თავშეკავება ქორწინებაში

21 May 2021 20:12

არიან ადამიანები, რომლებიც გადაჭრით უარყოფენ ისეთ თავშეკავებას, რომლის მიზანიცაა, გარკვეული დროით არ იყოლიონ შვილები. მამა ეპიფანე არ ურჩევდა ასე მოქცევას, თუმცა, არც ეწინააღმდეგებოდა და თავის პოზიციას შემდეგნაირად ასაბუთებდა:


– პავლე მოციქული მოძღვრავდა მათ, ვისაც მიდრეკილება და სათანადო ძალები ჰქონდა, თავის თავზე აეღო უქორწინებლობის ღვაწლი. იგი ასეთ რჩევას აძლევდა სათანადო განწყობის მქონეს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თავს სრულად მიუძღვნიდა ღვთისა და ეკლესიისადმი მსახურებას (ყველა მორწმუნე, ამა თუ იმ ხარისხით, უძღვნის თავს ამ მსახურებას) და მაშინაც, როცა ვინმეს არ სურდა ან არ შეეძლო ოჯახური სიმძიმეებისა და განსაცდელების ტვირთვა.


ამრიგად, თუ ეს რჩევა უნივერსალურია და ესადაგება ოჯახური ცხოვრების ყველა მხარეს, მაშინ, მით უმეტეს, მისი გამოყენება შეიძლება ცოლქმრული ურთიერთობების მიმართაც, რისი ბუნებითი შედეგიც შვილების გაჩენაა.


ვიტყვით მარტივად: პავლე მოციქული არა მარტო დასაშვებად მიიჩნევს, არამედ ურჩევს (რასაკვირველია, არ აიძულებს) – იტვირთონ უქორწინებლობა და ქალწულება მათ, ვისაც ეს ძალუძთ: არა მარტო მათ, რომელნიც მიისწრაფვიან, თავი სრულად მიუძღვნან ღმერთს, არამედ მათაც, რომელთაც სურთ, თავი აარიდონ ოჯახური ცხოვრების თანმხლებ განსაცდელებსა და ტანჯვას. ეს რჩევა გამოდგება უკვე დაქორწინებულთათვისაც: ზოგს შეუძლია (და ეს არ იქნება ღვთის ნების მიმართ შეწინააღმდეგება), უპირატესობა მიანიჭოს თავშეკავებას, რადგან სურს, თავი აარიდოს ბავშვების გაჩენასა და აღზრდისთვის საჭირო ჯაფას და ეს არ დაუკავშიროს სულიერებას.


მამა ეპიფანეს სჯეროდა და გვასწავლიდა, რომ მოგვეთხოვება, თითოეული ჩვენი ქმედება ეთანხმებოდეს საღვთო მცნებებს, რომელთაგან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის მცნება შვილების გაჩენის შესახებ. ბერი ამბობდა:


– მაგრამ ეს მცნება არ არის უნივერსალური, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკ. 12,30). თუ ზემოხსენებულ მცნებას ყველასთვის სავალდებულოდ მივიჩნევთ, მაშინ ყველა, ვინც დაუქორწინებელია: მონაზვნები, ცელიბატი კლერიკოსები და უცოლო ერისკაცებიც კი, აღმოჩნდებიან ღვთისმბრძოლები, რადგან უფლის მცნებას ეწინააღმდეგებიან.


ეს ასე არ არის! საღვთო ჩანაფიქრით, ბავშვთა გაჩენა ეკლესიის მიერ ნაკურთხი ცოლქმრული ხორციელი ურთიერთობების აუცილებელი შედეგია. მაგრამ არც ეს კურთხეული კავშირები და არც მათი ნაყოფი გადარჩენის აუცილებელ პირობად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

⚛⚛⚛


მამა ეპიფანე საღად მსჯელობდა, რადგანაც მისთვის ნაცნობი იყო ქრისტიანის (თუნდაც სულიერებით გამორჩეულის) გულში დაბუდებული ვნებანი, გვასწავლიდა:


– თუ შვილების გაჩენის ერთადერთ მისაღებ პირობად მივიჩნევთ ღვთის მცნებათა დაცვას, რაც ასევე, გულისხმობს ბავშვების აღზრდას „სწავლებითა და მოძღურებითა უფლისაითა“ (ეფ. 6,4), მაშინ განკითხვას დაექვემდებარება ყველა (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა), ვისაც ჰყავს შვილები, მნიშვნელობა არ აქვს – ბევრი თუ ცოტა; საბოლოო ანალიზიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ისინი დაქორწინდნენ ხორციელი სურვილის დასაკმაყოფილებლად და არა შვილების გაჩენის შესახებ საღვთო ნებისადმი მორჩილების გამო.


ბერის სიტყვებით, „რომ არ არსებულიყო ხორციელი ტკბობა, ვინ აიკიდებდა მშობიარობისა და ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობისა და საფრთხის ტვირთს, მიუხედავად შესაბამისი საღვთო მცნებისა? ძალიან ცოტა ვინმე. მაშასადამე, კაცთა მოდგმა მალე აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. ეს რომ არ მოხდეს, უფალმა ცოლქმრულ ურთიერთობებში ტკბობა ჩართო. ნუ დაგვავიწყდება, – ხაზგასმით ამბობდა მამა ეპიფანე, – ის ფაქტი, რომ როგორც წესი, ბავშვების ჩასახვა ხდება, სხვათა შორის, „ხორციელი ტკბობის გრიგალში“, მათ ჩასახვას მაინც ნუ აღვუდგებით წინ“, – გვეუბნებოდა იგი.


ყოველივე ზემოაღნიშნული თითქმის ყველა მორწმუნე წყვილს ახასიათებს და ეს დაშვებულია ეკლესიის მიერ, როგორც დათმობა. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან შორსაა ღვთის მცნებათა განუხრელი შესრულებისაგან.

ეპიფანე თეოდოროპულოსი


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი