ვის მოპარა იდეა სააკაშვილმა, რატომ “ჩაისვარა” კორუფციასთან და რას უყვებოდა “ალიას” სკანდალურ პროექტზე ირაკლი ოქრუაშვილი?

14 May 2021 03:02

რას წერდა “ალია” 20 წლის წინ

“ალია”, 2001 წელი, პრეზიდენტი – სააკაშვილის კარიერის დასაწყისი

აქაოდა, ქართველები ვართო, "ჩაშვება" რა ჩვენი საქმეაო... და წლების მანძილზე გაღატაკებული და გაძვალტყავებული მეზობლების გვერდით ქონგურებიანი სასახლეები წამოიჭიმა; მაინც ქართველები ვართ, დაბეზღება არ გვეკადრებაო და... სასახლეებთან არანაკლებ კომფორტულ ავტოფარეხებში სხვადასხვა მარკის ძვირადღირებული მანქანები შეგრიალდებიან, მეზობლად კი ათეულობით ოჯახი საერთო საპირფარეშოებით სარგებლობს; ისევ ქართველები ვართ და გენებში არ მოგვდგამს შური და ღვარძლიო... შვილებს უცხოურ განათლებას არ აკლებენ, მეზობლად კი მამები არასრულწლოვნებს მეტროებში სამათხოვროდ უშვებენ... _ ასეთიქართველობა~ კორუფციისადმი დრომოჭმული მიდგომაა, რეფორმები ქართულ აზროვნებასაც არ აწყენდა! _ დაჰკრა მუშტი ტრიბუნას მიხეილ სააკაშვილმა, _ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სასამართლოში უჩივლოს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, მტერს და მოყვარეს… სხვა გამოსავალი არ ყოფილა, სახელმწიფოს, რომელსაც წლების მანძილზე თავისი მოსახლეობის 4 მილიარდი ვალი აქვს, თურმე, გასტუმრების სხვა შანსი არ ჰქონია. ან მაშინ რატომ ენდნენ, ან ახლა რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ისეთ სახელმწიფოს, სადაც დაპირების ფასი ნულია?!



ვის მოპარა იდეა მიხეილ სააკაშვილმა?


როდესაც ედუარდ-გიორგიმ სახელიან თუ უსახელო ბანდფორმირებებს მუსრი გაავლო და 1997 წელს სტაბილიზაცია ახარა~ ქვეყანას, უცხოეთიდან რეკომენდირებული მახვილი ახლა კორუფციას მოუღერა და თავისი ნათლობიდან ხუთი წლის თავზე ჩვენი წელთაღრიცხვით ათას ცხრაას ოთმოცდამეჩვიდმეტე წელს სახელადკორუფციასთან ბრძოლის წელიწადი~ დაანათლა. შესაბამისად თქმას ქმნაც უნდა მოჰყოლოდა და პირველი ანტიკორუფციული ფეხის ასადგმელად, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკს შეეხვეწა მხარდაჭერას. ამ მიზნით, სწორედ ასე მოხვდა პირველად ხუთი წყვილი ქართული ფეხი ჰონგ-კონგის მიწაზე, რომელიც კორუფციასთან მებრძოლებს თუ საბრძოლველებს ათასგზის დაუტკეპნიათ. ხუთივე საქართველოს უშიშროების საბჭოს ეკუთვნოდა.
ჰონგ-კონგი ჯერ კიდევ ინგლისის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და საერთო სამართალი ვრცელდებოდა, როცა 70-იან წლებში გუბერნატორის ბრძანებით ანტიკორუფციული კომისია შეიქმნა, რომელსაც გამოძიების და სისხლის სამართლის დევნის უფლება ჰქონდა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ამ სამსახურმა პოლიციისგან მიიღო. მასშტაბური გაფიცვაც მოეწყო. პოლიციელების პოზიცია ასეთი იყო _ კორუმპირებულები მარტო ჩვენ არ ვართ. ძველი ცოდვებისთვის პასუხს ნურავის მოსთხოვთ და მოდით, ამიერიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრებაო. იქაური ხელისუფლება იძულებული გახდა, ამ მხრივ, ერთგვარ ამნისტიაზე წასულიყო…
მაშ ასე, კორუფციასთან ბრძოლის ამგვარი ტრადიციის ქვეყნიდან ქართველებმა გამოცდილება შეისრუტეს და შესაბამის ფურცლებზეც დააფრქვიეს _ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად წოდებული წლის მიწურულს კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტიც გამოცხვა.



რატომ “ჩაისვარა” სააკაშვილმა კორუფციასთან?

კანონპროექტის პრეზენტაცია 1997 წელს შედგა. შესაბამისად, რამდენიმე პირად გადაბეჭდილი სხვადასხვა უწყებას დაურიგდა… მინისტრებმა მაშინვე კონსტიტუცია ააფრიალეს… თავიანთი ადამიანური უფლებების დარღვევის და უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ აყაყანდნენ და ასეთ ქაოტურ სიტუაციაში ჟვანიას რჩევით პროექტზე მსჯელობა მომდევნო უსათაურო~ წლისთვის გადადეს... რას ითვალისწინებდა პროექტი? _ სპეცსამსახურში, დაახლოებით, 30-40 კაცს უნდა ემუშავა და მათი ხელფასი 1500-2500 დოლარად იყო განსაზღვრული. სამუშაო, ძირითადად, ორი განხრით უნდა წარმართულიყო: სამსახურებრივი მოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის სამსახურები. პირველის ფუნქცია თანამდებობის პირის დისციპლინური საკითხის დასმა უნდა ყოფილიყო _ ინფორმაციის მიღებისას სპეცსამსახურის 7-8 თანამშრომელი თანამდებობის პირთან ინტერვიუზე წავიდოდა, სადაც ინტერვიუერს უნდა ემტკიცებინა, საიდან დააგროვა ქონება. თუ ვერ დაასაბუთებდა, დგებოდა მისი დისციპლინური დასჯის საკითხი _ თუ თანამდებობის პირი რომელიმე სამინისტროში მუშაობდა, მისი მოხსნა შესაბამის მინისტრს უნდა გადაეწყვიტა, თუ დეპუტატი იყო, წარდგინება პარლამენტში იგზავნებოდა, თუ მინისტრი _ პრეზიდენტს, თუ პრეზიდენტი _ ?!?!?!.. პრეზიდენტი, როგორც წესი, რა შუაშია, ყველაფერიმისი ოჯახის წევრების ბრალია…~ ეს საკითხი, სპეცსამსახურის მუშაობის ჩარჩოებში, ბუნებრივია, არ ჯდებოდა.
სპეცსამსახურში შემავალ სისხლის სამართლის დევნის სამსახურს კი, სახელწოდებიდან გამომდინარე, უკვე ცხადი ხდება, რა ფუნქციაც ეკისრებოდა. ამ კუთხით 5-7 გამომძიებელს უნდა ემუშავა, პროკურატურაში კი სამი პტოკურორის ინსტიტუტი ყალიბდებოდა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა და შესაბამის თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საკითხს დააყენებდა…



აღნიშნული სპეცსამსახურის მუშაობას, ამერიკელების რეკომენდაციით, კიდევ ერთი მიმართულება უნდა დამატებოდა. რაკი ჩვენი კანონმდებლობით მტკიცების მთელი ტვირთი ბრალდების მხარეზე უნდა გადასულიყო, ამიტომ ამერიკელებმა პროექტის ავტორები ერთ ხრიკს აზიარეს~: საქმე სასამართლოში სამოქალაქო სამართლებრივი წესით შესულიყო და მერე მოპასუხე მხარეს თავში ქვა ეხალა და როგორც უნდოდა, ისე ემტკიცებინა თავისი ქონების კანონიერება. ცოტა ხანში საქმეში კორუფციის კვლევის ცენტრიც ჩაერთო და 1998 წლის მაისში პროექტი პარლამენტს მიართვეს. პირველი მოსმენაც შედგა, მაგრამ კენჭისყრა აღარ გაიმართა და თუ რატომ, ამაზე პასუხი არავის აქვს. სხვათა შორის, დღეს უკანონო ქონებაზემოღაღადე~ მიხეილ სააკაშვილი მაშინ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. იმ პერიოდში ის ერთიანი საგამოძიებო სამსახურის შექმნაზე იყო ორიენტირებული და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სპეცსამსახურის შექმნა ნაადრევად მიაჩნდა.



მამის ცოდვებისთვის შვილს პასუხი არ მოეთხოვება…

გავიდა სამი წელი და ცნობილი"შვიდკაცას" რეკომენდაციით სააკაშვილი აკივლდა, ყველამ დაასაბუთოს, ქონება ერგება თუ არაო. კივილში მას არც ოპონენტები ჩამორჩნენ, ეს ანტიკონსტიტუციურია და ამ კანონის ამოქმედება რეპრესიებს და ბოლშევიზმს დააბრუნებსო. ალიას საგამოძიებო ბიურო~ შეეცდება, მკითხველს აჩვენოს, რა ხდებოდა ბოლშევიზმის, და თუნდაც, კომუნისტების მმართველობის დროს, რა სანქციები არსებობდა ქრთამზე, გამოძალვაზე, სახელმწიფო ქონების დატაცებასა თუ სხვა ამგვარ დანაშაულზე…



