„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

08 May 2021 17:00

სტუმრებთან ერთად ვახშმობდნენ, როცა ორსართულიანი სახლის მარცხენა კედელი მთლიანად ჩამოინგრა. გაასწრეს და გადარჩნენ. 

გადაუღებლად წვიმდა. ის ღამე მანქანებში გაათენეს. ნანული ბრეგვაძის შვილი, რომელიც მაღაროელია, მაშინვე მიხვდა, რომ მისი სახლის ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებდა და სახლიც ამიტომ დაინგრა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს, დიდი წვალების შემდეგ, კომპანიამ კომპენსაციის სახით მხოლოდ 33 ათასი ლარი გადაუხადა. ამ თანხით ბრეგვაძეებმა სახლი ვეღარ იყიდეს და ქირით ცხოვრობენ. ჯორჯიან მანგანეზმა და მისი ლიცენზიის ფარგლებში მოქმედმა ათობით კოოპერატორმა, ჭიათურაში მანგანუმის უკონტროლო მოპოვებით არაერთი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ. ქალაქი ყველა მხრიდან აოხრებულია - თხრიან ყველგან, სადაც მანგანუმი ეგულებათ. მადანს იღებენ, გადათხრილ უზარმაზარ ტერიტორიებს კი უმეტესად ეგრევე, განადგურებულს ტოვებენ. საითაც გაიხედავ, ჭიათურა დაბომბილი გეგონება. 


ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებში უზარმაზარი ადგილები თვალუწვდენელ ხრამებად უქცევიათ. ხრამებიდან 2-3 მეტრში, ზოგან კი ამხელა მანძილიც არ დაუტოვებიათ, ის ხალხი ცხოვრობს, წასასვლელი რომ არსად აქვს.


„ვინ იცის დედა, აქ ვინ შევიდა, ვინ გამოვიდა, არავინ იცის ეგ. ღამე მიდიოდნენ-მოდიოდნენ. 

მე ავად ვარ. ჯერ ხმაური, მერე ეს სახლიც დააზიანეს, კედლები დაიბზარა და ინგრევა. აქედან გზა აღარ მაქვს, აღარც იქიდან მაქვს, გადათხარეს. 


ფეხით ძლივს მოვდივარ სახლამდე. 

მე ვუთხარი, 7 მეტრი მაინც ხომ უნდა იყოს დაცილებული სახლიდან, ამას რომ თხრით და მეც მანგრევთ მეთქი. ასე მითხეს, ბებერო, შეეთრიეო სახლში. აღარ მინდა შვილები გავაბოროტო. 


სამ-სამი შვილი ჰყავთ და ციხეში ხომ არ უნდა დავაჯინო დე? სად ვარ, სად ვცხოვრობ, მე არ ვიცი. სად წავიდე შვილო? ჩემი სახლის გვერდით სულ მინდორი იყო, იქით წაბლით იყო დაფარული. სადღაა... მომჩივანი ქალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან გამწარებული ვარ შვილო. ფანჯარას ვერ გააღებ აქ ზაფხულში, სარეცხს ვერ გაფენ. მტვერს მიაქვს აქაურობა. 


დაავადებულია ხალხი, უამრავ ადამიანს კიბო აქვს. ასე როგორ შეიძლება? დედაშვილურად გეხვეწებით, მოგვაქციეთ ყურადღება“, - რგანი, სადაც ლიანა ხვედელიძე ცხოვრობს, ჭიათურის რაიონში „ჯორჯიან მანგანეზისა“ და მისი კონტრაქტორების მუშაობით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია.


mtisambebi.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი