ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის "პოსტს" აქვეყნებს:
"დასრულდა...
ქართული სასამართლოს ისტორიაში ამავე სასამართლოს მიერ პრეცედენტულად დაშვებული საქმის - როლანდ ბლადაძე V.S. სახელმწიფო / გიორგი პაპუაშვილი - განხილვა დასრულდა.
2014 წლის იანვრიდან მოყოლებული, ჩვენ შევძელით დაუნდობელი ბრძოლით შეუძლებელის გაკეთება. ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლების დასაცავად.
გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრია. დრო საამისოდაც ბევრია,თუმცა ახლა სხვაა განწყობა-როცა საქმის ყველა ფურცელი სიმართლეა,როდესაც სასამართლოს წინაშეა უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს და ეს ადამიანი ამ ხელისუფლების პირობებშიც დაზარალებულია.
30 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს ბოლო სხდომა ზუსტად 6 საათი გაგრძელდება. აღარ არსებობს რომელიმე საკითხი,რომელზედაც სასამართლოს არ ჰქონდეს სწორება. მე მინდა მჯეროდეს,რომ ნინო ბაქაქური,ზურაბ ძლიერიშვილი და ბესარიონ ალავიძე მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკადრება საკასაციო სასამართლოს და სამართლიანობას. სხვანაირად, განწირულია ეს ქვეყანა და ვერასოდეს გვექნება საიმედო მომავალი,თუ სასამართლო არ დადგა თავის სიმაღლეზე და არ თქვა,რომ როლანდ ბლადაძეს უნდა მიეცეს თავისი ჩამორთმეული სახლი."- წერს კაიკაციშვილი.