ვახტანგ შაქარიშვილი: რატომ სცნობს კახა კალაძე სააკაშვილის ზონდერს კუს ტბის მესაკუთრედ?!

18 May 2021 19:55

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ, კუს ტბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და კოლეგებს ამ საკითხით სიღრმისეულად დაინტერესებისკენ მოუწოდა.


ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან მიმდინარეობს და ეს ე.წ. კერძო მესაკუთრე, სააკაშვილის ზონდერი გია უდესიანია.


„მინდა ვიკითხო საჯაროდ, ვინ არის კუს ტბის კერძო მესაკუთრე და რატომ უკეთებს დედაქალაქის მერი ლეგიტიმაციას და სცნობს გია უდესიანს, სააკაშვილის ზონდერს, რომელიც ქვეყნის გარედან აფინანსებს ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას კუს ტბის ლეგიტიმურ მფლობელად. ეს ხდება მაშინ როდესაც, ხვალ არის სასამართლო პროცესი, სადაც გია უდესიანის მიერ ტრაგიკულად მოკლული ბესო ხარძიანის ოჯახს აქვს დავა სასამართლოში.


სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რატომ სცნობს დედაქალაქის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი გია უდესიანს ზონდერს, მკვლელს მესაკუთრედ?! “ - დაინტერესდა საკრებულოს წევრი.


მისივე განცხადებით, ის რიტორიკულ კითხვას დასვამს - ხომ არ შეუშლის თბილისის მერის ეს განცხადება სასამართლო პროცესს ხელს და ხომ არ გამოიყენებს უდესიანის მხარე ამ განცხადებას როგორც არგუმენტს, როდესაც ოფიციალური სტრუქტურა, პარტიის „ქართული ოცნება“ გენერალური მდივანი მესაკუთრედ აღიარებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო მესაკუთრესთან, რომელიც ამ ეტაპზე გია უდესიანია.


„გთხოვთ კოლეგებო, დაინტერესდეთ ამ საკითხით სიღრმისეულად, რადგან ეს არის ჩაგრული და განადგურებული ოჯახის შეურაცხყოფა. დავიცათ ჩვენ სამართლიანობა, ღირსება და დავიცვათ ოჯახი, რომელიც პირდაპირ გაანადგურა სააკაშვილმა გია უდესიანის ხელით.


აქ არ არის საკითხი ქონებრივ დავაზე, აქ არის საკითხი სამართლიანობაზე, ღირსებაზე და იმ მთავარ დაპირებებზე, რითიც პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში და როგორც აღმოჩნდა არა ქვეყნის სამართავად, არამედ პარტიის სამართავად“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი