ნიკოლოზ სამხარაძე პაველ ვიზდალს შეხვდა

10 May 2021 18:26

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პაველ ვიზდალს შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი გაძლიერების გზები განიხილეს.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დიპლომატს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პრიორიტეტებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე ესაუბრა.


ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე, რაზეც  ელჩმა, ქვეყნის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატა.


საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია აღნიშნა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სლოვაკეთი აღნიშნულია როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  პარტნიორი საქართველოსთვის.


პაველ ვიზდალის თქმით, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა სლოვაკეთისთვის და აქედან გამომდინარე, საქართველოში სხვადასხვა, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული პროექტების დასაფინანსებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხები გამოიყოფა სლოვაკეთის მხრიდან.


მხარეებმა შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს.


ორი ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც უმაღლეს ასევე, საკომიტეტო დონეზე საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის,  საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების შეხვედრების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, კოვიდ ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მხარეებს შორის ვიზიტების გაცვლა მოხდება.


სლოვაკეთის ელჩთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.




კომენტარები:

ფართი შოპი