როგორ დამკვიდრდა მეტყველებაში „სიმონ“ და რატომ უკავშრდება ის ქუთაისელებს?

23 May 2021 13:35

შორისდებული „სიმონ“, რომელსაც ყველაზე აქტიურად ქუთაისელები გამოიყენებენ, სასულიერო პირის სიმონ მჭედლიძის სახელს უკავშირდება.


სიმონ მჭედლიძე ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირიდან იყო. ქალაქში ტერმინი „სიმონ“ მისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე დამკვიდრდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე წმინდა მოწამედ შერაცხა.


უფრო დაწვრილებით მისი ცხოვრების, მოღვაწეობისა და შორისდებული „სიმონის“ კონტექსტის შესახებ იოსებ კენჭაძემ „თბილისელებს“ უამბო.


იოსებ კენჭაძე: სიმონ მჭედლიძე სასულიერო პირი გახლდათ . ცოლის მხრიდან საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰქონდა – მისი მეუღლის მამა გენერალი გახლდათ. სიმონი პიროვნულად მაღალი ღირებულებების მატარებელი, ღირსეული და მოქალაქეობრივად აქტიური კაცი იყო. ის აქვეყნებდა პუბლიკაციებს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლდათ. სიმონ მჭედლიძე იყო გაზეთ „შინაური საქმეებისა“ და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულების – „განთიადის“ რედაქტორი .ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებს სწორედ პრესის საშუალებით ავრცელებდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ რთული პერიოდი დაიწყო. მათ სიმონს ქუთაისში ცხოვრება აუკრძალეს . ამიტომ სოფელში მოუწია დაბრუნება და სოფლის მეურნეობას ეწეოდა. აღადგინა სკოლა, ტაძარი და საქმიანობა იქაც გააგრძელა.


– რატომ აწამეს?

– სოფელ როდინაურში არსებულ ტაძარში 1921 წლიდან 1923 წლამდე გახსნილი იყო თეატრი. ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან მოინდომა და სიმონს სთხოვა, რომ ტაძარს თავისი ფუნქცია დაბრუნებოდა. ტაძრიდან თეატრის ინვენტარი გაიტანეს და მისი კურთხევა გადაწყვიტეს. კურთხევისას ტაძარში მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა მივიდა, ვისი ხელდასხმითაც სიმონი ყველაფერს აკეთებდა. ტაძარი აკურთხეს, საღამოს მეზობელ ოჯახში ივახშმეს. იმ ღამეს ადგილობრივმა ჩეკისტებმა ცენტრალურს შეატყობინეს, სასულიერო პირებმა ტაძარი აკურთხესო. მათი შეფასებით, ეს ანტისახელმწიფოებრივი შეკრება იყო. ღამე სასულიერო პირები შეიპყრეს და ქუთაისში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯალათებს საკმარისი ხელბორკილი არ ჰქონიათ. ჩეკისტები მოითხოვდნენ, რომ ეღიარებინათ შეკრება და გაეხადათ ანაფორები. რა თქმა უნდა, ღმერთს არცერთი უარყოფდა. ერთი თვე სასტიკი მეთოდებით აწამებდნენ. ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ფრჩხილებს აძრობდნენ და ყველაზე სასტიკი წამების მეთოდებს იყენებდნენ. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მაშინ სახელმწიფო დახვრეტაში ტყვიის ფულს ოჯახს ახდევინებდა და ყველას თითო ტყვია ესროლეს, ზედმეტად ტყვიაც კი არ დახარჯეს მათზე. შეიძლება, ერთი ტყვიით ყველა არც კი მოკვდა და არსებობს ასეთი გადმოცემა: იმდენად ცოცხლები ჩაყარეს მიწაში, მიწა სამი დღე სუნთქავდაო. მართმადიდებულმა ეკლესიამ ყველანი წმიდა ახალ მოწამეებად შერაცხა.

– შორისდებული „სიმონ“ სიმონ მჭედლიძის სახელიდან დამკვიდრდა?

– ჯალათებსაც უკვირდათ, ამდენი წამება მოეთმინა როგორ შეიძლებოდა. წამების დროს იყო მიმართვითი ფორმა: „გაუძლებ, სიმონ?“ „შეძლებ, სიმონ?”... გაოგნებული მწვალებლები, როცა სხვასთან გადადიოდნენ, საწამებლად ეუბნებოდნენ: „შენც ახლა სიმონივით არ მოითმინო“, „შენც სიმონი ხომ არ ხარ“... სიმონის სიმამაცე, ღირსება, გამძლეობა ყველასთვის გასაკვირი იყო. იმ დროინდელი პატიმრები ქურდობისა და ყაჩაღობის გამო კი არ იყვნენ დაპატიმრებული, არამედ ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე. ციხეში სიმონის სიმტკიცის შესახებ ყველამ იცოდა და წამების დროს ტუსაღები ერთმანეთს ამხნევებდნენ შემდეგი მიმართვით: „აბა, შენ იცი, სიმონ“. ისე მოხდა, რომ ეს ტერმინი დარჩა ციხეში, მაშინ სიტყვა „სიმონ“ ასოცირდებოდა მებრძოლ, გამძლე ადამიანთან. ტერმინი გავრცელდა ციხის გარეთაც, მაგრამ ციხეში მყოფი ხალხისთვის სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი