გივი მიქანაძე- მელია სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი გახდა - ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მის პოლიტპატიმრობას აღიარებს

08 May 2021 20:34

ნიკანორ მელია გახდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი და ის ნებსით თუ უნებლიედ გაება მახეში; აღარ იცოდა რა ფორმით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.


როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნიკანორ მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს.


ნიკანორ მელია და მისი გუნდის წარმომადგენლები ამ თვეების მანძილზე ერთხმად აცხადებდნენ, რომ მისთვის ეს გირაო მიუღებელი იყო და უფრო მეტიც, ვინც მას გირაოს გადაუხდიდა მას მტრად ჩათვლიდა. დღეს კი ვხედავთ, რომ ნიკანორ მელია დათანხმდდა ამ გირაოს და გარკვეულწილად ვხედავთ იმასაც, რომ გადააბიჯა გარკვეულწილად თავის პრინციპებსაც. ევროკავშირმა მელიას ნებიდან გამომდინარე აღასრულა ის დანაპირები, რომლითაც ის უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უახლოეს პერიოდში დატოვებს #12-ე საპატიმრო დაწესებულებას.


ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა არაფერ შუაშია რაიმე მოგონილ სტატუსთან, რომლის დაფიქსირებასაც ნიკანორ მელია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ ამ თვეების განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს მეგობრებთან დასავლეთში. ყველამ კარგად იცის, რისთვის არის ნიკანორ მელია წინასწარ პატიმრობაში - ის შეეცადა თავისი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა და პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვისა და აღკვეთის ღონისძიების დამძიმების გარდა არაფერი დარჩენოდა. თუმცა, ევროკავშირმა იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც შარლ მიშელის მედიაციის წარიმართა, გააკეთა შემოთავაზება, რომ თუ ნიკა მელია არ აპირებდა ამ გირაოს თანხის უზრუნველყოფა განეხორციელებინა, ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი რომ თანხა გადაეხადა. ნიკანორ მელიამ გადააბიჯა თავის პრინციპებს და არც ის გაგვიკვირდება, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ახლა იხილება, გაგრძელდეს მისი და მისი გუნდის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ბრალდებული საკმაოდ მძიმე საქმეზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 19-21 ივნისს. ჩვენ ვრჩებით ვალდებულებით იმ პროცესების მიმართ, რომელიც ვიკისრეთ 19 აპრილს ხელმოწერილ დოკუმენტთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში განხილული და მიღებული იქნება ამნისტიის კანონი, რომლის საფუძველზეც, ნიკანორ მელია და ყველა სხვა ადამიანი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და მათ მიმართ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები შეწყდება“, - განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ის მელიას პოლიტპატიმრად აღიარებს.


„რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს! აბსოლუტურად მოგონილი თემაა. დასავლელმა პარტნიორებმაც იციან და საზოგადოებამაც, რომ ნიკანორ მელია არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეეცადა თავი დაეყენებინა კანონზე მაღლა, რის უფლებასაც არცერთი ჯანაღად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არავის მისცემს. თუკი ის აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ნიკანორ მელია გახდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარის მსხვერპლი; ის ნებსით თუ უნებლიედ გაება მახეში და აღარ იცოდა რა ფორმით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ამ პროცესს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და მივიღებთ ამნისტიის შესახებ კანონს, რომელიც იქნება ერთგვარად „შერიგების დოკუმენტი“, - განაცხადა მიქანაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი