ირაკლი ქადაგიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

19 May 2021 19:38

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ  იმამურა აკირას შეხვდა.


შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ  ურთიერთკავშირებს და  თანამშრომლობის  სამომავლო გეგმებს დაეთმო. საუბარი, მათ შორის,  ბუნებრივია, ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს და მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის გააქტიურებასაც  შეეხო.


„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საპარლამენტო ცხოვრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიატორობით მიღწეული ხელშეკრულების შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. აღინიშნა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული ყურადღება ამავდროულად ეთმობა  საარჩევნო კოდექსის შემუშავებას, სასამართლო რეფორმის განახლებას. ელჩს გავაცანი ჩვენი კომიტეტის  საქმიანობის სპეციფიკაც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის შემდეგ.


მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებებზეც ისაუბრეს და ყურადღება ამ კუთხით საჭირო საპარლამენტო ინიციატივებზე, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილეს, რომლებსაც პარლამენტი ეკონომიკის მხარდასაჭერად გეგმავს.


„მნიშვნელოვანი იყო ასევე საკითხი იაპონური ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ განახლებადი და ეკოლოგიური ენერგოსისტემების მიმართულებით იაპონური ინვესტიციების გაზრდის საკითხს. მათ შორის, ეს ეხება ენერგოდამზოგავი და „მწვანე ენერგეტიკის“ მოწყობილობებისთვის ბიზნესის განვითარებას, ჰიდრორესურსების მეშვეობით წყალბადის გამომუშავებას და ა. შ. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც იაპონური გრანტების საფუძველზე ხორციელდება საქართველოში და, მათ შორის, კახეთში. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც  ოთხი მუნიციპალიტეტის  - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი - მაჟორიტარისთვის. იაპონური გრანტის საფუძველზე უკვე მიმდინარეობს ახალი პროექტების იმპლემენტაცია, მათ შორის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ერთი ეს არის ჯანდაცვის მიმართულებით და მეორეც  - მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი