რატომ იტანჯება ამ წუთისოფელში მართალი ადამიანი და რატომ ცხოვრობს განცხრომაში არაფრით გამორჩეული

20 May 2021 18:48

მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო, - თუმცა ყოველთვის არათუ წინ არ გხვდება შენ მიერ გაკეთებული სიკეთე, არამედ ბოროტებად გიბრუნდება. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ? და სწორედ ამ კითხვის პასუხზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).


– თუკი ვაკეთებ სიკეთეს, რატომ უნდა გამომცადოს ღმერთმა ჩემსავე სიკეთეში და, თუ სიკეთეს არ მივიღებ პასუხად, მაინცდამაინც, ბოროტით რატომ უნდა მომეგოს?


– ამ წუთისოფელში ადამიანურ მდგომარეობას აქვს ორი უპასუხობა: მართალი ადამიანის ტანჯვა და ბოროტების აღზევებულობა. ზედაპირულადაც რომ მომოიხედო – ყველაფერი ამოყირავებულია. გარეგნულად განცხრომაში არიან (იქნება ეს სიმდიდრე, წარმატება, ჯანმრთელობა, კარიერა, ყველაფერი საუკეთესო, რაც არსებობს ამ წუთისოფელში) ადამიანები, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან: არც სულიერებით, არც რელიგიურობით, არც ქველმოქმედებით, სიკეთით სავსე ადამიანები კი, რომლებიც ბოლო ლუკმას გაგიყოფენ, არიან, კარგი გაგებითა და სინამდვილეში, ეკლესიურები თითქმის არაფერს იღებენ სამაგიეროდ.


აი, ასეთი უსამართლობაა თითქოს გამეფებული, მაგრამ ესეც დამოკიდებულია აღქმაზე: ვინ ხარ შენ, ვინც ამ ცხოვრებას უყურებ; რასთან აიგივებ თავს?! ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით იცვლება ყველაფერი. აქ არის სამყარო, წუთისოფელი, რომელშიც ღმერთის ძე, ყველაზე წმიდა დაბადებულ კაცთა შორის, ჯვარცმული და უარყოფილია. მას ამქვეყნად არაფერი მიუღია, გარდა ლურსმნებისა და ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილისა და, რაც მთავარია, იმ ადამიანებისგან, რომელთა გამოც ეწამა ჯვარზე.


იმის თქმა მინდა, რომ არაფერი იკარგება, მთავარია, მიდგომა. თუ ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს წარმავალ არსებასთან და ამ ცხოვრებასაც, რომელსაც ვუწოდებთ წუთისოფელს, იღებს ერთადერთ რეალობად, რადგან სხვა ცხოვრება არ იცის, მას უნდა, რომ აქვე ეწიოს ყველა სიკეთეს და მიიღოს საზღაური, იმიტომ რომ სხვა სიცოცხლეს ვერ ხედავს. თუ ასე აღვიქვამთ ამ სამყაროს, მაშინ პავლე მოციქულიც ამბობს: ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ მაინც მოვკვდებითო, მაგრამ სწორედ, ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით, ახალი სიცხადე შემოდის ადამიანის სულში – რომ წუთისოფელი დროებითი დაჩრდილვაა, მას არ აქვს თავის თავში არსებობა, ის შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჩაებარებინა ტესტი – შეეცნო საკუთარი თავი! ის ამას ვერ შეძლებდა მიწიერი სხეულის გარეშე. ჩვენ, ხომ, სულები, ღმერთში, მის გულში ვიყავით?! ცალკე არ ვარსებობდით, სამოთხეც კი არ იყო, ამ გაგებით, სრული, იმიტომ რომ არჩევნის გარეშე, პირდაპირ სიკეთეში იყო ადამიანი. არადა უფრო მაღალ მდგომარეობას ადამიანი აღწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც კარგავს ამ სამოთხეს და თავისი ნებით იწყებს სვლას. შესაბამისად, იცვლება ცხოვრების მიზანიც.


ჩემი მიზანი რა არის: სიკეთისთვის სიკეთე მივიღო ან ბოროტებით თუ მომიგებენ, შური ვიძიო?!


ადამიანმა რომ წინასწარ იცოდეს, ორი რომ აქვს, ერთს თუ გასცემს, ხუთი დაუბრუნდება, მაშინ ის ბიზნესმენია და არა ქრისტიანი, ანუ, ზუსტად რომ იცოდე, რომ, თუ გასცემ, სამოთხეში მოხვდები – მაშინაც ბიზნესმენი ხარ ან პირიქით – თუ არ გავუკეთებ სიკეთეს ადამიანს, მაშინ დავისჯები, გამოდის, რომ შიშით მოქმედებ.


ამიტომაცაა, რომ წუთისოფელში ადამიანებს, რომლებიც სიკეთეს აკეთებენ, ეს ბოროტებად უბრუნდებათ ან, პირიქით – როდესაც ბოროტებას აკეთებენ, სიკეთეში ცხოვრობენ. წუთისოფელი რომ იყოს ის ადგილი, სადაც მაშინვე ჩანს სიკეთისა და ბოროტების შედეგი, ყველას მარიფათიანები გადაუსწრებდნენ.


უფალი გეუბნება: ჯერ სიკეთე გააკეთე და მერე ნელ-ნელა ნახავ მის შედეგს ცხოვრებაში, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ 5 ლარს გასცემ და მეორე დღესვე 10 ლარი დაგიბრუნდება. სხვანაირად გიბრუნდება, იმიტომ რომ უფლისთვის მადლი და ადამიანი, რომელიც მადლს იხვეჭს, ათასჯერ უფრო ფასეულია, ვიდრე ის, ვინც შეიძლება, მილიონი მისცეს სხვას.


ყველაზე ღირებული ისაა, რომ ამ მატერიის ტყვეობაში, სიკვდილის სხეულში ყოფნისას ჩემი თავი წავართვა ამ წარმავალობას, სრულ გაცნობიერებამდე ავმაღლდე და მივემსგავსო ჩემს შემოქმედს. და ამ გზაზე უკვე ყველაფერი – იქნება ეს ტანჯვა, მატერიალური შეჭირვება, სიკეთეზე ბოროტებით პასუხის მიღება – მაძლიერებს. მაგრამ, თუ ჩემი ხედვაა, რომ მხოლოდ მიწა ვარ და ამიტომ ჩემი მიზანია, მიწაზე არსებული ყველა სიკეთე მივიღო, ბუნებრივია, ვიტანჯები, როდესაც სიკეთე წყალში მეყრება.


მეტსაც გეტყვით: ლოგიკურადაც კი არასწორი იქნება, რომ ყველამ სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე მიიღოს და ბოროტს ვინც სჩადის, მას ბოროტებით მიეზღოს. მაშინ ადამიანის ნამდვილობა დაიკარგებოდა და თვალთმაქცობა და ფარისევლობა გაბატონდებოდა. ადამიანის ქმედების მოტივი იქნებოდა შიში ან მოგების მიღება და არა – თავისუფალი ნება. მე რომ ვიცოდე, დღესვე თუ არა, ხვალ-ზეგ აუცილებლად მივიღებ პასუხად სიკეთეს, მე ვიქნებოდი მოგებისთვის გამცემი, ისევე, როგორც ვიცი, რომ, მარცვალს თუ მიწაზე დავყრი, იქიდან მივიღებ მოსავალს, ანუ ერთგვარი ბიზნესი იქნებოდა, როგორც ზემოთ ვთქვით – გათვლი რისკებს, ჩადებ კაპიტალს და მიიღებ მოგებას. მეორე მხრივ, ბოროტმოქმედმაც რომ იცოდეს, ყოველი მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება აღინუსხება და „საჯარიმო ქვითარი“ მოუვა, ანუ დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ მიიღებს სამაგიერო ბოროტებას, ბუნებრივია, მას შეეშინდებოდა იმის ჩადენის, რაც გულით უნდა: მოპარვა იქნება ეს, შური, ბოღმა და აიძულებდა საკუთარ თავს, რომ არ ჩაედინა ცუდი დასჯის, ანუ წაგების შიშით. შესაბამისად, ის მოიქცევა კარგად, რადგან ეცოდინება, რომ ამით მოიგებს.


ადამიანი ორბუნებოვანია: ასეთი შექმნა ის ღმერთმა – ერთია მისი შინაგანი, ღვთიური ხატება, მეორე – მისი მიწიერი ბუნება, ღვთიურის ანტიპოდი. ორივე ბუნება თანაბარზომიანია, რათა ადამიანის სიკეთე იყოს ადამიანის მოსურვებისვე შედეგი. მას ასე უნდა არა იმიტომ, რომ მოგებას მიიღებს ან არ უნდა, იმიტომ რომ დაისჯება, არამედ იმიტომ, რომ უპასუხოს თავის შინაგან ღვთიურ ბუნებას, რომელსაც ამ წუთისოფელში ყველაფერი ეწინააღმდეგება და სწორედ ამ დროს იბადება ნამდვილი ადამიანი – ადამიანი, როგორც მისია, როგორც შესაძლებლობა!


ვინც ამ ორი ბუნებიდან, რაც მასში განგებამ ჩადო, ქმნის ახალ სინამდვილეს, რომელშიც უპირველესია გონითი საწყისი, მიმსგავსება შემოქმედთან, ხოლო მიწიერი ბუნება, წუთისოფელი, ამის ხორცშესხმის ასპარეზია. ესაა ნაჩვენები ქრისტეში: ის არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ მისიის ადამიანია, ვინც არ არის ბიოლოგიური ცხოველი, რომელიც ცდილობს, დაეუფლოს ამ მატერიის სიკეთეებს; მისიის ადამიანი ყოფნაა, ოღონდ ეს ქმნადობის შედეგია, რაც მიიღწევა ჯვრით. თავის ბიოლოგიურ ბუნებაზე ამაღლებით ადამიანი აღწევს თავის სისრულეს და მისთვის ფიზიკური დარტყმები უკვე დამხმარე საშუალებებია, როგორც ებრაელები უწოდებენ – დახმარება ჩვენ წინააღმდეგ, რაც მაიძულებს, ფესვები არ გავიდგა მიწაზე და მასწავლის, რომ ფიზიკური ტკივილი, რასაც ვიღებ, მათ შორის, სიკეთის პასუხადაც, ჩემთვის შეგონებაა და არა ტანჯვა და უსამართლობა.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი