“რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ უტყუარი ინფორმაციაა“ – როდიდან და რატომ შეიძლება მოიხსნას კომენდანტის საათი?

17 May 2021 11:21

ქართული ეკონომიკა უმძიმეს დღეში რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ პრემიერმა მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა და ამ კაცს ინვესტიციების მოზიდვა დაავალა. 

ეს სწორედ ის გახლავთ, რაზეც რამდენიმე თვეა, „ალია“ წერს – საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელება არავის სურს და ამის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად, პანდემია და საყოველთაო კრიზისია. პრემიერის აზრით, ჰუდაკმა საკუთარი გამოცდილება და სანაცნობო წრე უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული უცხოური ინვესტიცია მაინც შემოვიდეს, სხვაგვარად, ქართული ეკონომიკა წლის ბოლოსთვის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვები იქნება. უკვე ყველამ იცის, რომ წლის ბოლოს, განხორციელებული თუ განსახორციელებელი ინტერვენციების გამო, ეროვნულ ბანკს რეზერვის შესავსებად ახალი ვალის აღება მოუწევს. წლის ბოლოს ვალის აღების აუცილებლობა დაადასტურა სახელმწიფო ელექტროსისტემამაც, რომლის მოცულობა 200 მილიონი იქნება.


სხვათა შორის, ელექტროსისტემა არსებულ სიტუაციაზე ორიოდე თვის წინ დავწერეთ და ისიც ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია და ინვესტორი, „ენერგო პრო ჯორჯია“ ქართული ბაზრიდან გასვლას რომ აპირებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფო დიდ ობიექტებს კერძო კომპანიებს უბრალოდ „ახევს“ და მათ სახელმწიფო ელექტროსისტემას უქვემდებარებს. 


მაშინ გვეწერა, რომ სახელმწიფო უწყებას მათი მომსახურების რესურსი უბრალოდ არ აქვს და საამისოდ სოლიდური ფულის დახარჯვა მოუწევს თქო და აგერ ბატონო, 200 მილიონიანი ვალით ზუსტად ის პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომელზეც ჩვენ ვწერდით. არ ვიცით, უფრო რბილად როგორ ვთქვათ და, სახელმწიფო მონოპოლიების მოპოვებასა და არსებულის შენარჩუნებას ჯიუტად ცდილობს. ერთეული ადამიანების „დაკრიშვის“ ხარჯზე, არამარტო რიგითი ადამიანები, არამედ მსხვილი კომპანიებიც ზარალდებიან და „ენერგო პრო ჯორჯია“ ამის ნათელი მაგალითია. 


მონოპოლიებზე კიდევ ერთხელ ვახსენოთ კვერცხი, რომლის წარმოება ახალ წლამდე 17% იყო, 2021 წლის პირველ კვარტალში კი შიდა ბაზარმა მომხმარებლის… 95.1% დააკმაყოფილა. 

ანუ, როგორც კი მონოპოლია მოიხსნა, ადგილობრივმა წარმოებამ ამოისუნთქა. 


კარგი იქნება, თუ იგივე მოხდება მაგალითად კარტოფილთან მიმართებაში და ქართული ჯარი და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ადგილობრივ ნაწარმზე იქნებიან. ეს ორი უწყება კარტოფილის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და ასი პროცენტით შემოტანილ კარტოფილს მიირთმევენ. ეს მაშინ, როცა საქართველოში ფერმერები სახელმწიფოს კარტოფილის ყიდვას 30 თეთრად ემუდარებიან.


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი