გიგი წერეთელი - ნიკა მელიას ასეთ ვითარებაში ჩაყენება, არასწორია, როდესაც მან უნდა მიიღოს საკუთარ თავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება

08 May 2021 15:20

ნიკა მელიას ასეთ ვითარებაში ჩაყენება, რა თქმა უნდა, არასწორია, როდესაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს ამოვარდნილია სამართლებრივი კონტექსტიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიაზე ტვირთის დადება აბსოლუტურად არასწორია.


„ჩვენ ჯერ ვისმენდით, რომ როცა უნდა მაშინ გამოვა ოღონდ გირაო გადაიხადოს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს; ახლა საერთოდ შორის წავიდა ხელისუფლება და ამბობს, რომ „ამნისტიის კანონს“ მივიღებ იმგვარად, რომ თუ იტყვის მზად ვარ, მაშინ გამოვა. ძალიან ცუდი ვითარებაა შექმნილი. ვფიქრობ, მელიაზე ამ ტვირთის დადება აბსოლუტურად არასწორია. ჩვენ ამიტომ არ ვართ ამ შეთანხმების მონაწილე და მიგვაჩნია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო ნაჩქარევი და არ იყო კარგად ჩამოყალიბებული და გათვლილი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის ამოვარდნილი სამართლებრივი და თუნდაც პოლიტიკური კონტექსტიდან.


ნიკა მელიას აქვს პრინციპული პოზიცია და ვფიქრობ, მართალია პოლიტიკურად, რადგან არ გადაიხადა გირაო, როგორც პოლიტიკური აქტი და ახლაც ამბობს სწორად, რომ 20 ივნისის დამნაშავეებთან ერთად არ მინდა ამგვარი თავისუფლება. ვფიქრობ, ყველა პრინციპული პოლიტიკოსი ამგვარ განცხადებას გააკეთებდა. ასევე, ის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომ ამის გაგრძელება დაუსრულებლად ძნელია, დათმობას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში წარიმართოს პროცესი, რაც ასევე არის უნიკალური მოვლენა. ჯერჯერობით, როგორც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლება ძალიან ჯიუტად აგრძელებს ამნისტიის კანონზე ლაპარაკს, რომელიც მიუღებელია“, - განაცხადა წერეთელმა.


რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, როგორც წერეთელი ამბობს, აპელირება იმაზე, რომ დოკუმენტიდან გადახრა არ შეიძლება, არასწორია. წერეთლის თქმით, „თუ საქმეს გამოადგება და შეთანხმება წინ წაიწევს, მიშელიც კმაყოფილი იქნება“.


„ამ შეთანხმებაში არა მხოლოდ ამნისტიაზეა საუბარი, არამედ არის იმ ზომებზეც, რომელიც იგივე შედეგს დააყენებს. ანუ თუ ხელისუფლებას სურს შედეგი დადგეს, ნიკა მელია გათავისუფლდეს, მას აქვს ამის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი და იოლად, მარტივია, ერთ დღეში ერთ საათში შეუძლია ეს საკითხი გადაწყვიტოს, თუკი პროკურატურა შესაბამის განაცხადს შეიტანს. შეიძლება საქმეც შეწყდეს საერთოდ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მანიპულირება ხდება და იმგვარი კანონის მიღება, რომელიც მიუღებელია მელიასთვის, მაგრამ გარკვეულად დატოვებს საფრთხეებს, რომ ის საპატიმროში დარჩეს, ამაში იყოს პოლიტიკური ვაჭრობის, ვინმეს შანტაჟის და შეშინების ელემენტები, სწორედ ეს არის მიუღებელი და შეუსაბამო, რითაც ეს შეთანხმება გაფორმდა“, - განაცხადა წერეთელმა და დასძინა: „მელიას გამოსვლა საპატიმროდან შეცვლის იმას, რომ პოლიტიკური დისკუსია კიდევ უფრო მკაფიო და მომავალზე ორიენტირებული გახდება“.


„შესაბამისად, უფრო გაიოლდება კოორდინაცია ოპოზიციისთვის. ეს იქნება სწორი და გამართლებული ნაბიჯი. ბევრი საუბარია ახლა იმაზე, რა იქნება მომავალ არჩევნებზე, როგორი კონფიგურაცია, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა - ალბათ, ეს იქნება ის საკითხები, რომლებზეც ოპოზიციის შიგნით იქნება ფართო განხილვები.


მიკვირს რატომ აქვს ხელისუფლებას პოზიცია, რომ უნდა ყველაფერი გადააბრალოს პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და მასზე იყოს მთელი ტვირთი შეთანხმება შესრულდება თუ არა. რა ქნას ნიკა მელიამ? დღეს ყველანი მისი ადვოკატები ვართ და ადამიანი ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს. მაგრამ როცა ქვეყნისთვის ასეთი უნიკალური შეთავაზება გააკეთა ევროკავშირმა, თქვა რომ ამ პირობას დათმობს, ოღონდ არ მიიღოთ იმგვარი კანონი, რომელიც რეალურ დამნაშავეებს გამოუშვებს ციხიდან. მეტი რა უნდა გააკეთოს პოლიტპატიმარმა ნიკა მელიამ?! - განაცხადა წერეთელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი