მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე რუმინეთის ელჩს შეხვდნენ

14 May 2021 19:32


2021 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშივლი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში რუმინეთის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს გეგმის შესახებ 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, აღინიშნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა.

 

რუმინეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუმინეთი, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით ბოლო წლებში დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანა, მზად არის საქართველოს საუკეთესო გამოცდილება გაუზიაროს და ამ პროცესში დახმარება გაუწიოს.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში დაახლოების მნიშვნელობაზე. კერძოდ, ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებასა და ახალგაზრდობის ხელშეწყობას საქართველოს მოქალაქეებმა თანაბარ პირობებში განათლება მიიღონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ მიმართულებით, აღინიშნა რუმინეთის მიერ ევროკავშირის არა წევრი ქვეყნებისთვის გაცემული სტიპენდიები, რომლითაც ქართველი სტუდენტები ხშირად სარგებლობენ.

 

რუმინეთის ელჩთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო შემოდგომაზე დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. მაკა ბოჭორიშვილისა და ლევან ქარუმიძის განცხადებით, დაგეგმილი სამიტი უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლის განსაზღვრის კუთხით.

 

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნეს, რომ შავი ზღვა ორი ქვეყნის არა გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ასპექტი უნდა იყოს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს და რუმინეთის მხარეებმა ევროინტეგრაციის კუთხით სამომავლო პროექტების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის იმედები გამოთქვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი