ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე - ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური - პარტიაში ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები

10 May 2021 21:32

პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთნ დაკავშირებით, ხვალიდან ძალიან მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას განაცხადა.


მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.


„პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც ვერ გეტყვით რა შედეგით დასრულდება. პარტიასთან, ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, - პარტიის წევრებს არ ვეძახი, ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური", - განაცხადა მელიამ.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.


ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.




კომენტარები:

ფართი შოპი