ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს

12 May 2021 17:59

ნიკანორ მელიას ეუხერხულება და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს არის საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო.


ანრი ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველო გაიმარჯვებს.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ იდავოს საქმის წარმოების ფარგლებში, იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ნიკანორ მელიას ეუხერხულება და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს არის საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“. ეს არის სამართლებრივად სწორი, ამიტომ, გაბედოს, ნუ ეთაკილება და ეუხერხულება, თუმცა, როგორც ჩანს, ამის გამბედაობა არ ჰყოფნის. დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.


ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით კითხვას სვამს შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.




კომენტარები:

ფართი შოპი