კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალ წევრთა შერჩევის პროცესში ვერ ჩაერევა

24 May 2021 14:00

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალ წევრთა შერჩევის პროცესში ვერ ჩაერევა. როგორც კუჭავამ განმარტა, თავად მოსამართლეთა კონფერენციის გადასაწყვეტია განაგრძობს, გადადებს თუ შეაჩერებს წევრთა შერჩევის პროცესს. მისი თქმით, წერილში, რომლითაც მან აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართა, ნათქვამია, რომ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციის არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და ასევე გავითვალისწინოთ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც სასამართლოს რეფორმას ეხება.


„მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა დანიშვნისთვის, არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროცესი. საქართველოს პარლამენტი ვერ ჩაერევა ამ პროცესში, მითუმეტეს, არავის არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მე, როგორც სპიკერი, ჩავერევი იმ პროცესში, რომლის განხორციელების უფლებამოსილება მე არ მაქვს. ზუსტადაც პარლამენტში უნდა გადმოინაცვლოს ამ საკითხზე მსჯელობამ, ამას გულისხმობს შარლ მიშელის დოკუმენტი. აუცილებელია და ვიცი კიდეც, რომ ჯგუფი შეიქმნა იურიდიულ კომიტეტში და ამ კვირაში უნდა დაიწყონ მუშაობა და რაც უფრო სწრაფად დაიწყებენ, მით უფრო წინ წავიგდებთ საქმეს, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც უნდა იქნას განხილული, რომელიც დღის წესრიგში დგას სასამართლოსთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის მიერ წარმოდგენილი, განხილულ იქნას და შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.


წერილების მიწერ-მოწერაც და შეთანხმებებიც ხშირად ხდება და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი კომუნიკაციის და მგონი, პირველად არ მომხდარა. ხოლო რაც შეეხება პროცესს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბოლოო ჯამში, პროცესები, რომლებიც უკავშირდება რეფორმას, უკავშირდება მოსამართლეების დანიშვნას, უნდა იყოს საპარლამენტო მსჯელობის ნაწილი, ხოლო რაც შეეხება მოსამართლეთა კონფერენციას, 26 მაისს ჩანიშნეს როგორც მახსოვს ეს კონფერენცია, ეს არის საკითხი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად დგას პარლამენტისგან და ფიზიკურად ვერ ჩავერევით. ეს მათი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს თუ ჩათვლიან, რომ გადაიდოს ან შეჩერდეს ეს პროცესი. შემდეგ უკვე რა რეაგირება იქნება პარლამენტში, როგორ წავა მსჯელობა, რა კანონმდებლობას მივიღებთ ამას ვნახავთ ყველა", - განაცხადა კახა კუჭავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი