ათ დღეში გეტყვით, შევალთ თუ არა პარლამენტში - ნიკა მელია

22 May 2021 14:34

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან დაბრუნდა და აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი შეხვედრა ნაყოფიერი იყო.


ჟურნალისტების შეკითხვაზე, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, მელიამ განაცხადა: „ახლა არა, ათ დღეში გეტყვით, დაახლოებით".


ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პირადად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული, თუმცა იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ.


„დღიდან გათავისუფლებისა ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, არ ვიჩქარე. პატივისცემის ღირსია ყველა ჯგუფი, ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე არ მქონია მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს რომ გამეკეთებინა არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასა თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე. ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები", - განაცხადა ნიკა მელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი