ლევან ბოძაშვილი - კიევში მელია-სააკაშვილს შორის ისეთივე „კონსულტაციებია“, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო რომ შეიკრიბება ხოლმე უკვე გადაწყვეტილ საკითხებზე

17 May 2021 21:08

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ახლა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სურს ისე წარმოაჩინოს, რომ სწორედ ის არის გადაწყვეტილებების მიმღები.


ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის უკრაინაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს „დადმული სპექტაკლია“.


„ეს ისეთივე „კონსულტაციებია“, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო რომ შეიკრიბება ხოლმე და უკვე გადაწყვეტილ საკითხზე რაღაცის გადაწყვეტას ცდილობს. 


დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, უბრალოდ, ახლა მიხეილ სააკაშვილის ანტურაჟით ხდება მისი გაფორმება, ეს არის და ეს. სააკაშვილს უნდა ჩათვალოს და აჩვენოს საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს, რომ ის არის გადაწყვეტილების მიმღები, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ არის, იმიტომაც დაიდგა ეს სპექტაკლი“, - განაცხადა ბოძაშვილმა.


მისი შეფასებით, ახლა სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ არაფორმალურად მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ქვეშ.


„ვინ არის მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად ამ წუთში? - არავინ, არც პარტიის თავმჯდომარეა, არც საქართველოს მოქალაქე. 

„ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ არაფორმალური მმართველობის ქვეშ იყო და ახლა გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა ადამიანთან, რომელიც არც პარტიის ხელმძღვანელია და არც საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, სააკაშვილის ფაქტორი უკვე არაფორმალურად მოქმედებს. 


მეორე შეფასებაა ალბათ ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გამოსავალი არ აქვს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, რომ პარლამენტში შევიდეს და ახლა სააკაშვილს უბრალოდ უნდა, რომ ეს შეხვედრაც ისე წარმოაჩინოს, რომ მისი გადაწყვეტით მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა, დაანახოს უცხოელებს, რომ აი, მე გადავწყვიტე ეს საკითხი და არა ნიკა მელიამ ან სხვამ“, - განაცხადა ბოძაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი პრაქტიკულად ამოწურულია.


„ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში რეალურად ისევ მიხეილ სააკაშვილის იმედი აქვთ ამდენი წლის შემდეგ მის მხარდამჭერებს და არა კონკრეტულად ნიკა მელიასი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რომ ჩაატაროთ გამოკითხვა, ნიკა მელია თუ მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს. მეორე პრობლემა ისაა, შევა თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი პრაქტიკულად ამოწურულია“, - განაცხადა ბოძაშვილმა.


გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ თვითმართველობის არჩევნებისთვის ახალ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შანსი, რომლებიც ამ დრომდე პოლიტიკურ ასპარეზზე არ ყოფილან.


„შანსი ყველა, პოლიტიკურ ასპარეზზე აქამდე არმყოფ ახალ ძალას აქვს, რადგან ხალხს ყელში აქვს ამოსული არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ეს არის პოლიტიკური პინგ-პონგი, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება. 


ყველა სახელმწიფოებრივი საკითხი, რომელიც ადამიანებს აწუხებთ, გვერდზეა გადაწეული“, - განაცხადა ბოძაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი