კახა კუჭავა - აქციის მონაწილეთა გარკვეული მოწოდებები აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა ულტიმატუმების ენით საუბარი არ წაადგება საქმეს

24 May 2021 14:25

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე შემუშავდეს კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს, რა პოლიტიკას ატარებს ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი გარემოსთვის.


კახა კუჭავამ ამის შესახებ „ნამოხვან ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიიღოს, რათა მსგავს პროექტებთან დაკავშირებით მომავალში გაუგებრობები აღარ იყოს.


„მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მოვისმინოთ, რას ითხოვს ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს. აქციაზე მართლა დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომელიც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს...


დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ, ბრიუსელში ვიზიტამდე გვქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩაერთოს ყველა ის მხარე, რომელსაც სურვილი ექნება. დღეს ეს ვთქვი, მაგრამ არ მინდოდა წინასწარ დამეანონსებინა, ამაზე თვითონ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ისაუბრებს, როდესაც მზად იქნება. აუცილებელია, რომ ეს პროცესი დაიწყოს და ნებისმიერ სხვა პროექტზე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს და ყველამ იცოდეს, რა არის ის სავალდებულო პირობების დაკმაყოფილება, რომ აღმოიფხვრას შემდეგი გაუგებრობები,“ - განაცხადა კუჭავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი