რატომ ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში კარტოფილის ამოღება საკუთარი სახლ-კარის სოფლად მოვლას და საკუთარი მიწის დამუშავებას

21 May 2021 22:40

გერმანიაში კარტოფილის ამოსაღებად წასვლის სურვილი საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ გამოხატა, მათ შორის, ჩემი ვარაუდით, თვალი რომ დაგრჩება, ისეთი კარმიდამოს პატრონებიც იქნებიან (ოღონდ თავიანთი სახლ-კარი გამოკეტილი აქვთ).


მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არც თუ მცირე ნაწილი, ჩვეულებისამებრ, დაუმუშავებელი რჩება და ქვეყანას, სადაც დედამიწაზე არსებული 52 სახეობის ნიადაგიდან 49 აქვს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უხვად შემოაქვს სხვა ქვეყნებიდან. თუმცა ისიც გასაგებია, რომ გერმანიაში კარტოფილის ამოღებაში იმაზე მეტ გასამრჯელოს მიიღებენ, ვიდრე საკუთარ მიწაზე მოყვანილი კარტოფილის გაყიდვაში, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ, როდესაც საკუთარ ძალისხმევას სხვა ქვეყანას ახმარ, იმავე ძალისხმევას საკუთარ ქვეყანას აკლებ, რაც უპირობოდ ნიშნავს შენი ქვეყნის ვერგანვითარებას.


ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, ვითომ კარტოფილის ამოსაღებად წამსვლელთა ნაწილის მიზანი, უბრალოდ, გერმანიაში დარჩენაც იყოს და კარტოფილი მხოლოდ საბაბის როლს ასრულებდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შედეგი იგივეა – ამ ქვეყანაში ადგილი თავისუფლდება, რომელსაც აუცილებლად დაიკავებს სხვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ყველა მოსაზღვრე რეგიონსა და სახელმწიფოში (ჩრდილო კავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) მოსახლეობის სიმჭიდროვე საქართველოზე გაცილებით მაღალია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიას აითვისებენ (მარტივად რომ ვთქვა – მოსახლეობა შემოვა და დასახლდება). ამას ემატება რთული დემოგრაფიული ვითარება, რასაც, თავის მხრივ, უფრო ამძიმებს 2021 წლის პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესის გაუარესება, რაც, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს დემოგრაფიაზე (შესაბამისად, მე არც კი მესმის, რატომ ზრუნავენ აქტივისტები ეკოლოგიაზე, იმიტომ რომ ამ ტემპებითა და დემოგრაფიული პოლიტიკით, წესით, ეკოლოგიაზე სხვებმა უნდა იზრუნონ, ანუ მათ, რომლებიც დასახლდებიან იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენ ჯერჯერობით კანტიკუნტად ვცხოვრობთ).


ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ რატომაა უმადური საქმე საკუთარი ძალისა და ენერგიის სხვა ქვეყნებისთვის მიფლანგვა, თუნდაც, უფრო მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაშიც.

Admixer


– ფსიქოლოგიურადაც რომ შევაფასოთ საკითხი: როდესაც შენ წასვლა გინდა შენი ქვეყნიდან, შენ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს, ხომ, სხვა დაიკავებს?

– დიახ, ასეა, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, რეალობაა. ჩვენთან ადამიანებს არათუ არ აქვთ პერსპექტივის გრძნობა, არამედ არც კი ჩანს იმის შანსი, რომ ოდესმე იარსებებს ასეთი განცდა. ადამიანები ისეთ მოცემულობად თვლიან სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც არათუ ვერ შეიცვლება, არამედ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, რომ შეცვალონ, რადგან შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ. ასეთი სახის მოცემულობა ქმნის კომფორტის ზონას, საიდანაც გამოსვლა მტკივნეულად აღიქმება, სინამდვილეში, განვითარებას, როგორც წესი, თან ახლავს ტკივილი. ცვლილება სასიამოვნო არ არის და მართლაც ტკივილიანია, უბრალოდ, საჭიროა, ეს ტკივილი დაითრგუნოს. სამყარო აღსავსეა შესაძლებლობებით, აურაცხელი, უსაზღვრო შესაძლებლობებია, მაგრამ ხსენებულ კომფორტულ ზონას მიჯაჭვული ადამიანები უმოქმედონი არიან ამ შესაძლებლობების აღქმის, ძიებისა და გამოყენების თვალსაზრისით. ეს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს ეხება, არამედ მთავრობისა და, ზოგადად, პოლიტიკის წარმომადგენლებს. არიან ცალკეული პირები, რომლებიც ცდილობენ, დაისახონ მიზნები, შექმნან ახალი რეალობა, საქმედ აქციონ ინოვაციური იდეები, მაგრამ ასეთებს არათუ წინააღმდეგობა ხვდება, ვთქვათ, სამთავრობო სტრუქტურებიდან, არამედ ჩემ მიერ ნახსენებ კომფორტის ზონაში მყოფები ჭაობში იზიდავენ ყველა გონებაგახსნილ ადამიანს. ასეთია ძალიან შავად დანახული ვითარება. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანს თავისთვის, თავისი ოჯახისთვის უნდა, რაღაც კარგი გააკეთოს, მაგრამ სინამდვილეში, თავისი ქმედებით, არ უნდა და უფრო და უფრო იხრება იმ ჭაობისკენ, რომელიც მისთვის კომფორტის ზონაა. 


ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, აქედან გაიქცნენ. ისინი თავისებურად აქტიური ადამიანები არიან, შეიძლება, არასწორად იყენებენ თავიან აქტიურობასა და უნარებს, მაგრამ დაადო თავი და წახვიდე, ცხოვრება გამოცვალო და ოჯახი იქიდან არჩინო, დიდი საქმეა. მაგრამ აქ ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც უპერსპექტივობაა და ამიტომ ვერ ავლენენ ამ თავიანთ აქტიურობას. გაჭირვება და სიღატაკე თითქოს ჩაიკირა ადამიანებში და ეს მათი შინაგანი მოცემულობა გახდა, მართალია, ამბობენ, რა ცუდია ასე ყოფნა, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებენ, რომ გამოვიდნენ ამ ჭაობიდან, ამიტომ ეს ხან სხვის ქვეყანაში კარტოფილის ამოღებაზე გავრცელდება და ხან სხვა რამეზე. კარტოფილს რომ ამოიღებს გერმანიაში, მაგალითად ვამბობ, აიღებს, ვთქვათ, 10 000 ლარს, რაც არაფერია გერმანიაში, მაგრამ მისთვის დიდი ფულია. ამით არჩენს ოჯახს და ამას ერთგვარი გამართლება აქვს. აი, ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ ხან სად უნდა წავიდნენ სამუშაოდ, ხან – სად და, საბოლოოდ, ისე შეიძლება, გავიდეს ცხოვრება, რომ ახლობლებიც ვერ ნახო. არიან ქალები, რომლებსაც 10-15 წელია, არ უნახავთ თავიანთი შვილები.


– ძალიან ტრაგიკული სინამდვილე შეიქმნა ჩვენთან და არც კი ვიცი, რა ჯობია, თაობები გაიზარდონ უდედოდ და კარგ პირობებში ცხოვრობდნენ, თუ დედა ჰყავდეთ გვერდით და ცოტა ცუდ პირობებში იცხოვრონ.

– თან, ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, შვილი მოუკვდა, რომელიც 10 წელია, არ ენახა. სულიერად ძალიან დამთრგუნველი ვითარებაა.


– მე არ განვიკითხავ არავის, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია და ესმის, მაგრამ, როდესაც შენ წახვალ სხვაგან, აქ მოვა სხვა. თან – შენ ვერ მრავლდები, სხვა უკეთ მრავლდება.

– მიწის ფასი კატასტროფული სისწრაფით იზრდება, ანუ ვიღაცები ყიდულობენ მიწას აგარაკად. და ვინც ეს მიწები უნდა დაამუშაოს, არ ჩანს. გლეხს ხელში თოხის დაკავება არ უნდა, არც სოფლად ცხოვრება, ქალაქში უნდა წამოსვლა. ანუ იცვლება ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესი. ჩვენმა ქვეყანამ თავი მოიტანა, როგორც ბუნებრივი რესურსებითა და მიწით მდიდარმა ქვეყანამ, მაგრამ ახლა უკვე გაქრა, თუმცა, მაინცდამაინც, არც არასდროს იკლავდა თავს ქართველი მუშაობით.


– მე წაკითხული მაქვს, ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, თამარისდროინდელ საქართველოში პროდუქციის ექსპორტის ჩამონათვალი, სახტად დავრჩი პროდუქციის მრავალფეროვნებით.

– თამარის ეპოქა განსხვავებული იყო.


– მესმის, მაგრამ მე ვგულისხმობ პოტენციალს. მიწა იგივე არაა, რაც მაშინ იყო?! თუ მაშინ აწარმოებდნენ, ვთქვათ, კაკლის ზეთს, ახლა რა ღმერთი გაუწყრათ? რაჭაში კაკალი ისე ლპება ეზოებში, ლამის ამკრეფი არაა.

– ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სიზარმაცეა, მეორე მხრივ, ქართველი შეეჩვია ცხოვრების სტანდარტს, რომელიც განვითარებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ, რაც აქვს, იმის შენარჩუნებაზე.


– დღევანდელი დღის გადაგორებაზე.

– თან, თავისით რომ გადაგორდეს დღე. ხელის განძრევაც არ უნდათ. ქუჩაში რომ გახვალ, ძალაუნებურად გესმის გამვლელების ლაპარაკი, ადამიანები გამუდმებით ლაპარაკობენ ფულზე, იმან 200 ლარი მომცა, ამას ჩემი ვალი აქვს. 


სულ ფულზეა ლაპარაკი, ფული კარგია, ეს კომუნისტების დროს დამკვიდრდა სულელური წარმოდგენა, რომ ფული ცუდია, თორემ ფული გაძლევს საშუალებას, ისეთ რამეებს მიაღწიო, რასაც უფულოდ ვერ მიაღწევდი, ანუ ერთგვარად თავისუფლებისა და შენი მიზნების მიღწევის საშუალებაა ფული. მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს ფული მიიღონ გადაგორების კონცეფციით – როგორც დღე გადაგორდა, ისე ის ფულიც უნდა მოგორდეს თავისით. დააკვირდით: თბილისში ყველაზე გავრცელებული ბიზნესია ბინების გაქირვება. კი არ ქმნი არაფერს, არამედ აქირავებ. ამის იქით ვერ წავიდა ადამიანების ფანტაზია.


– სახელმწიფოსადმი, პოლიტიკისადმი დამოკიდებულებაც ამ პრინციპითაა აგებული: ფულს მოგვცემს ევროკავშირი, „ნატოს“ ჯარი დაგვიცავს, ამიტომ მათი ქოლგის ქვეშ უნდა მოვხვდეთ. ეს პარაზიტიზმი არ არის? როდის ხდება ადამიანი პარაზიტი? მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და მეც ვიქნები რაღაც დოზით პარაზიტი.

– ეს ყველას ეხება, მეც, ყველანი კომფორტის ზონაში ვართ ჩართული. რაც შეეხება პარაზიტიზმს: ძალიან საინტერესო სტატია ვნახე პარაზიტებზე. ჯერ ერთი, რომ პარაზიტების ძალიან ბევრი სახეობაა და, რაც მთავარია, ბუნებაში მათი სახეობების გამრავლების ძალიან დიდი პოტენციალია. არა მხოლოდ რაოდენობრივად მრავლდებიან, არამედ სახეობებიც ემატება და ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზეც. აი, ამ წუთას ჩვენს ორგანიზმს ღრღნის რაღაც პარაზიტი. იმის თქმა მინდა, ძალიან ბევრნი არიან და, როგორც ჩანს, ამას ბუნებაც უწყობს ხელს. ეს უზარმაზარი სამყაროა და თითქმის შეუსწავლელი.


– თან, ეს პარაზიტები ხომ ვერ ძლებენ ცოცხალი ორგანიზმების გარეშე და ჩვენ როდის ჩამოვყალიბდით სხვის მოიმედე პარაზიტებად?

– ჩვენ მიბმული ვართ ისეთ სახელმწიფოებსა და ქვეყნებზე, მაგალითად ავიღოთ შეერთებული შტატები და გერმანია, რომლებმაც განიცადეს მენტალური რევოლუცია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში, რაც გამოიხატება რწმენაში ცვლილებებით. ეს იყო პროტესტანტიზმის ჩამოყალიბების პერიოდი. სოციოლოგ მაქს ვებერს ჰქონდა თეორია, რომ კაპიტალიზმი შექმნა პროტესტანტიზმმა, ანუ კაპიტალიზმმა კი არ შექმნა პროტესტანტიზმი, არამედ პირიქით. ანუ რწმენის შეცვლამ შეცვალა სამყარო. მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ადამიანი არის ანგარიშვალდებული განგების წინაშე. ანგარიშვალდებულება ერთ-ერთი უდიდესი ღირებულებაა პროტესტანტულ ქვეყნებში და ამაზეა აგებული დემოკრატიაც, იმიტომ რომ პარლამენტარი თუ მთავრობა ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. იქ ადამიანი თვლიდა, რომ ანგარიშვალდებულია განგების მიმართ და ყოველ საღამოს ანგარიშს აბარებდა ღმერთს, რა გააკეთა იმ დღეს. იმის თქმა მინდა, რომ იმ ქვეყნებში გატარდა რწმენის რეფორმაც. ჩვენთან უმაღლესი ღირებულებაა ღმერთი, მაგრამ მთავარია იერარქია, მათთან კი მთავარი ღირებულებაა ინდივიდი, ინდივიდუალურია ღმერთთან ურთიერთობა, ჩვენ კი კოლექტივისტები ვართ. ყველაფერს ვაკისრებთ ღმერთს და მასაც ვაწვებით ტვირთად.


თბილისელები






კომენტარები:

ფართი შოპი