მაშ, ასე! სააკაშვილის ე. წ. პროექტის განხორციელების პროცედურა ამგვარად იწყება: ვთქვათ, თქვენმა მეზობელმა მიიჩნია, რომ 15000-დოლარიანი სახლი, სადაც ცხოვრობთ, თქვენს შემოსავალს არ შეესაბამება და სასამართლოში გიჩივლათ (ასეთ სარჩელებს საოლქო სასამართლო განიხილავს). თქვენ მოგიწევთ ამტკიცოთ, საიდან იშოვეთ ეს 15000 დოლარი. დავუშვათ, მამამ მოგცათ… მამათქვენმა ეს უნდა დაგიდასტუროთ. სასამართლო დაინტერესდება, ვინ იყო მამათქვენი და საიდან ჰქონდა მას ეს დანაზოგი, თუკი ის სახელმწიფო მოხელე იყო…



ჩვენი დღევანდელი ფუნქციონერების უმეტესობას, მით უმეტეს, მათ მამებს, კომუნისტების მართვის პერიოდში უწევდათ მოღვაწეობა, როცა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე ადამიანი ერთი “ჟიგულის” ყიდვასაც ვერ ახერხებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კანონი სასტიკად უსწორდებოდა.



გურამ ნაჭყებია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი:


_ კომუნისტების დროს უკანონო შემოსავლების პრობლემა მოხსნილი იყო იმდენად, რამდენადაც მოქმედებდა შემოსავლების გათანაბრების პრინციპი. ყველა სოციალურ ფენას, მათი შორის, რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, თანაბარი შემოსავალი უნდა ჰქონოდა. მაშინ დგებოდა ერთგვარი ნუსხა, თუ რომელი თანამდებობის პირს რამდენი უნდა ჰქონოდა ხელფასი. რაც შეეხება ნივთების შეძენას, ისინი ვალდებულები იყვნენ, წარედგინათ ნუსხა, რამდენი შრომისუნარიანი პირი ჰყავდათ ოჯახში. გამოთვლა ამის მიხედვით ხდებოდა. მაშინ თუ კაცს უკანონო შემოსავალი ჰქონდა, ძვირადღირებულ მანქანას მაინც ვერ იყიდდა, სახლის აშენებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. უკანონო შემოსავლების მაკონტროლებელ ძირითად ბერკეტს საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა. თუ კაცი რამე ძვირადღირებულ ნივთს შეიძენდა, მას მეორე დღესვე საგადასახადო ინსპექცია მიადგებოდა და ანგარიშს მოსთხოვდა. მაშინაც იყო მექრთამეობა, მაგრამ ამ გზით ნაშოვნი ფულის გათეთრება გახლდათ პრობლემა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ საკუთრების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. იყო ქონების ნუსხა, რომელიც არ შეიძლებოდა კერძო პირს ჰქონოდა და ეს ნუსხა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ერთვოდა. ის კი არა, სტალინის დროს ისიც იყო განსაზღვრული, გლეხს რამდენი მსხვილფეხა პირუტყვი უნდა ჰყოლოდა. ერთ ოჯახს სამი ძროხის, სამი ხბოს და სამი სული ცხვრის ყოლის უფლება ჰქონდა. მოგვიანებით, ცხვრების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, მაგრამ ხრუშჩოვმა ეს რაოდენობა კვლავ შეამცირა. მის დროს გლეხს წყვილი ხარის და ურმის ყოლის უფლება არ ჰქონდა. მაშინ ასეთი ტერმინიც კი გაჩნდა, `გონივრული მოთხოვნილება~. ყოველ ადამიანს ქონება გონივრული მოთხოვნილების შესაბამისად უნდა ჰქონოდა. თუმცა, საკითხიც კი დასვეს, როგორ უნდა განსაზღვრულიყო გონივრული მოთხოვნილება.


ამ ე. წ. თანასწორუფლებიანობის ფონზე, საინტერესოა, როგორ სჯიდა კანონი იმ ადამიანებს, რომლებსაც მუთაქაში შენახულ ფულს აღმოუჩენდნენ.

ვახტანგ რაზმაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი:


_ თუკი რომელიმე ჩინოვნიკს ან მაღალი თანამდებობის პირს დაუსაბუთებელი ქონება აღმოაჩნდებოდა, რა სანქციებს ითვალისწინებდა კანონი?


_ მაშინ ასეთი ფორმით არ ხდებოდა, ყოველივე განსაზღვრული გახლდათ. ცნობილი იყო ისიც, თუ რამდენ მეტრზე მეტი ფართის ბინა არ შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანს თავისი ხელფასისა და თანამდებობის მიხედვით. პროკურატურას საერთო ზედამხედველობის ფუნქცია ჰქონდა და ქონების კონფისკაცია იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი პიროვნებას დაუმტკიცდებოდა კონკრეტული დანაშაული _ ანუ სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტი _ და აღმოჩნდებოდა უკანონო თანხით ნაყიდი ან აშენებული ქონება.



_ ანუ, თუ თანამდებობის პირი წყნარად და წესიერად მოიქცეოდა, შეიძლებოდა შერჩენოდა უკანონო გზით მოპოვებული ფული?
_ შეუძლებელი, ალბათ, არაფერია, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც საკმაოდ მკაცრად დასჯილა ესა თუ ის შეძლებული ადამიანი. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ, დაახლოებით, 1975-1980 წლებში 6 კაცი დაიხვრიტა ფალსიფიკაციისა და სახელმწიფო ქონების დიდი რაოდენობით მიტაცებისთვის _ საჩხერის წვენების ქარხანაში დამზადებული წვენებით პემზაში 11 ადამიანი დაიღუპა, იმის გამო, რომ წვენები ხილის ნაცვლად, მჟაუნმჟავით იყო გაკეთებული; მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გახმაურდა ნუღლას (მეტსახელი) საქმე, როდესაც 1981 წელს სიღნაღის ღვინის ქარხანაში 850000 ტონა დაკრეფილი ყურძენი დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ერთ ძირ ვაზზე 30 კილო უნდა დაკრეფილიყო, რაც აბსურდია. აღმოჩნდა, რომ ღვინო მზადდებოდა ჭარხლის წვენის, შაქრისა და სპირტის მეშვეობით…



იყო კიდევ ერთი შთამბეჭდავი საქმე. მაშინ თბილისის პროკურორი ვიყავი, როცა თბილისის შამპანურის ბოთლების დამამზადებელი ქარხნის დირექტორს, ბიბილაშვილს, სახლში 700000 მანეთი და 500000 მანეთის ღირებულების ოქროს ნივთი აღმოვუჩინეთ. მას დახვრეტა მხოლოდ იმიტომ არ მიესაჯა, რომ ქალი იყო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.



_ რა სანქციებს ითვალისწინებდა კონკრეტულ მიტაცებულ თანხაზე მაშინდელი კოდექსი?
_ 2500 მანეთზე ნაკლებ მიტაცებულ თანხაზე სასჯელი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო; 2500-10000 მანეთზე, თუ ეს დანაშაული ჯგუფური იყო და განმეორებით ხასიათს ატარებდა _ 10 წალამდე თავისუფლების აღკვეთა; 10000-ზე მეტი თანხის მიტაცების დროს _ 10-დან 15 წლამდე; დახვრეტა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიტაცებული თანხა 100000 მანეთს აღემატებოდა.
_ დღესაც ბევრს საუბრობენ დაუსაბუთებელ ქონებაზე, უკანონოდ მიტაცებულ თანხაზე, ბინებზე, მანქანებზე…


_ სანამ დღევანდელ აჟიოტაჟზე ვიტყოდე რამეს, მინდა ყველას გავახსენო ერთი ინიციატივის ისტორია, რომელიც ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდა: მახსოვს, 70-იან წლებში ხალხს ცხვარიჭამიასთან გამოუყვეს მიწის ნაკვეთები, დაურიგეს მასალები, დაიწყო პატარ-პატარა აგარაკების მშენებლობა. ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხარჯზე ხდებოდა. იქ არ იყო რომელიმე კონკრეტული საზოგადოებრივი ფენა, ყველა იყო _ მუშაც, ვაჭარიც, ფეიქარიც, ხელოვანიც და ა. შ. ჰოდა, დაინიშნა ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი მაშინდელ ცეკას მდივნად და გამოაცხადა ყველა ეს მშენებლობა თუ უკვე აშენებული სახლი უკანონოდ. დაახლოებით, 95%-ს ჩამოერთვა სახლებიც და ნაკვეთებიც. ახლაც შეგიძლიათ ახვიდეთ და ნახოთ იქ, როგორ არის გაპარტახებული გარემო. ეს დღეს აღარავის ახსოვს. კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ მსგავს პრეცედენტებს.
_ ე. ი. ფიქრობთ, რომ არც დღევანდელ ინიციატივას მოყვება კარგი შედეგები?
_ ეს კანონი თუ მივიღეთ, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებდნენ იმ დროს, როცა კანონით არ იყო დანაშაულად მიჩნეული მათი მოქმედება. ამას ეძახიან კანონის უკუქცევით ძალას. დღეს თუ გუშინ და თუნდაც განვლილი 5 თუ 10 წლის მანძილზე, ვისაც კი რამე გაუკეთებია, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ სათანადო დოკუმენტაცია შეენახა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვაშენებ სახლს და ამავე დროს უნდა მქონდეს დოკუმენტი, თუ რამდენი აგური დამჭირდა, რამდენი ცემენტი, სილა, საღებავი და ა. შ. ამავე დროს, რა ღირს ეს მასალა, შეესაბამება თუ არა ყოველივე ჩემს შემოსავალას, ეს შემოსავალი არის თუ არა ოფიციალური და სუფთა და ა. შ. აქამდე ამას არავინ ითხოვდა. ახლა მივიღოთ ეს კანონი, მოვადგეთ ვინმეს და მოვთხოვოთ დოკუმენტაცია, რომელიც ვიცით, რომ მას არ აქვს, შემდეგ ავდგეთ და წავართვათ? დავყიდოთ ბლოკებად და აგურებად სახლები და შევიტანოთ თანხა ბიუჯეტში? არ მიმაჩნია ეს კორუფციასთა ბრძოლის ნორმალურ საშუალებად. რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები ცუდად მუშაობენ და ვერ აკონტროლებენ, თუ ვინ საიდან შოულობს ფულს და დაირღვა თუ არა კანონი? როცა ყველამ ვიცით, რომ არ ხდება კონტროლი და პასუხისგებას ვაკისრებთ უკვე გაუკონტროლებელ შედეგზე, რა არის ეს, თუ არა ჩასაფრების პოლიტიკა?
_ მაგრამ, როდემდე უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი?
_ ვინც უკანონო ქონებას იხვეჭს და სახელმწიფოსა და ხალხის ხარჯზე მდიდრდება, ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, უბრალოდ, კანონმა თვითონ უკანონოდ არ უნდა მოითხოვოს უკანონობის აღკვეთა. დღეისთვის არსებული კანონპროექტი იმ სახით რომ მივიღოთ, რა სახითაც წარდგენილია ახლა, ეს საშინელება იქნება, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, სრული სა-ში-ნე-ლე-ბა იურისპრუდენციაში.



რა ქონების დაკარგვის ეშინიათ მინისტრებს?


სააკაშვილი ისეთი პათოსით უტევს მაღალი რანგის აღმასრულებლებს, რომ ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მინისტრების მხრიდან, რომელიმეს თავისი პოზიცია გულახდილად დაეფიქსირებინა და ხმამაღლა ეთქვა, რომ კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ამიტომაც მისი უარყოფის ფორმა ძირითადად ასეთი სახით შეირჩა _ იდეას მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კონსტიტუციასთან მოვა შესაბამისობაში.

ალია" დაინტერესდა, რომელი მინისტრის უკან რა ქონება დგას და რისი დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან უწყებებისპირველები
ყველაზე მდიდარი, მინისტრებს შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილია. მისი ქონება 5 მილიონ 341 ათას 581 ლარს შეადგენს (ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დაანგარიშებით, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ჩხარტიშვილის დეკლარაციაშია). ბატონი ჩხარტიშვილი სააკაშვილის კანონპროექტზე თავიდანვე მკვეთრი განცხადებებით გამოვიდა, მერე კი დასძინა: მხარს ვუჭერ უკანონო ქონების კონფისკაციას, ოღონდ ამას სისხლის სამართლის კოდექსი უნდა არეგულირებდეს და არა ეს კანონპროექტი, რომელიც ათასჯერ მაინც საჭიროებს გადახედვას~. ამ კანონპროექტის გაცნობისთანავე აღშფოთდა უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძეც, თუმცა პროფესიული თავდაჭერილობით შეეცადა თავის ხელში აყვანას და განაცხადა, რომ მას უკანონო ქონება არ გააჩნია.“ალია”-სთან თავისი პოზიცია კი ასე დააფიქსირა: “უშიშროების სამინისტრო კანონპროექტისდაუსაბუთებელი ქონების შესახებ~ მიღებას დადებითად აფასებს, მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით.”


უშიშროების მინისტრის ქონების ღირებულება 510.945 ლარს შეადგენს. ესეც მხოლოდ ჩვენი გამოთვლებით.



სააკაშვილის ყველაზე მკვეთრად გამოკვეთილ ოპონენტს, შს მინისტრ კახა თარგამაძეს დეკლარაციის მიხედვით მდიდარ მინისტრთა სიაში ვერ ჩავრიცხავთ, რადგან, ოფიციალურად, მისი ქონების ღირებულება მხოლოდ 211.254 ლარს შეადგენს. თარგამაძის ოფიციალური განცხადება კანონპროექტის თაობაზე კი ასეთია: ცვლილებებისა და შესწორებების გარეშე შსს ამ კანონპროექტს მხარს არ უჭერს და ამის დამასაბუთებელი გარემოებებიც გვაქვს. თუ ის შესაბამისობაში მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან, ჩვენ მას აუცილებლად დავუჭერთ მხარს~. მდიდარ მინისტრთა კასტაში გამოგვრჩა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის ქონებაც 419.889 ლარისაა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე _ მისი ქონება 304.630 ლარის ღირებულებისაა. მინისტრთა საშუალო ფენის ქონების ღირებულება 200 - 250 ათას ლარს შეადგენს. ამ ფენაში მოხვდნენ კულტურის (267.070 ლარი), მშენებლობის (251.820 ლარი), სოფლის მეურნეობის (213.296 ლარი), ჯანდაცვის (273.730 ლარი), ფინანსთა (200.637 ლარი) მინისტრები. მათი პოზიცია დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის მიმართ დაახლოებით ასეთია: _აღნიშნულ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ. უკანონო ქონება ჩამორთმეულ უნდა იქნეს.



ალბათ საინტერესოა, რომელ მინისტრს აქვს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ყველაზე მცირე ქონება. ამ "ნომინაციაში" განათლების მინისტრმა ალექსანდრე კარტოზიამ გაიმარჯვა. მან თავისი ქონება 23 ათას 800 ლარად შეაფასა.ღარიბი~ მინისტრების ქონება 150 ათასი ლარიდან ქვევით ჩადის და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, 23 ათას 800 ლარზე ჩერდება. ამ ფენაში შედიან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვალერი ვაშაკიძე (112.560 ლარი), გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მინისტრი ნინო ჩხობაძე (119.286 ლარი), სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა (103153 ლარი). ამ ფენაში მოხვდა თვითონ მიხეილ სააკაშვილიც (131.665 ლარი). საფიქრებელია, რომ ამ ფაქტმაც მისცა მას დიდი ბიძგი ამ კანონპროექტის ასე თამამად და ხმაურიანად აფრიალებისათვის. ზოგადად კი ზემოთ ხსენებული მინისტრები ერთიანად მხარს უჭერენ სააკაშვილის კანონპროექტს. ორიგინალურობას ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც აცხადებს, რომ ვინაიდან მის სამინისტროში ამ პროექტის ტექსტი არ შეუტანიათ, პოზიციაც, შესაბამისად, არ გააჩნია. დუმილის პოლიტიკის გამტარებელი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ 69.050 ლარის ქონებაა დაფიქსირებული.
ასე რომ, დანარჩენს, ვფიქრობთ, თავადაც მიხვდებით, გნებავთ კონტექსტებში, გნებავთ _ აშკარად. საერთო ჯამში, საქართველოს 18 მინისტრის ქონება 9 მილიონ ლარამდე აღწევს (8.769.967 ლარი). იმაზეც იფიქრებთ, ალბათ, ვინ როგორი სინდისითა და სიმართლით ავსებდა თავის ქონებრივ დეკლარაციას.



“დაუსაბუთებელი ქონების” ავტორები პოზიციების დასაბუთებას ცდილობენ

ვახტანგ რაზმაძის გარდა კანონპროექტს ფორმას სხვაც ბევრი უწუნებს. რატომ ჩაიგდეს თავი ამ დღეში მისმა ავტორებმა და გაითვალისწინეს თუ არა ყველა ის ჩიხი, რომელშიც ამ პროექტს შევყავართ? ახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ოქრუაშვილი შეეცდება.
ჩიხი #1 _ ყველაზე მთავარი კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უფრიალებენ სააკაშვილს ოპონენტები, ის კი არგუმენტირებულ პასუხს ვერ იძლევა, არის _ უნდა მოეთხოვოს თუ არა პასუხი ადამიანს იმ დანაშაულზე, რომელი დანაშაულიც აქამდე კანონით არ ისჯებოდა? რატომ უნდა ამტკიცოს ვინმემ თავისი უდანაშაულობა, როცა კონსტიტუციით ეს ბრალდების პრეროგატივაა? და რა ვუყოთ კანონის უკუქცევადობას?




ირაკლი ოქრუაშვილი:

კონსტიტუცია ამდაგვარ შეზღუდვებს აწესებს, რომ ადამიანს არ შეიძლება ქონება ჩამოერთვას სასყიდლის გარეშე. თუმცა ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას. თანაც ამ პოზიციაზეა ის ხალხი, ვინც კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდა მას. კონსტიტუცია არ კრძალავს ისეთი ქონების ჩამორთმევას, რომელიც შეძენილია უკანონო, ან დანაშაულებრივი გზით. უდანაშაულობის მტკიცებასთან დაკავშირებით კი კონსტიტუცია ცალსახად ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქ, ამ კანონში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, განსაზღვრულია წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურა, როცა ადამიანი ვალდებულია არათუ ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, არამედ დაასაბუთოს, ქონება საიდან შეიძინა. აქ დანაშაულთან და ბრალდებასთან შეხება არ გვაქვს. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან მსგავსი პრეცედენტები არ ყოფილა და ამას სწორედ ეს კანონი დაარეგულირებს. სისხლის სამართლის პროცესში ცვლილებების შეტანა საჭირო არ არის, რადგან ეს კანონი არ არეგულირებს სისხლის სამართლებრივ პროცედურებს. მას არავინ სდებს ბრალს დანაშაულის ჩადენაში, უბრალოდ, მან უნდა ამტკიცოს, საიდან აქვს შეძენილი ეს ქონება. რაც შეეხება კანონის უკუქცევით ძალას _ ძალიან ბევრი ოპონენტი აცხადებს, რომ ამ კანონს მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გავრცელდება დღეიდან, ანუ იმ ადამიანებზე და იმ ქონებაზე, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლიდან იქნება მოპარული. უკაცრავად, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დემაგოგიური მიდგომა. მაშინ გამოდის, რომ უნდა დავაკანონოთ ყველა ის ქონება, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე იყო მოპარული. ზოგიერთი ლოიალური ადამიანი ამბობდა, რომ მათ შეუძლიათ მისცენ მას უკუქცევითი ძალა, მაგრამ, არა უმეტეს 1997 წლისა, როცა ძალაში შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. დიდი ბოდიში, მაგრამ დეკლარირების სისტემა ამ კანონთან კავშირში არ არის. აქ ლაპარაკია დაუსაბუთებელ ქონებაზე, როცა ამ საკითხებს არეგულირებდა 1997 წლამდე მიღებული კანონიც. ჩვეულებრივი საგადასახადო სისტემა, რომელიც ჩვენ 1993 წელს მივიღეთ, ისიც კი ითვალისწინებდა ფიზიკურ პირთა დეკლარირების სისტემას...~ ჩიხი #2 _ არსებობს საშიშროება, რომ თანამდებობის პირი შეეკრას ვინმეს და საჩივრის შეტანის სცენარიც გაითამაშოს. ამით ის პასუხისმგებლობას ერთბაშად მოიხსნის და ვეღარც ვერავინ შეედავება...

ირაკლი ოქრუაშვილი:

ამის დამცავი მექანიზმი კანონში შემდეგნაირად ჩაიდო: როცა სარჩელი სასამართლოში შევა, მოსამართლე პროცესს 3 თვის მანძილზე არ დაიწყებს, რადგან შესაძლოა სხვამაც გამოთქვას სარჩელის შეტანის სურვილი. მოსამართლის გადაწყვეტილება საბოლოოა და ქონებაზე, რომელიც პირმა უკვე დაასაბუთა, სხვა სარჩელი აღარ შევა. თუ რაიმე სხვა ქონება აღმოაჩნდება, ამ შემთხვევაში სარჩელს მხოლოდ სასამართლო მიიღებს.


ჩიხი #3 _ უნდა მოეთხოვოს თუ არა შვილს მამის ცოდვებზე პასუხი? ჯაჭვურმა რეაქციამ კი შეიძლება ძალიან შორეულ წარსულშიც გადაგვისროლოს (თანამდებობის პირის მამის მამასთან).



ირაკლი ოქრუაშვილი: `ყველაზე ადვილი გამოსავალია, თანამდებობის პირმა თქვას, რომ, დავუშვათ, სახლის საყიდელი ფული მამამ მისცა, ის კი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაში ქონების კანონიერების დადგენა ძალიან მარტივია _ თუ მამამ შვილს ფული აჩუქა, შესაბამისი გადასახადი უნდა გადაეხადა; თუ ასესხა _ წერილობითი ხელშეკრულება უნდა არსებობდეს და თუ მემკვიდრეობაა _ ეს ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს დამოწმებული. თუ არც ერთ შემთხვევასთან არ გვაქვს ადგილი, მაშინ ქონება უკანონოა. თუ მამა ცოცხალია, მაშინ ისიც ხდება ადრესატი და მან უნდა დაასაბუთოს ამ თანხის კანონიერება. ასე შეიძლება გაგრძელდეს წინა თაობებზეც… თუ დადასტურდა, რომ ქონება მამას უკანონოდ აქვს შეძენილი, მაშინ ის შვილს ჩამოერთმევა, მამა კი სისხლის სამართლის დევნის ობიექტი ხდება.


