ვარლამ გოლეთიანი - თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ, თვითონვე მოარყევს თავის თავს

23 May 2021 18:59

„ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, თუ რატომ არ სურთ პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა.


როგორც მან აქციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მოქმედება იმ ერთობის დამანგრეველია, რაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აერთიანებთ.


“მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ პოლიტიკური მიზნები გვაქვს და ა.შ. პარტიულ დღის წესრიგს ვგულისხმობ, თორემ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ. პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ის აუცილებად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ არ შეუძლია იმ დღის წესრიგს გადაგვიწყვიტოს პრობლემა: პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ერთობის დამანგრეველია, რა ერთობაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ამ მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები არიან. კიდე ერთხელ ვამბობ, ვკონცენტრირდეთ საქმეზე, უშუალოდ იმაზე, რისთვისაც დღეს აქ ვიკრიბებით და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, მნიშვნელოვანა, არის თუ არა ის ხალხის ნების აღმსრულებელი და ეროვნული ინტრესების გამტარებელი. ამიტომ, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, საზოგადოების დაკვეთას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე“,- განაცხადა გოლეთიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი