გემოლოგი: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გამჭვირვალე ძვირფასი ქვების შეძენისას

20 May 2021 11:05

ქვებს ზოგი რის მიხედვით არჩევს, ზოგი – რის მიხედვით. ადამიანები ყიდულობენ მათ ფერის, ფორმის, სტილის შესაბამისად. მათი დიდი ნაწილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვა შეესაბამება მის ზოდიაქოს ნიშანს. ისეც ხდება, რომ მათ მფლობელისთვის იღბალი მოაქვს, ან განსაკუთრებულად აქვს დაცდილი. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ქვას გამორჩეულად უფრთხილდება და სულ თან დაატარებს.

თუმცა, არსებობს რჩევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ქვის შერჩევისას. ეს სპეციფიკური სფეროა, რომელშიც გამოცდილება არცთუ ისე ბევრ ადამიანს აქვს. ხშირად ხდება, რომ საქმე ქვების გაყალბების ფაქტებთანაც კი გვაქვს. შესაბამის საკითხზე „თბილისი თაიმსს“ გემოლოგი მარიამ დუნდუა, იგივე კელი ესაუბრა.


რა რეკომენდაციები გაქვთ ადამიანებისთვის ქვების შერჩევის პროცესში?

თუ ქვების სფეროში გამოცდილება არ გაქვთ და გადაწყვეტთ მათ შეძენას, შეეცადეთ, მოერიდოთ კაშკაშა, არაბუნებრივ, თვალისმომჭრელი ფერის ქვებს – ჟოლოსფერს, კაშკაშა წითელსა და ა.შ. განსაკუთრებით, სიფრთხილე გამოიჩინეთ გამჭვირვალე ძვირფასი ქვების შეძენისას, რადგანაც შეუიარაღებელი თვალით მათი ნატურალურობის გარჩევა პროფესიონალებსაც უჭირთ.


როგორ ამოვიცნოთ, არის თუ არა ქვა ნატურალური?

ქვის ნატურალურობის ამოცნობის ერთი კონკრეტული წესი არ არსებობს, რადგანაც მინერალების სამყარო ძალიან უხვი და მრავალფერია. ხშირად ამბობენ, ნატურალური ქვა ცივი უნდა იყოსო, რაც ზოგი ქვის შემთხვევაში მართალია, ზოგის შემთხვევაში კი – არა. არსებობს ქვები, რომლებიც ოთახის ტემპერატურას ინარჩუნებს, მაგალითად – ქარვა საერთოდ არაა ცივი, არც მძიმე, ასევე გიშერი – მჩატეა და ინარჩუნებს შედარებით დაბალ ტემპერატურას.


ჩემი აზრით, თუ მინერალების შეძენა გსურთ, ჯობს იცოდეთ, რომელ ქვებს აყალბებენ ყველაზე ხშირად და მათი შეძენისგან თავი შეიკავოთ, ან კარგად ისწავლოთ მათი გარჩევა.

როგორ ავარიდოთ თავი მათ გაყალბებას?

ყოველთვის შეეცადეთ, ძვირფასი ქვები შეიძინოთ სანდო მომწოდებლისგან. ასევე, სანამ რამეს შეიძენთ დაათვალიერეთ ქვის ფოტოები და გადაამოწმეთ, რასაც გამყიდველი გთავაზობთ ხომ ნამდვილად ისაა, რისი შეძენაც გსურდათ. მაგალითად, ამეთვისტო იისფერი ქვაა, „დაგუგლეთ“ ამეთვისტოს ფოტოები, დააკვირდით ფერს – თუ მიხვდით, რომ გამყიდველი რაღაც სხვა ფერის ქვას გთავაზობთ, უბრალოდ, არ შეიძინოთ.


როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ქვებს?

თუ ქვას ატარებთ გულსაკიდის სახით, შეეცადეთ, სუნამოს დასხმისას პირდაპირ ქვას არ მიაპკუროთ. ბევრი მინერალი რეაგირებს სუნამოზე, მაგალითად, მალაქიტი თეთრდება. (ერთ-ერთი მეთოდი კონკრეტულად მალაქიტის ნატურალურობის დადგენისა). ყოველთვის ჰკითხეთ გამყიდველს, თუ რამდენად მყიფეა ქვა. ნაკლები სიმაგრის ქვა მარტივად ტყდება, მაგალითად – მთვარის ქვა. როდესაც ჩემგან მყიდველს მთვარის ქვა მიაქვს, ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ თუ ქვის მეტალში ჩასმას გადაწყვეტს, ძალიან ფრთხილად იყოს.


„იმედი მაქვს, ამდენმა სპეციფიკურმა რჩევამ მინერალების სფეროში ჩაღრმავების სურვილი არ გაგინელათ. მხოლოდ ერთ ქვაზეც რომ გადაიკითხოთ ინფორმაცია, როგორიცაა მითები, ლეგენდები, თვისებები, გამოყენების ისტორია, მოპოვების ტექნოლოგიები, ვარიაციები და ა.შ, მიხვდებით, რამდენად იღბლიანები ვართ, რომ ბუნებამ ეს სილამაზე შექმნა და მილიონობით წლების ისტორიის მქონე, დედამიწის სამკაულის ჯიბით ან სამაჯურის სახით ტარება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, ცირკონი მთვარეზე ძველია!“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე


ttimes.ge




კომენტარები:

ფართი შოპი