ჩიხი #4 _ სარჩელის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. ამ საყოველთაო უსაქმურობის პერიოდში კი ერთ უწყებას 500 ქრონიკული მწერალ-მომჩივანი აწევს ტვირთად~. ამ რაოდენობას უწყებების რაოდენობაზე თუ გადავამრავლებთ, საშუალო არითმეტიკულადაც იმდენად კატასტროფულ ციფრს მივიღებთ, რომ საეჭვოა, საოლქო სასამართლომ ასეთიშემოტევა დაძლიოს.


ირაკლი ოქრუაშვილი: მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი იქნება მომჩივანი, მთავარი ის არის, ვინ არის ადრესატი, თორემ ერთ ადრესატზე შეიძლება რამდენიმე მომჩივანიც იყოს. კანონი კი საზოგადოების დიდ ნაწილზე არ ვრცელდება. მაღალი რანგის თანამდებობებად მითითებულია _ პოლიტიკური თანამდებობები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. მთავარი კი ის არის, რომ ქონების დასაბუთება თუ დაუსაბუთებლობა 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა უნდა გადაწყვიტოს. მოსამართლემ კი მათი პოზიციის გათვალისწინებით სანქცია დააწესოს~. ჩიხი #5 _ თუ თანამდებობის პირმა თავისი ქონება ვერ დაასაბუთა, გარდა იმისა, რომ მას ის უნდა ჩამოერთვას, ბუნებრივია, ეს ფაქტი სისხლის სამართლის დევნის საფუძველს იძლევა. უნდა განხორციელდეს თუ არა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, მით უმეტეს, რომ პროკურატურაში რეფორმების ჩატარება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. ხომ არ ეყრება ამით საფუძველი კორუფციის კიდევ ერთ წყაროს?

ირაკლი ოქრუაშვილი:

თუ თანამდებობის პირმა ქონება ვერ დაასაბუთა, ეს ფაქტი თავისთავად სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველს იძლევა. ამ შემთხვევაში საქმეში დამოუკიდებელი პროკურორი ჩაერთვება, რომელსაც ექნება უმაღლესი განათლება, ადვოკატის გამოცდები ჩაბარებული და არ იქნება დღევანდელი პროკურორი. მას ნაფიცი მსაჯულები შეარჩევენ.



ჩიხი #6 _ პროექტით გათვალისწინებულია, რომ ჩამორთმეული ქონება გადაეცემა სპეციალურ ფონდს, რომელიც მეანაბრეებს წლობით დაგროვილ ვალებს გაუსტუმრებს. ამ ვალების რაოდენობა 4 მილიარდია. შესაძლებელია თუ არა ამ თანხის ამ გზით ამოღება? თუ ეს ყველაფერი ფუჭი საუბარია? თვითონ ამ კომისიის ზოგიერთი პესიმისტურად განწყობილი წევრი იმასაც კი ამბობს, რომ მთელი საირმის გორა რომ გაიყიდოს, ამ თანხის ნახევრის ამოღების შესაძლებლობა არ იქნება. “ალიას საგამოძიებო ბიუროსთვის" არსებული ინფორმაციით, საირმის გორაზე დაახლოებით 40-50 სახლია. ერთ-ერთ ძვირფას სახლად კი უშიშროების მინისტრის სახლია მიჩნეული, რომელიც ბატონ ვახტანგს ქონებრივ დეკლარაციაში 120 ათას დოლარად აქვს შეფასებული, თუმცა ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტო თვლის, რომ მისი სახლი და ნაკვეთი 450 ათასად გაიყიდება. თუ ათვლის წერტილად სწორედ ამ ციფრს გამოვიყენებთ, აბსურდიც რომ დავუშვათ და საირმის გორაზე სახლები ყველას რომ ჩამოერთვას, სახელმწიფო 25 მილიონს ან მიიღებს ან არა. ხომ არ რჩება იმის საშიშროება, რომ ეს კანონი მხოლოდ პირად ანგარიშსწორებებში გადაიზრდება?

ირაკლი ოქრუაშვილი:


არავის აქვს ილუზია, რომ ამოღებული თანხით მეანაბრეების ყველა ვალი გაისტუმრება. მაგრამ 10 პროცენტიც რომ დაიფაროს, ეს უკვე რეალური შედეგია.

დატოვებს თუ არა სააკაშვილი ყურადღე??


კომენტარები:

ფართი შოპი