გელათში ფრესკის ნაწილი ისევ ჩამოიშალა – სად არის თეა წულუკიანის დაპირება?

19 May 2021 18:31

გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია – ტაძარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.


მონასტრის მესანთლე ამბობს, რომ მაღალი ტენიანობის გამო, ფრესკების დაზიანებას მუდმივი ხასიათი აქვს, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.


ადგილზე არ ჩასულან არც ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი და ზიანი მიადგა მონასტერს.


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომხდარს და სააგენტოს მხრიდან მომხდარის იგნორირებას ინსტიტუციურ ვანდალიზმს უწოდებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები უკვე თვეებია საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.


“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩაედინებოდა. მეორე იერუსალიმად წოდებულ ტაძარში წყლის ჩასვლისა და ფრესკების ჩარეცხვის შემდეგ, მონასტერი დროებითი, თუნუქის ფირფიტებით გადახურეს.


5 მარტს, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომელიც, როგორც ჩანს, განცხადებად დარჩა:

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე, რადგან მრავალი საუკუნეა, მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად, ერთ-ერთი პირველი გამოცდის გელათზე ჩატარება. მგონია, რომ ეს არის დაუშვებელი და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება ფრესკებს, ფრესკები საკმაოდ მძიმედ არის უკვე დაზიანებული. ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა – ემოციური და ისტერიული. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სააგენტოში ყველა პასუხისმგებელი პირი, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ, რომ საზოგადოებას მშვიდად გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა.


მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13-წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს იმიტომ, რომ გელათის გარეშე, არც ძლიერი საქართველო არსებობს“

წყარო – მთავარი





კომენტარები:

ფართი შოპი