„ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გირაოსთვის თანხის ჩარიცხვას ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია.
„ნიკას ციხეში ჯდომა უკვე მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველია, ნიკა უნდა იყოს გარეთ. ევროკავშირი კრიმინალებს და ქურდებს არ უხდის. ნიკამ აირჩია ეს გზა ეს იყო ღირსეული. თვითონ თანახმაა იმიტომ, რომ ნიკას აქვს დიდი გეგმები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, პარლამენტშიც შევა“, - აცხადებს ანზორ მელია.
21 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის მამა აცხადებდა, რომ მზად იყო, ქონება გაეყიდა და ასე გადაეხადა შვილის გირაოს თანხა.
„ეს არის თავზე ლაფის დასხმა, სულ გავყიდი ყველაფერს კაპიკებად და იმ 11 ათას ევროს გადავიხდი, მაგრამ ნიკამ ამიკრძალა და მე ჩემს შვილს ვეთანხმები. არავის მათხოვრები ჩვენ არა ვართ. რატომ უნდა გადაიხადონ ამიხსნან. ხომ იყო ახლა სასამართლო, რა გირაოზეა საუბარი, გირაო მოხსნილია და კიდევ იძახიან და ამართლებენ, ვინ არიან ეს უნამუსოები“, - აცხადებდა ანზორ მელია.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.
imedinews.ge