რა იგეგმება გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით. სამინისტროს განმარტება

08 May 2021 14:00

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად, არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან გამართა მორიგი შეხვედრა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.


შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოს დროს დაშვებულ ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც შეხვედრაზე მიიღეს, ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენაა. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გაეგზავნება, რათა ის ამ მასალებს გაეცნოს და საქართველოში ვიზიტისთვის მოემზადოს.


შეხვედრაზე ასევე გადაწყვიტეს, შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას უზრუნველყოფს.


ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.


ამასთან, შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს, შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.


imedinewvs.ge




კომენტარები:

ფართი შოპი