როდის დაარსდა და როგორ აღინიშნება – ყველაფერი ოჯახის სიწმინდის დღეზე

17 May 2021 13:21

2004 წლიდან მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ეს თემა აქტუალური 2013 წელს გახდა, როცა ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.

 

კონტრაქციაში სასულიერო პირები და მრევლის ნაწილიც მონაწილეობდა.

 

მომხდარი ინციდენტიდან ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.

 

2014 წლის 16 მაისს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დღესასწაულის დაწესება ქრისტიანული ოჯახების დაცვას ისახავს მიზნად, რადგან მსოფლიოში და საქართველოში ნელ-ნელა „ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება” ხდება.

 

„ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რათა ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს, ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან.”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა, შემდეგ კი სასულიერო პირებმა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები და ქუჩები აკურთხეს. სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა.

 

ასევე აღსანიშნია, რომ საპატრიარქომ მოუწოდა მრევლს, ქუჩაში მსვლელობის გამართვის შემთვევაში ის იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი.

 

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რათა ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

 

დაარსების შემდეგ ოჯახის სიწმინდის დღე უკვე მერვედ აღინიშნება. 2020 წლამდე 17 მაისს მორწმუნეები ქუჩაში მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნავდნენ. ასევე ტარდებოდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით.

 

2020 წლიდან კი, როცა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს თავს პანდემია დაატყდა, დღესასწაული შედარებით მოკრძალებულად აღინიშნება.

 

აღარ იმართება მასშტაბური მსვლელობები და კულტურული ღონისძიებები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით,  17 მაისს სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ.

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება, 17 მაისს დაეარსებინა ოჯახის სიწმინდის დღე, არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ეს დღესასწაული ლგბტქიუს თემის წინააღმდეგაა მიმართული და მიუღებელია.

 

კრიტიკოსებს ერთ-ერთ ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა.

 

2019 წლის 17 მაისს ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და მისი დაწესება საქართველოს ოჯახებზე და საქართველოს მომავალზე ფიქრითაა განპირობებული.

 

“17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე”, – განაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 19 მაისს, ქადაგების დროს.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი