ქეთი ხუციშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნდა და მაყურებელს ძველებურად სახალისო და ცეცხლოვან სცენებს ჰპირდება.
ქეთი ხუციშვილი: „კომედი შოუს“ გუნდი „ფორმულას“ შევუერთდით და შესაბამისად, ჩემი პერსონაჟი სერიალშიც დაბრუნდა. თენგო რომ გამოჩნდა და მახსენებდა, მეც და მაყურებელს იმედი გაგვიჩნდა, რომ ეს ამბავი ლუნას გარეშე არ ჩაივლიდა (იცინის). ძალიან მიხარია სერიალში დაბრუნება და ჩემ გარშემოც ყველას გაუხარდა. ცეცხლოვანი პერსონაჟი მყავს და სერიალს მრავალფეროვნებას შემატებს, გამახალისებელია ჩვენი გიჟმაჟი პერსონაჟები (იცინის). თავის დროზე, ძალიან დამწყდა გული, როცა სერიალს გამოვეთიშე. ხუთი წელი რომ რაღაცის ნაწილი ხარ, რა თქმა უნდა, მერე რთულია მის გარეშე, მაგრამ „კომედიში“, დაახლოებით, იმავე ფორმატში ვიყავი და მიხაროდა, რომ ბოლომდე არ მოვწყდი ამ სამყაროს. ახლა „კომედი ჯგუფი“ ძალიან მიწყობს ხელს, რომ სერიალშიც ვიყო და მათთანაც.
„კომედი“ და „ნიკა არაბიძის შოუ“ ძალიან დამეხმარა იმაში, რომ არ მოვდუნებულიყავი და ეკრანს საერთოდ არ მოვწყვეტოდი. ამიტომ სერიალშიც მობილიზებული დავბრუნდი.
– „რუსთავი 2-იდან“ „ფორმულაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გქონდა?
– არა, ეს გადაწყვეტილება გუნდმა ერთად მივიღეთ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა ავირიე. მე, საერთოდ, იმას ვფიქრობდი, სამსახური არ დამეკარგა. ყოფითი პრობლემები გვაქვს, დღეს ყველას აღელვებს სამსახურის დაკარგვა და მათ შორის, მეც. ამაზე ვნერვიულობდი, თორემ სერიალში დაბრუნებაზე ფიქრიც არ მქონია, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. მაშინ, როცა უსამსახუროდ დარჩენაზე ვფიქრობდი, ახლა ორი სამსახური მაქვს. თან ვიზუალურად შევიცვალე, ამიტომ ახლა სერიალში დაბრუნება კიდევ უფრო საინტერესო მეჩვენება.
– შენს გარეგნულ ცვლილებებს ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყვა?
– ხუთი ექვსი წლის წინ, ამ სფეროში რომ ფეხი შემოვდგი, ყველაფერზე ვნერვიულობდი. ჩემ შესახებ ცუდ კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, რა დავუშავე ამ ხალხს ასეთ საშინელებებს და უზრდელობებს რომ მიწერენ-მეთქი. საქართველო ხომ პატარაა და ხომ შეიძლება, ის ადამიანი სადმე, სუფრასთან შემხვდეს, ერთმანეთი გავიცნოთ და მერე ხომ შერცხვება?! თუმცა, ახლა აღარ მოქმედებს ჩემზე ასეთი რამეები. იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისგან, ათი პროცენტიც რომ მლანძღავდეს, მაინც ანგელოზი გამოვალ (იცინის). ყველას ვერც ეყვარები. თან, ხშირად მსახიობი და პერსონაჟი ერევათ ხოლმე ერთმანეთში. ახლა პირიქით იწერება – უი, რა ლამაზიაო.
– მგონია, როცა გართობასა და დასვენებას ეხება საქმე, ძალიან გიჟი და მხიარული ხარ. ასეა?
– არა, სად ვერთობი?! ღამის ბარი მე არ ვიცოდი და არაფერი. გადაღებიდან პირდაპირ სახლში მოვდივარ და ათ საათზე ვიძინებ. შვიდი წელია, დასასვენებლად არ ვყოფილვარ. თბილისში ვიხრუკები, სიცხეში. ერთი დღით თუ წავალ სადმე. როცა ვიღლები, სახლში საწოლი მაქვს და წამოვწვები. ბარეღამ კი მინდა დასვენება და განტვირთვა, მაგრამ სად არის!?
– უკვე იმხელა შვილი გყავს, და-ძმას ჰგავხართ. როგორი ბიჭია?
