სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 21.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 14.9 პროცენტი - კახეთში, 13.9 პროცენტი - იმერეთში, 11.9 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.9 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლულია 67.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 36.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 63.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 863.9 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში 8 943 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 44.7 პროცენტი - ფრინველის, 24 პროცენტი - ღორის, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 8 ათას პირს, საიდანაც 29.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 844 კაცი შეადგინა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, სასაკლაოებში პირუტყვის დაკვლა გაძვირდა. კერძოდ, თუ 2021 წლის 1-ელ კვარტალში, სასაკლაოებში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.2 ლარი, ხოლო ღორის - 25.7 ლარი იყო.
მაშინ როცა, 2020 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებლები შემდეგი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 25.5 ლარი; ცხვრის ან თხის - 9.9 ლარი; ხოლო ღორის - 23.1 ლარი.