ალუდა ღუდუშაური - „ნაცმოძრაობაში“ თქვეს, აზრი ამომრჩევლებს უნდა დავეკითხოთო და მეორე დღეს აიღეს ხურჯინები და თავქუდმოგლეჯილები წავიდნენ უკრაინაში

20 May 2021 14:52

მიხეილ სააკშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფარაონია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.


მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის უკრაინაში გამართულ შეხვედრას „შეურაცხმყოფელი“ და „კომიკური“ უწოდა.


„აბა რას ნიშნავს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არაერთ განაჩენდამდგარი საქართველოს ყოფილი და ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდერები ჩადიან და უნდა დაეკითხონ, მათი ამომრჩევლის ნება განახორციელონ თუ არა, ეს შეურაცხმყოფელი და კომიკურია“,-განაცხადა ღუდუშაურმა.


მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოების აზრის გათვალისწინების ნაცვლად, „ხურჯინები აიღეს და უკრაინაში თავქუდმოგლეჯილები წავიდნენ“.


„ისინი ამბობდნენ, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე უნდა დაეკითხონ ამომრჩეველსა და საზოგადებას, მეორე დღეს საზოგადოების ნაცვლად, ვხედავთ, რომ აიღეს ხურჯინები და უკრაინაში თავქუდმოგლეჯილები წავიდნენ. თუ სააკაშვილია მათთვის საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ფართო ჩართულობა, ამის განსჯა მოქალაქეებისთვის მომინდვია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.


ამასთან, მან „ევროპულ საქართველოზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში „სინათლის ჩამქრობი აღარ დარჩა“. როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქრთველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიებია.


„ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება როდესაც ითხოვს წინ წასვლას, უმუშევრობის შეჩერებას და ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ჩვენს საზოგადოებას ქუჩის აქციებს, კარვებს, ქვეყანაზე შტურმს, ბოიკოტს და დესტრუქციას სთავაზობს, ერთი უნდა ვკითხოთ, მათ ამომრჩეველს ეს დაკვეთა ჰქონდა მათთვის?!“,-განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი რბილად, თუმცა მაინც აღიარებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „კუთხეშია მიმწყვდეული“.


„ცრუ ბრალდებები შორს ვერ წაგვიყვანს, ისინი პრაქტიკულად კუთხეში არიან მიმწყვდეული“, - განაცხადა ღუდუშაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი