რა სიგიჟეები ჩაუდენია შეყვარებულ ანი ქურთუბაძეს და ვის უმღეროდა ის სერენადებს

19 May 2021 23:00

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ანი ქურთუბაძე დიდი ხანია, მაყურებლისთვის ნაცნობი სახეა, მან არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა. ბოლო პერიოდში, გარდა მსახიობობისა, მისი სხვა შესაძლებლობებიც დავინახეთ, სულ ახლახან კი ანი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიც გახდა.


ანი ქურთუბაძე: ყოველთვის მომწონდა ამ ტიპის გადაცემები და მიხარია, რომ ახლა „რედიზაინის“ წამყვანი ვარ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ადამიანების გაბედნიერების საშუალება გვაქვს. ჩემს შემთხვევაში კითხვები გაჩნდა – ვითომ ვიცოდი, რომ ჩემი ოთახი უნდა გაერემონტებინათ, არადა ჩემთვისაც მართლა მოულოდნელი იყო. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ჩემი სახლი იმიტომ აირჩიეს, რომ მაყურებელმა ჯერ არ იცოდა ჩვენი გადაცემის შესახებ, შესაბამისად, მაყურებლისგან წერილები არ გვქონდა მიღებული და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ოთახის გარემონტება, რაც ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. 


„ბრიგადარტში“ საოცარი ბიჭები არიან, ისე გამირემონტეს ოთახი, ხმაც კი არ გამიგია, თან ამ სახლში ბავშვით ვცხოვრობ. ახლა პარალელურ რეჟიმში სამ სახლს ვარემონტებთ, რომელიც ჩვენი გადაცემის გვერდზე მოსული წერილებიდან ავარჩიეთ და ძალიან გამიტაცა ამ პროცესმა. ერთი სული მაქვს, ახალი გადაცემა ჩავწეროთ. ისეთი მაგარია, როცა ვხედავ როგორ უხარიათ ადამიანებს საბოლოო შედეგის ნახვა, რომ პროცესით საერთოდ არ ვიღლები.


– დიდი ხანი არაა, რაც ტელეწამყვანის ამპლუა მოირგე, როგორ მოხდა ეს?

– გურიაში მქონდა გადაღება, როცა პროდიუსერებმა დამირეკეს და „ტვ პირველის“ შუადღის ეთერის წამყვანობა შემომთავაზეს. დავფიქრდი, რადგან სულ დროის დეფიციტი მაქვს. ვოცნებობ ხოლმე, დღე-ღამეში 72 საათი იყოს. ვიცი, რომ ტელევიზიაც ბევრს მოითხოვს და ამან დამაფიქრა, მაგრამ იმდენად კარგი სიახლე იყო, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. მეგონა, ეთერში ნერვიულობით მოვკვდებოდი, მაგრამ საერთოდ არ მინერვიულია. წამყვანის ამპლუის მორგებაში ჩემი პროფესია გამოვიყენე.


– დროის დეფიციტი რის გამო გაქვს?

– ნანა ჯორჯაძის ფილმში ვთამაშობ და გადაღებები გვქონდა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სერიალში მიმიღია მონაწილეობა, ეს ჩემთვის პირველი მხატვრული ფილმია და ვფიქრობ, ყველაზე მაგარ ქართველ რეჟისორთან მიწევს მუშაობა. ნანა ჯორჯაძე, როგორც პერსონა, ნამდვილი ჯადოქარია. პირველი შეხვედრისას მითხრა, ქასთინგს არ ჩაგიტარებ, უბრალოდ, რამე მომიყევიო. მეც მოვუყევი ბებოს შესახებ და მითხრა, შეგეხმიანებიანო. ოცი დღე, როცა პასუხს ველოდი, სხვანაირად ვიღვიძებდი, მასთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სულ რომ არ გამოსულიყო ეს ამბავი, მაინც მადლობას ვეტყოდი ამ ადამიანს იმ ერთი შეხვედრისთვისაც. მერე ერთად მუშაობა რომ დავიწყეთ, სულ ამომიყირავა ცხოვრება, მართლა უდიდეს ენერგეტიკას ატარებს და ძალიან მიყვარს.


– მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?

– ბავშვობაში მინდოდა, გამყიდველი ვყოფილიყავი. ერთხელ სათამაშოები ჩავიტანე ეზოში და სამსახურიდან დაბრუნებული დედა ხედავს, რომ ეზოში ვზივარ და სათამაშოებს ვყიდი (იცინის). მსახიობობას რაც შეეხება, დედას ხშირად დავყავდი თეატრში და მახსოვს, პარტერში ყოფნისას როგორ მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში. მსახიობები ჯადოქრები მეგონენ და ვფიქრობდი, რომ შიგნით სასწაულები ხდებოდა.


მსახიობი რომ გავხდი და მუსიკისა და დრამის თეატრში ამოვყავი თავი, ერთხელ მარტო ვიჯექი საგრიმიოროში და მაშინ გამახსენდა ჩემი ოცნებები. თავიდან ოჯახისგან წინააღმდეგობა შემხვდა, არაპერსპექტიულ პროფესიად მიიჩნევდნენ. დედა მათემატიკოსია, ტექნიკური საგნები მეც კარგად მესმოდა და საბანკო საქმესა და ფინანსებზე ჩავაბარე (იცინის). არადა, საერთოდ არ მაინტერესებდა ეს პროფესია. 


ეროვნულ გამოცდებზე ასპროცენტიანი გრანტი ავიღე და დავიწყე ეკონომიკის სწავლა, მაგრამ იმდენად არ მაინტერესებდა, პირველი კურსი რომ უნდა დამეხურა, ჩუმად გამოვიტანე საბუთები და თეატრალურში ჩავაბარე.


– მშობლებმა როგორ გაიგეს?

– ჩუმად ჩავაბარე და ვიღაცისთვის ხომ უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი? ჰოდა, ჩემს სახლთან მაღაზიის გამყიდველს ვუთხარი (იცინის). სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი შედის მაღაზიაში და გამყიდველი ულოცავს, ვაიმე, თქვენი გოგო მესამე ტურში გადასულაო (იცინის). რომ ნახეს, ჩემი გავიტანე, მითხრეს, არ გვეგონა, თუ ასე ძალიან გინდოდა მსახიობობა, თორემ ხელს არ შეგიშლიდითო. მერე მართლა გვერდში დამიდგენენ და აღმოჩნდა, რომ თურმე, დედასაც და მამასაც თავის დროზე მსახიობობა უნდოდათ, მაგრამ ვერ გადადგეს ეს ნაბიჯი.


– სიყვარულებიც გავიხსენოთ, ბავშვურიც და სერიოზულიც...

– რაც თავი მახსოვს, შეყვარებული ვარ. ბაღში მიყვარდა რეიტუზიანი რეზიკო და თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს და მიხვდება, რომ მასზე ვსაუბრობ, იქნებ შემეხმიანოს, რომ ვიცოდე, რეიტუზიანი რეზიკო მართლა არსებობს და ჩემი მოგონილი არ არის. მერე სკოლაში, ხან ვინ მიყვარდა, ხან – ვინ და სულ განცდებში ვიყავი. მომწონდა დრამები და ბოლომდე თავით ვიყავი გადაშვებული სიყვარულში. რომ წამოვიზარდე და ამ ყველაფერს შეყვარებულობა და ხელიხელჩაკიდებული სიარულიც დაემატა, უამრავ სიგიჟეს ვაკეთებდი. ხან კორპუსთან ვუმღეროდი ჩემს შეყვარებულს და ხან რას ვიგონებდი (იცინის).


– მთავარი ამბავი როდის დაიწყო?

– დაახლოებით, ექვსი წლის წინ. ზღვაზე გავიცანით ერთმანეთი, მერე მეგობრების წრეში შევხვდით და ნელ-ნელა აეწყო ჩვენი ურთიერთობა. ესეც როგორ გამოვიდოდა სიგიჟეების გარეშე, თან, თვითონაც ასეთი იყო და ფეიერვერკივით მახსენდება ის პერიოდი. წარმოუდგენლად მალე, ერთ თვეში, გადავედით ერთად საცხოვრებლად. ხელი არ მოგვიწერია, ჯვარი არ დაგვიწერია და ცოლად გაყოლა-არ გაყოლაზე არ გვისაუბრია, დროსთან ერთად, თავისთავად დაერქვა ამ ყველაფერს სახელი. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა სპექტაკლიდან გამოვედი, მანქანით დამხვდა და მეც ჩავჯექი. აღელვებული იყო და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გადმოვიდა მანქანიდან, ჩემს მხარეს კარი გამოაღო, დაიჩოქა, ბეჭედი გამომიწოდა და ხელი მთხოვა. შოკში ჩავვარდი, მგონი, სამი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ერთად ვცხოვრობდით (იცინის). ახლა ერთად აღარ ვართ, თუმცა ის პერიოდი იმდენად კარგი იყო, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ძალიან კარგი მეგობრები ვართ და იმის გამო, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე არიან, ჩვენი შვილი თავს ცუდად არ გრძნობს. სამი წლის არის, მაგრამ თავიდანვე სწორად მივაწოდეთ ინფორმაცია.


– როგორი იყო გარშემო მყოფების რეაქცია, როცა ასე სწრაფად გადაწყვიტეთ ერთად ცხოვრება, თან, ოფიციალური ქორწინების გარეშე?

– არანაირი. ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები არიან, ოჯახის წევრებით დაწყებული და მეგობრებით გაგრძელებული, რომ უარყოფითი არცერთი მხრიდან არ მიგრძნია. ბებიებისა და ბაბუების თაობაც რომ გავიხსენო, შორს არ წავალ, ჩემი მეგობრის ბებიასა და ბაბუას ჯვრისწერას მე და მათი შვილიშვილი ვესწრებოდით. მაშინ ჯვარს ძალიან ცოტა იწერდა და დღეს რატომ უკვირთ?! ჩვენც ცოლი და ქმარი ვიყავით, ერთმანეთს ასე ვაცნობდით გარშემო მყოფებს. უბრალოდ, მე ქორწილის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. რამდენიმე ძალიან ახლო მეგობრის ქორწილშიც არ ვყოფილვარ, რის გამოც ბოდიში მომიხდია მათთვის, მაგრამ არ მიყვარს და რა ვქნა!? (იცინის).



– დედობა როგორია?

– თუნას დედობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. დაბადებიდან ჩემი მეგობარია. მის გარეშე ერთი ღამე არ გამითენებია, თითქოს, ყოველთვის ხელს მიწყობს, მაბედნიერებს. არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დავღლილიყავი. ალბათ, უენერგიობასაც არ ვუჩივი (იცინის). სამსახურიდან რომ დაღლილი ვბრუნდები, მაინც მთელი ენერგიით ვთამაშობთ ერთად და კი არ ვიღლები, პირიქით, ენერგიით ვივსები. ისეთ რამეებს ხვდება, მგონია, რომ სამის კი არა, 23 წლის არის. რაც შვილი გამიჩნდა, მას შემდეგ თვითშეფასება საოცრად მომემატა. მანამდე ძალიან დაბალი წარმოდგენის ვიყავი საკუთარ თავზე და ჩემი მეგობრები სულ მსაყვედურობდნენ, იქნებ გამოიხედო თვალებიდანო. სამყაროს რომ ახალი ადამიანი შევძინე, ისე გავიმართე წელში, რომ თავი ავწიე სანამდეც შემეძლო და ჩემი თავის ვირწმუნე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა შუაშიაო, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ დავიჯერე, რომ ნიჭიერი ვარ, დავიჯერე, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და ეს ყველაფერი ჩემი თუნას დამსახურებაა.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი