„არ გავუუპატიურებივარო და სრულწლოვანი ვეგონეო“ - რამ აღაშფოთა ბაია პატარაია

20 May 2021 13:54

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალებზე ხშირად მამაკაცები ისე ძალადობენ, რომ სასამართლოში ჩვენებებს ცვლიან.

„დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„ვიდეო ვნახე (შეგნებულად არ ვაშეარებ, რადგან მავნებლობად მიმაჩნია მსგავსი სიუჟეტები), სადაც არასრულწლოვან გოგოს აყოლებენ, ჩვენება როგორ შეცვალა და დარბაზიდან როგორ გაუშვეს სექსუალური მოძალადე.


არ გავუუპატიურებივარო და სრულწლოვანი ვეგონეო. ჰოდა, აიტაცა ერმა, აი, ქალები მატყუარები არიანო.
ქალები კი არ არიან მატყუარები, არამედ მსხვერპლებზე, 10-დან 10 შემთხვევაში, ზეწოლას ახორციელებენ მოძალადეები, რომ თავი დაიძვრინონ სასჯელისაგან.


ამას გეუბნებით ჩვენ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ათასობით კონსულტაციას გავწევთ „საფარში“ და ასობით საქმე გადის ჩვენ ხელში.


გგონიათ, სახელმწიფო იცავს დაზარალებულს ზეწოლისაგან? არა, ხელსაც არ ანძრევს!

ჩვენ კი ვცდილობთ ფსიქოლოგთან ერთად გავაძლიეროთ, ვასწავლოთ როგორ გაუძლოს ზეწოლას და მაინც, ჩვენი გოგოები და ქალებიც ტყდებიან და ზოგჯერ ვერ უძლებენ მუქარას, ზეწოლას, მოსყიდვას, დაპირებებს და ათას მანიპულაციას, რაშიც მარტო მოძალადე კი არ მონაწილეობს, არამედ მოძალადის ძმაკაცები, მოძალადის მშობლები, ზოგჯერ მსხვერპლის მშობლები და მსხვერპლის დაქალებიც კი.


არასრულწლოვანზე ზეწოლა კი ასჯერ უფრო ადვილია. პირველი ჩვენება არის ხოლმე ყველაზე მართალი როგორც წესი, მაგრამ სასამართლომდე წელგამართულები ვერ აღწევენ ქალები, მანამდე მათ გატეხას ასწრებს მოძალადე და საზოგადოება.

გახსოვდეთ ეს!


პ.ს. რას გვაძლევს მოტყუებული, დაჯაბნილი გოგოს/ქალის ჩვენება ტელევიზიით, რომელიც უარყოფს საკუთარ ჩვენებას? რომელიც ამბობს, რომ მოძალადე კარგი და საყვარელი ადამიანია და ამით თავად გამოდის მატყუარა, კრიმინალი და ცრუ ჩვენების მიმცემი? ბოროტებაა ასეთი სიუჟეტები, რომელიც მსხვერპლს წარმოაჩენს არარაობად და სიძულვილს აღვივებს ქალების მიმართ.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი