერთოდ არ ვესაუბრები ასტროლოგიაზე. მათ აბსოლუტურ თავისუფლებას ვუტოვებ, რადგან ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი შინაგანი მრწამსით. არავის არ უნდა მოახვიო თავს და არ უნდა აიძულო არაფერი. ჩემს შვილებს ვეუბნები, თუ დაგაინტერესებთ, აგერ ვარ!



- მერე, არ ყოფილა ინტერესი?

- მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე ვლინდება მათი ინტერესი. როცა მითქვამს - დღეს ახალი მთვარეა და ექიმთან არ წახვიდე, ან არ დაიწყო რაიმე საქმე - ამ კუთხით მიჯერებენ. მაგრამ, რომ ჩაუღრმავდნენ, ეს არა აქვთ. რა პრობლემაა, მე არ ვაძალებ. თუ ექნებათ ინტერესი, ხომ კარგი, თუ არა, ეგეც არაა აუცილებელი. ექიმების ოჯახში გავიზარდე და არასოდეს მედიცინის მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონია. ამათაც თავისი გზა აქვთ.



- შვილების გარდატეხის ასაკში ან საერთოდ, რამე სირთულე გქონიათ მათთან ურთიერთობისას? დღეს, რამდენად გახედებენ ისინი თავიანთ პრობლემებში?


- სირთულეები არც ბავშვობაში და არც ზრდასრულ ასაკში არ გვქონია. დღევანდელ სიტუაციაში ვგრძნობ, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ, თუ რაიმე წვრილმანია, მშობელს არ გაანდონ. წვრილმან საკითხებს თვითონ წყვეტენ. იმ შემთხვევაში, როცა მშობლის დახმარება სჭირდებათ და რაღაც უფრო დიდი პრობლემა არსებობს, თუმცა ასეთი ნაკლებად მახსენდება, რასაკვირველია, გვერდით დავუდგებით და ყველანაირად დავეხმარებით. არა, ამ მხრივ, ჩვენ არ გვაწუხებენ.


- რას უნდა ითვალისწინებდეს მშობელი შვილის ზოდიაქოს ნიშნის კუთხით?

- ბავშვის აღზრდის პროცესში ასტროლოგიური დეტალების ცოდნა სასურველია. მაგალითად, თუ გყავს ბავშვი სასწორის ზოდიაქოს ნიშანი, სამი ან ორი სახის საჭმელი ერთდროულად არ უნდა დაუდო მაგიდაზე. ის არის ლოგიკური აზროვნების მქონე და სვამს კითხვას - რომელი საკვებით დავიწყო. შენთვის გაუგებარია, რატომ ზის, უყურებს საჭმელს და არ ჭამს, ის კი ამ დროს ფიქრობს. ყოველთვის ვურჩევ მშობელს, ასეთ ბავშვთან ურთიერთობისას ჯერ ერთი სახის საკვები შესთავაზოს, შემდეგ - მეორე. 


თუ მაინცდამაინც სამი სახის საჭმელი დევს, უნდა აუხსნას, რომლით დაიწყოს და რითი გააგრძელოს. ბავშვი ამ არგუმენტაციას აითვისებს და მერე გაუადვილდება არჩევანის გაკეთება. 


მაგალითად კურო- ბავშვი, სურნელებას აქცევს დიდ ყურადღებას. შეიძლება ძალიან შიოდეს, შემოვიდეს სამზარეულოში, სუნი არ მოეწონოს და აღარ შეჭამოს. თქვენ ვერ მიხვდებით, რატომ არ ჭამს იმიტომ, რომ შეიძლება არ გითხრათ. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც კარგი იქნება, მშობელმა იცოდეს.


mshoblebi 






კომენტარები:

ფართი შოპი