სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობაზე იმსჯელეს

21 May 2021 18:58

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საკითხი განიხილეს.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა  მარიამ გიორგობიანმა კანონმდებლებს ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის, 2019-2020 და 2020-2021 წლების სპორტულ სეზონზე მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ის პრობლემებიც შეახსენა, რომლებიც წლებია დგას ფედერაციის წინაშე.


როგორც მომხსენებელმა განაცხადა, მთავარი ამოცანა, რომელიც ფედერაციის წინაშე იდგა ბოლო ორი  წლის სპორტულ სეზონზე, სენიორთა და იუნიორთა სეგმენტში გრან-პრის ეტაპზე  ჩართულობა და სარეიტინგო ქულების დაგროვება ფინალში საასპარეზოდ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში წარმატებული გამოსვლები და მომავალ სეზონზე კვოტების გაზრდა, 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოპოვება, აგრეთვე საერთაშორისო ტურნირებში უმცროსი ასაკის ნორჩი მოციგურავეების ხშირი გამოსვლები, მათი სათანრიგო მაჩვენებლების  მაღალი რეიტინგი და სხვადასხვა ტურნირში სასტარტო გამოცდილების მიღება იყო.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თვალნათელი დადასტურებაა იმის, რომ ფედერაციამ მთავარი ამოცანა მეტ-ნაკლებად წარმატებით შეასრულა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისი თქმით, 2019-2020 წლების სეზონი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა - 20 საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა სულ 21 მედალი, მათ შორის, 9 ოქროს, 7 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ქართველმა მოციგურავეებმა წარმატებას მიაღწიეს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც, სადაც 2022 წლის პეკინის ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს. საქართველოს სერიოზული შანსები რჩება  ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში შესარჩევ 10 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად, დღეის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა რეიტინგში მე-13 ადგილზეა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუკი 2011 წელს საქართველოს ნაკრები 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 2020 წლისთვის ნაკრებში უკვე 16 სპორტსმენია.


მარიამ გიორგობიანის განცხადებით, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, წარმატებების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველივეს მიუხედავად კი, მისივე თქმით, ფედერაციის წინაშე გარკვეული პრობლემებია, რომელთა მოგვარებაში კვლავაც სახელმწიფოს და, მათ შორის, კანონმდებლების დახმარების იმედი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი შრომა და მიღწეული წარმატებები შეიძლება ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყაროს. პრობლემები კი მართლაც სერიოზულია, პირველი და მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იმ წარმატებების ფონზე, რასაც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო წლებში მიაღწიეს, მათ საქართველოში ვარჯიშისათვის სათანადო პირობები არა აქვთ და იძულებული არიან ქვეყნის გარეთ, ძირითადად, რუსეთში ივარჯიშონ. შესაბამისად, ბიუჯეტის ფულებიც, რაც სპორტსმენთა ვარჯიშისათვის იხარჯება,  ქვეყნის გარეთ გაედინება.


ითქვა, რომ სავარჯიშოდ გამოუსადეგარია მოედანი ბათუმში, ქუთაისში, რაც შეეხება ზუგდიდს, აქ სტანდარტული საციგურაო მოედანი, რომლის მშენებლობაზეც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, თითქმის გახსნისთანავე  დაშალეს იმ მიზეზით, რომ მიწა, რომელზეც ეს მოედანი იყო - გასხვისდა. სხდომაზე ყურადღება ასევე გამახვილდა მწვრთნელთა კვალიფიკაციისა და ლიცენზირების საკითხებზე. აღინიშნა ისიც, რომ ამდენი წარმატების მიუხედავად, ძალიან ნაკლებად, ან საერთოდაც არ ხდება მოციგურავეთა მიღწევების გაშუქება ტელევიზიების მხრიდან, რაც ნამდვილად გულსატკენია.


„ერთადერთი სტანდარტული საციგურაო მოედანი გვაქვს ბათუმში და ისიც მთლიანად არის მწყობრიდან გამოსული. იქ ვარჯიში უკვე შეუძლებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც დიდი წარმატებები მოუტანა ქვეყანას,  შეიძლება დაიშალოს, რადგან ბათუმში მომზადების ელემენტარული პირობები არ აქვთ. ფედერაციას არ ეკუთვნის თბილისის საციგურაო სკოლა, სადაც რამდენიმე ასეული ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ შეჯიბრებებში, თვით ეროვნულ ჩემპიონატშიც კი არ იღებენ მონაწილეობას. ფედერაციას არ ექვემდებარება არც ერთი მოედანი და არ აქვს საშუალება იქიდან ახალგაზრდები გაზარდოს. ამიტომ, მიმაჩნია,  რომ თუკი საზღვარგარეთ, სადმე არიან ნიჭიერი ქართველები, რომლებიც მოგვიტანენ წარმატებებს, დავუბრუნოთ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.


ფედერაციის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ჩვენი სპორტსმენების მომზადება ჩვენსავე ქვეყანაში უნდა შევძლოთ, კომიტეტის წევრებიც იზიარებენ. მათი თქმით, საერთოდ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, მით უმეტეს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველომ უკვე ოფიციალურად მიიღო 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.


როგორც ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა განაცხადა, ამ ფესტივალისთვის საქართველოს ყინულის ორი დარბაზის აშენების ვალდებულება აქვს, რომელთაგან ერთი უკვე გადაწყვეტილია, რომ თბილისში აშენდება და წელსვე შეადგენენ პროექტირების გეგმას, პროცესში კი ჩართული იქნება ფედერაციაც, რათა ისეთი ობიექტი შეიქმნას, რომ საბოლოოდ სრულად იყოს ათვისებული ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის საქმიანობის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტშიც მოისმინეს  ინფორმაცია და „უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც ზოგადად ქვეყანაშია, მართლაც რომ შეუძლებელს აკეთებენ“, განაცხადა მან.  მამუკა ხაბარელის განცხადებით, არ არსებობენ განვითარებადი ქვეყნებიც კი, სადაც დედაქალაქში ერთი სრულყოფილი ყინულის მოედანი მაინც არ ჰქონდეთ, თბილისში კი ამ პრობლემაზე ბოლო ათი წელია ინტენსიურად საუბრობენ, შესაბამისი შედეგი კი არ არსებობს.  მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარების წინაპირობაა სწორედ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება.


საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მოსმენაზე წამოჭრილმა პრობლემებმა ყველას კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სპორტის დარგის ერთიანი ხედვა და  შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ დარგობრივ სამინისტროსთან,  შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან, მუნიციპალიტეტებთან დიალოგის გარეშე, გარკვეული რეგულაციების დაცვის გარეშე არ აშენდეს არც ერთი სპორტული ობიექტი. ამასთანავე, წამოჭრილი პრობლემების გათვალისწინებით,  კომიტეტის თავმჯდომარემ აპარატს დაავალა, უახლოეს მომავალში, კომიტეტში გამართოს კანონმდებლების სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურის და თბილისის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობასთან.





კომენტარები:

ფართი შოპი