ბერი ნიკოლოზი - მამა გაბრიელის სულიერი შვილი... "ბევრს სმენია, მაგრამ წარმოდგენაც კი არა აქვს მის შესახებ..."

12 May 2018 03:04


"არის საგნები, თუ არ დაინახე, ვერ იწამებ!!!
და არის საგნები, თუ არ იწამე, ვერ დაინახავ!!!"


დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენი ეპოქის ერთ უდიდეს პიროვნებაზე, ბერი გაბრიელის სულიერ შვილზე და მემკვიდრეზე, ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე. ნიკოლოზზე ბევრს სმენია, ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს ამ ადამიანის არსებობის შესახებ, ბევრი დევნის, ბევრმა კი იცნო და მიიღო... მაგრამ, მოდით გადავდებ ჩემს სუბიექტურ აზრს და უბრალოდ გაგაცნობთ მას.


ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა, სამი წლის განმავლობაში ის გაბრიელ ბერის მორჩილებაში იყო. 


ბერი ნიკოლოზი: "მამა გაბრიელი სამი წელი მზრდიდა. პირველ წელს მასწავლა მორჩილება, მზად ვიყავი მისი ყოველი დავალება შემესრულებინა.


მეორე წელს - თავმდაბლობა. დამანახა, რომ ვიყავი ყველაზე ცოდვილი ადამიანი.


მესამე წელს სიყვარული. შემაყვარა ყველაზე ცოდვილი ადამიანი და მზად ვიყავი მისთვის თავი დამედო.


ეს არის წმინდანის მიერ აღზრდის დიდი ხელოვნება.


შემდეგ გამიშვა ერში. მასწავლებელი მოსწავლეს რომ ზრდის, შემდეგ ერში უშვებს დამოუკიდებლად, რათა პიროვნებად ჩამოყალიბდეს." 


წმინდა მამების ცხოვრებიდან ცნობილია, რომ დიდი წინასწარმეტყველი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგაც ასწავლის თავის ერს ხილული თუ უხილავი სასწაულებით. ტოვებს რა თავის ფიზიკურ სხეულს, ის არ ტოვებს სულიერად თავის ხალხს, აგრძელებს რა თავის მისიას მის სულიერ მემკვიდრეში. 


ბერი ნიშნავს წმინდანს, მონაზონი დამწყებს. "როგორც სხეულს სიცოცხლე გადაეცემა თაობიდან თაობაში, ასევე გადაეცემა სულიერი ცხოვრებაც. ბერი გადმოცემის მატარებელია და მემკვიდრეა და მას თავის სულიერ შვილს აუწყებს და მას ქრისტეში შობს" (მიტროპოლიტი იეროთეოსი). მონაზონს მხოლოდ ვნებების დამარცხების შემდეგ შეიძლება ვუწოდოთ ბერი - წმინდანი, თან უმნიშვნელოვანესია ვისთან იწყებს მოღვაწეობას. 


მამა გაბრიელზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ყველასთვის ცხადია რა დიდი პიროვნებაც იყო და რა ეკლიანი გზა გაიარა. მას შეეძლო მომავლის დანახვა, შეეძლო ადამიანის აზრების წაკითხვა, ადამიანის სულში ჩახედვა, შეეძლო ერთდროულად რამოდენიმე ადგილზე ყოფნა, ანუ ფლობდა დროს და სივრცეს. უამრავი ფაქტი არსებობს, რაც ადასტურებს ამ ყველაფერს და მე არ დავიწყებ დღეს ამის მტკიცებას, მას არ ჭირდება სხვისი დაცვა. მიუხედავად ზემოთთქმულისა, მას ყოველთვის დევნიდნენ. "ყოველთვის" სიტყვა იმიტომ ვთქვი, რომ ეს არ ხდებოდა მხოლოდ კომუნისტების დროს, რითაც დღეს ბევრი იმართლებს თავს. ბევრმა ვერ იცნო წმინდანი და გიჟად, ლოთად და გარყვნილ ადამიანად შერაცხა. დღეს კი იგივე გზას მისი სულიერი მემკვიდრე გადის. მასაც დევნიან, ავიწროვებენ, კიდევ უფრო მეტ უხამსობას იძახიან, ვიდრე მის მასწავლებელს. ამბობენ სულ არ ყოფილა გაბრიელის მოსწავლეო. ზოგი ამბობს იყო, მაგრამ გაბრიელის მერე "აურიაო", ერთმა მრევლმა მითხრა, მისი სახელის ხსენებაც კი ცოდვააო, ასე მითხრა ჩემმა მოძღვარმაო. იმასაც კი ამბობენ, რომ სატანის მოციქულიაო... მე მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება, თუკი ვაღიარებთ მის სულიერ მოძღვარს, და ვუარყოფთ ამ მოძღვრის სულიერ შვილს, რა გამოდის? არ ვენდობით ჩვენს წმინდანს? ეჭვი გვეპარება მის ხედვაში? როგორი წმინდანი და წინასწარმეტყველი გამოდის, თუ მისი ერთადერთი მოსწავლეც კი ვერ გამოიცნო, ვერ დაინახა რა სულია, ვერ განჭვრიტა მისი მომავალი, და ბოლოს და ბოლოს ვერ აღზარდა? ვიცი ბევრი გულში გაიფიქრებს იესოს მოსწავლეზე, იუდამაც ხომ უღალატა თავის მასწავლებელს, მაგრამ... იესომ ხომ იცოდა ეს წინასწარ? ამიტომაც არ დაამყარა მასზე იმედები, ასევე შეეძლო სცოდნოდა მამა გაბრიელს... 


ბერი ნიკოლოზი - მამა გაბრიელის სულიერი შვილი


მოკლედ, სანამ ამდენ შეურაცხყოფას მივაყენებთ ჩვენს უდიდეს წმინდანს, მოდით ჯერ მისი აზრი მოვისმინოთ საკუთარი მოსწავლის შესახებ. 


"ბერებს შორის დირექტორი მე ვარ, ხოლო ჩემს მერე ნიკოლოზი იქნება."


"ამხელა ცოდნა აქვს ნიკოლოზს და როგორ ვერ იყენებენ?!"


"ასეთი ბერი არ ეყოლება საქართველოს, მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდე ავიდა..."


"ეს უდიდესი ბერია საქართველოსი, მის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, ეს შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში."


ნიკოლოზს "ტრუბაში" გააძვრენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება..."


"ნიკოლოზ, ოღონდ უბრალოდ იჯექი და მისმინე, მისმინე მხოლოდ, რომ ჩემი მე ჩავიდეს შენში!
შენ უძლური ხარ ნიკოლოზ, მაგრამ შენს უძლურებაში გამოჩნდება ჩემი ძალა!"


კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ საკმარისად ჩანს ამ ორი ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება. მართალია, ვთქვი სუბიექტური არ ვიქნები მეთქი, მაგრამ ძალიან ძნელია ხედავდე ასეთ უსამართლობას, ისმენდე თუ რა დიდ "პატივს" სცემენ ბერ გაბრიელს და ამასთან ერთად როგორ უარყოფენ მის სულიერ შვილს, მის მემკვიდრეს. სამწუხაროდ ბერი ნიკოლოზი ერთადერთი არ არის, რომელიც იდევნება. 


მამა იოანე ოლარი ამბობს: "ძალიან ბევრს არ ასვენებს ბერი ნიკოლოზის სიცოცხლე. მისი სახელის გაგონება იმათაც აშფოთებთ, ვინც ფიზიკურად არ იცნობს მამა ნიკოლოზს. ნიკოლოზის ატანა არა აქვთ!.. ბერი ნიკოლოზი ვის რას გერჩით, თავისთვის არის, ხან ყინვაში, ხან სიცხეში, მშიერ-მწყურვალი, მღვიძარე ლოცვითა და მეტანიებით გადაქანცული, შიმშილობებით, განკითხვით, ლანძღვით, მუქარით, ავადმყოფობით დასუსტებული. ის თქვენ არაფერს გთხოვთ, არც გერჩით და რამ გაგაცოფათ აგრერიგად?!.."


კომუნისტების დროს ბერი გაბრიელის დევნა სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ ამ ადამიანის დევნა მას შემდეგაც დიდ ხანს გრძელდებოდა, მისი სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც. ბევრი "მოძღვარი" თავის მრევლს უკრძალავდა მის საფლავზე ასვლას, მაგრამ ავიწყდებოდათ მთავარი - ადამიანს თვით ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, მათ კი ამ ნებას უზღუდავდა ეკლესიის წარმომადგენელი. იგივე მეორდება დღეს ბერი ნიკოლოზის შემთხვევაშიც, ბევრი მოძღვარი უკრძალავს თავის მრევლს მის ნახვას, მისი სახელის ხსენებასაც კი. საინტერესოა რატომ ეშინოდათ მამა გაბრიელის, ან რატომ ეშინიათ დღეს ბერი ნიკოლოზის? ნამდვილად არ ვცდილობ ვინმეს განსჯას, მაგრამ როცა ადამიანს უზღუდავ უფლებას, ან უნდა დაუსაბუთო, ან თუ სხვა მიზეზია, უნდა ამხილო. მამა გაბრიელი სრულიად საქართველოს ზრდიდა გადასარჩენად, ხოლო სულიერ მემკვიდრეს - მამა ნიკოლოზს გადამრჩენელადო... - ამბობს იოანე ოლარი, ესე იგი, ვიღაცას ეს არ აწყობს და სამწუხაროა, საგანგაშოც კი, როცა წინააღმდეგობა ეკლესიის სახით გვევლინება.


"ბერი ნიკოლოზი არის დიდი სული, რომელსაც, ქართველ წინასწარმეტყველთა საიდუმლო გადმოცემით, საუკუნეებია რაც ელოდება საქართველო, ხოლო მამა გაბრიელი კი - "ანტიქრისტეს შემაკავებელი". დღეს ბევრი "ართმევს" ღმერთს ხალხს, ისინი პატარა "ღმერთებად" ევლინებიან ადამიანებს, უფლის სახელით ატყვევებენ და ღუპავენ მათ!..."


ალბათ კიდევ ბევრი იტყვის "ბრმად", რომ ამ ადამიანების სიტყვა მათთვის უმნიშვნელოა, იმიტომ რომ ისინი "ავტორიტეტები" არ არიან. ვინც ამ გადმოსახედით წყვიტავს, მე მათ მინდა ვკითხო, არც გაბრიელ ბერია "ავტორიტეტი"? რომელი "ავტორიტეტების" მოყვარული გაბედავს და იტყვის, რომ მამა გაბრიელი არაა ავტორიტეტი? მაშინ რატომ არ გვჯერა მისი სიტყვის? იმიტომ, რომ ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე მასაც უარყოფდა და ახლა, როცა უკვე წმინდანად შერაცხეს, ამბობენ, რომ ყოველთვის სცნობდნენ მას. წმინდანი მხოლოდ გულით უნდა იცნო და არა "სტატუსით".


"ნიკოლოზ! მე და შენ ერთი ვართ! მე მხოლოდ შენ გენდობი!" - ბერი გაბრიელის სიტყვებია. იქნებ სულ ცოტა მაინც დავუფიქრდეთ და საკუთარი გონებით გადავწყვიტოთ, საკუთარ გულს ვენდოთ და საკუთარი თვალებით დავინახოთ სიმართლე. ნუ შეგვაშინებს ეს სიმართლე, დროა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და განთიადს შევხვდეთ ამაყები, იმით, რომ არ შეგვაწუხებს სირცხვილის გრძნობა, რომელიც ამ დიდი ადამიანების ზურგის შექცევით იქნებოდა გამოწვეული.


ემა ომანაძე
ასტრო-NEWS
2014 მარტი


წყარო: geoastro.ge


კომენტარები:

ფართი შოპი