“ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს”, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ – გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. მან სასამართლოს ჩვენება დღეს მისცა.
რამაზაშვილი იმ ავტომანქანას – “მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა ინციდენტის დღე, როცა უამინდობის გამო, მანქანა წყნეთის გზაზე ვერ აჰყავდათ. როგორც ის ჩვენებაში აცხადებს, ვიდრე სამაშველო ჯგუფი მოვიდოდა, ერთი აღმართი თავად გაიარეს, იმ მომენტში ბრალდებულები ეხმარებოდნენ თუ არა, არ ახსოვს, თუმცა, ამბობს რომ მაშველების მოსვლის შემდეგ, ბრალდებულები მათ ეხმარებოდნენ.
“სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მალევე მოვიდნენ… ვახო და გიგაური გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მაშველებთან ერთად აწვებოდნენ მანქანას, ვახოს ჩამოძვრა ნიღაბი, გიგაურმა იცნო და მიმართა, „პროვოკატორო, ჩემი სახე დაიმახსოვრეო“. ვახომ უთხრა, ახლა ვერაფერს ვხედავ, ჩემი პრობლემა მაქვს და დამანებე თავიო. გიგაური წავიდა, მანქანას წრე დაარტყა, ფეხი აუცდა და დაეცა, დაეცა ვახოც. ხმაურზე მოვიდნენ დანარჩენებიც და ჩაერთნენ კონფლიქტში. ჩხუბი იყო, ფრაგმენტებად ვხედავდი გვერდითა სარკიდან, გიგაური რომ წაიქცა, მერე ვახოც დაეცა და წიხლებით შედგა გიგაური ვახოს, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს. დავინახე, რომ მურუსიძეს ხელი მოხვდა, შეიძლება შემთხვევით მოხვდა, ვერ დავაზუსტებ. სამაშველო სამსახური ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მე ფიზიკურად ვერ ჩავერეოდი, რადგან მანქანის მუხრუჭზე მეჭირა ფეხი, სამაშველომ დააშოშმინა სიტუაცია. სანაიას პატარა ბავშვი ჰყავდა, 3 წლისაც არაა, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში. ეს ბიჭები დაბლა ჩავიდნენ და ჩვენ გავაგრძელეთ მანქანის ამოყვანა. საპატრულო მალევე მოვიდა“, – განაცხადა რამაზაშვილმა.