როგორია ანაფილაქსიური შოკის დროს მოქმედების პროტოკოლი საქართველოში და რა პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული - ამის შესახებ განმარტებები ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში გააკეთა.
„მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, საკვები და ლატექსი - ეს 4 კომპონენტია, რომელიც ანაფილაქსიის მიზეზი ხდება. ანაფილაქსია ხშირად არაპროგნოზირებადია, ანუ წინასწარ მისი გამოცნობა, ან რაიმე მარკერითა, ან ანალიზით განსაზღვრა, ამ ადამიანს დაემართება თუ არა არ არსებობს.
თუ ადამიანს აქვს ბრონქული ასთმა და ის არ არის ბოლომდე ნამკურნალები, ანუ კარგად მართული და ვთქვათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუ მას განუვითარდება ანაფილაქსია, ასეთ ადამიანს მაღალი რისკი აქვს, რომ ის ძალიან მძიმედ განვითარდეს, რადგან სუსტი წერტილი უკვე აქვს. შესაბამისად, როცა ჩვენ ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.
რაც კი მსოფლიოში ანაფილაქსია მოხდა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, 90 პროცენტი პირველ 30 წუთში განვითარდა, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არის პროტოკოლი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ჰქონდა ალერგიული ანამნეზი თუ არა, ანუ წინასწარ კითხვარში მიუთითა თუ არა რაიმე პრობლემის შესახებ, როცა გაიკეთებს ვაქცინას ყველა 30 წუთის განმავლობაში მოსაცდელ დარბაზში ჯდება.
ამის შემდეგ ადამიანს ძირითადად კანის რეაქცია ეწყება, ანუ გრძნობს სიმხურვალეს, წვისა და ქავილის განცდა აქვს და იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ადამიანი ხშირად არის აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობს.
ანაფილაქსია არის, როცა ამ ყველაფერს კიდევ დაემატება ან სუნთქვის გაძნელება, ან პულსის გახშირება და წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30 პროცენტი, იმასთან შედარებით, რასაც ჩვეულებრივ ატარებს ადამიანი და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი, ანუ თუ არის კანის რეაქცია და რომელიმე ეს 1 ნიშანი: გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავის მხრივ, მაშინ ვამბობთ მხოლოდ, რომ ეს არის ანაფილაქსია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე განცხადებით, ანაფილაქსიური შოკის დროს ადრენალინი ამცირებს გამონაყარს, აფართოებს სასუნთქ სისტემას და წნევას ზემოთ წევს, ის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის საფრთხეს.
ექიმის თქმით, ამ დროს აუცილებელია, სწორად შეირჩეს პოზა და ასევე, მისივე განცხადებით, ადრენალინის დოზას განსაზღვრავს ადამიანის წონა და არა ასაკი.
„ადამიანი აუცილებლად უნდა დაწვეს იატაკზე, კიდურები, გულთან მიმართებით, ცოტა ზემოთ უნდა იყოს აწეული და სამედიცინო ჯგუფმა, აუცილებლად სწრაფად, ვენური სისტემის კათეტერიზაცია უნდა დაიწყოს, რათა სითხის შევსება მოხდეს, რასაც გადასხმას ვუწოდებთ.
ასევე, აუცილებელია, დარბაზში იყოს ჟანგბადის მიწოდების წყარო. თუ ეს ყველაფერი საათივით, სწორად დათქმულად წავა, მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღეს, მსოფლიოში, არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ანაფილაქსიით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისია“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
digets.ge