– ბავშვობიდან ძალიან ზრდასრული ადამიანი იყო და ზუსტად ვიცოდი, რომ დინჯი და გაწონასწორებული იქნებოდა. ჩემს შვილთან პრობლემა არასდროს მქონია. კულინარია ისწავლა და ახლა სამზარეულოში მუშაობს, ხან ერთ რესტორანში, ხან – მეორეში და ხან – ბარში. უკვე ორი წელია, გვერდით მიდგას. მაგალითად, ახლა კაპიკი არ მქონდა და ბავშვმა თავისი ხელფასით ბენზინი ჩამისხა. ჩემს შვილს ფულს არასდროს ვართმევ, გამორიცხულია, მაგრამ ახლა გამიჭირდა და რა ბედნიერებაა, რომ შემიძლია, ვუთხრა: შვილო, ცოტა მასესხე-მეთქი (იცინის).
– შენ როგორი იყავი მის და უფრო პატარა ასაკში? „ფეისბუქზე“ წერდი, სკოლას ვერ ვიტანდიო...
– ვაიმე, კი, ვერ ვიტანდი. საშინლად არ მიყვარდა და მაქვს ამის მიზეზები, სწავლაც მეზიზღებოდა. მესმის, რომ კარგი არაა, მაგრამ ხომ არ მოვიტყუები, რომ მიყვარდა?! სკოლის დამთავრებამდე ასე ვიყავი. დედაჩემი მეუბნებოდა, წლები გავა და ნახე, როგორ მოგენატრებაო. ვაიმე, ვაიმე, ამწუთასაც ეკლები მაყრის გახსენებაზე, იმ დონეზე მეზიზღებოდა სკოლა და სწავლა (იცინის). ხან სამები მყავდა, ხან – ორები, მაგრამ „ვძვრებოდი“, როგორღაც დავამთავრე და ბედნიერი ვარ. რომ ამბობენ, ნეტავ, ბავშვობაში დამაბრუნაო, მე არ მესმის, საშინლად არ მინდა იმ წლებში დაბრუნება. ძალიან მომწონს, როგორც ახლა ვარ. ქალს „ვარსკვლავობა მეღირსა“ და ახლა სკოლაში და ოროსან ბავშვობაში დაბრუნება რატომ უნდა მინდოდეს?! (იცინის) ახლა გამეხსნა მეორე დეკადა და ახლა მიხარია ცხოვრება.
– რომ წამოიზარდე, თინეიჯერული ამბები დაგეწყო, შეყვარებულები და ამ დროს სწავლის გამო „გაჯოჯოხეთებდნენ“ – ეს პერიოდი როგორ გახსენდება?
– როგორც თქვი, ჯოჯოხეთურად, მეზიზღება (იცინის). არ ვიცოდი, სად ჩამებარებინა, გონზე არ ვიყავი. არაფერი მინდოდა. მამაჩემმა – მოდი, იქნებ იურიდიულზე ჩააბარო, კარგია, მოსამართლე გამოხვალო. მოსამართლეო, ხალხო, მე მოსამართლე. ჩავაბარე ვაიუბედურებით. დაუსწრებელზე მოვხვდი, კიდევ კარგი, მალ-მალე არ მიწევდა მისვლა. ცალკე უბედურება იყო გამოცდები, მოვკვდი და გავცოცხლდი. დავამთავრე და თვრამეტი წლის ასაკში უკვე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. ვაიმე, რომ მახსენდება, ცუდად ვარ. იმ დონეზე არ იყო ჩემი, რომ წამოვედი. კარგი სამსახური იყო, მაგრამ ჩემი – არა და ვერ გავჩერდი.
ცხოვრების ყველანაირად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. დიდი ჩავარდნა მქონდა პირადულების გამო, მაგრამ ეტყობა, მაცადა ცხოვრებამ და ბოლოს მითხრა, მოდი, კარგ პალასაზე შეგაგდებო და ახლა ეს ხდება.
– ვნახოთ, აბა, კიდევ რაზე ჩავწერთ ინტერვიუს, რით გაგვაოცებ...
– იმაზე ნამდვილად არა, რომ გავთხოვდები. გამორიცხულია, ეგ მოხდეს. რად მინდა გათხოვება?! იმდენად მივეჩვიე – სახლში მოვდივარ, ჩემთვის ვარ, საწოლში ჩემს გემოზე გადავბრუნდები და გადმოვბრუნდები. როცა მინდა – ავდგები, როცა მინდა – დავწვები. კარგი რა, რა გათხოვება?! ასე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
თბილისელები