გიორგი ვაშაძე საარჩევნო რეფორმაზე - „ქართულმა ოცნებამ" ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბა

20 May 2021 15:07

„ქართულმა ოცნებამ" ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საქართველოს საზოგადოებას იმისთვის, რომ გააყალბა არჩევნები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.


ვაშაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" წევრების პოზიციას, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი და აღნიშნა, რომ ბოდიში ვინ მოიხადა, ეს კარგად ჩანს შარლ მიშელის დოკუმენტში.


„ასეთი დონის საერთაშორისო ჩართულობა გახდა საჭირო, რომ უკან დაეხიათ. ეს კანონი (საარჩევნო რეფორმა) არის „ქართული ოცნების" ბოდიში. ვინ მოიხადა ბოდიში, შარლ მიშელის დოკუმენტი წავიკითხოთ თავიდან ბოლომდე და კარგად ჩანს“, - განაცხადა ვაშაძემ.


რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ვაშაძე ამბობს, რომ ეს შეთანხმების ნაწილი ვერ გახდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თამარ ჟვანია პოსტზე დარჩება, რეფორმის შედეგად, მას გაყალბების მექანიზმები არ ექნება.


„მეც მიმაჩნია, რომ თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ამის მექანიზმი კანონში ვერ გაიწერება, ამ ილუზიაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას. არც შეთანხმების ნაწილია ეს, ამის ჩაწერა კანონში საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გამო, შეუძლებელია. ეს არის პრეცედენტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით შექმნა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც ოპოზიცია მხარს უჭერდა. სურვილის დონეზე რა თქმა უნდა, მინდა, რომ თამარ ჟვანიამ და ყველა ვითომ დამოუკიდებელმა წევრმა რაც შეიძლება მალე დატოვოს ცესკო.


გაყალბების მექანიზმი აღარ ექნება, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება 2/3- ით და ოპოზიციას ჰყავს რვა წევრი ამ კომისიაში“, - განაცხადა ვაშაძემ.


ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.




კომენტარები:

ფართი შოპი