"ლეჩხუმი არც მთავრობისაა, არც რიონის ხეობის მცველების. ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების" - ნიკა გვარამია

25 May 2021 10:15

ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ზოგადად ჰესებს, ცხადია არა, მაგრამ გიგანტურ ჰესებს სკეპტიკურად ვუყურებ.

შეიძლება მიკერძოებული ვიყო - ჩემს ამ დამოკიდებულებას თავისი წინაპირობა აქვს ჩემი ბიოგრაფიიდან. კარგად ვიცი, რა უქნა ჩემი უსაყვარლესი დედულეთის, ქვემო რაჭის კლიმატს შაორის წყალსაცავმა. ვხედავ, მისი წყალობით ზედმეტად დატენიანებულმა ჰაერმა როგორ დაანესტიანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ფანტასტიური ნიკორწმინდა და მისი ფრესკები. მახსოვს, შაორის შემდეგ შეცვლილკლიმატიან და დანესტიანებულ ქვემორაჭას როგორ მოეხსნა პულმონოლოგიური (ე.წ. ფილტვების) კურორტის სტატუსი და მშრალი და წიწვოვანი ჰავის სურამმა როგორ შეინარჩუნა.

ეს ყველაფერი ვიცი, მახსოვს, ვხედავ.

ამიტომაც, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის.

თუმცა, ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს.

ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვინც არგუმენტირებულ დისკუსიას თავს არიდებს და მხოლოდ იაფფასიანი პატრიოტული ლოზუნგებით ჟონგლიორობს.

ძალიან ფრთხილად ვეკიდები იმათ, ვისი შერჩევითი გემოვნება ფილტრავს თავისუფალ ადამიანებს და არ (და არა ვერ) ფილტრავს ათასი ჯურის შეზღუდულ ნაძირალას თუ ერისგან, თუ ბერისგან.

განვმეორდები, პატივს ვცემ ლეჩხუმელების ბრძოლას საკუთარი სიმართლისთვის, თუმცა ეს სიმართლე რაშია, მათგან ეს ჯერ კარგად ვერ მოვისმინე. პირადად მათგან ვერ მოვისმინე, რა არის მათი სიმართლე. ექსპერტების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ენჯეოების კი არა - პირადად მათი. მიტინგზე რაც მოვისმინეთ და ალბათ კვლავ მოვისმენთ, არავითარ კავშირში არ არის რაციონალურ მსჯელობასთან და, ბოდიში, ირაციონალური გადაწყვეტა ამ საკითხს ვერ ექნება. ემოციური ინტელექტით ვერ მიიღება გადაწყვეტილება ამხელა მნიშვნელობის საკითხზე.

გამუდმებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ მარტო მთავრობას ველაპარაკებით, მხოლოდ კომპანია ენკას კი არ გამორიცხავს ამ დიალოგიდან, არამედ საზოგადოებასაც. არადა, ასეთი მნიშვნელობის საკითხი სრული ინკლუზიურობით უნდა გადაწყდეს. ერთხელ უკვე მიიღო ოცნების მთავრობა გადაწყვეტილება ექსკლუზიურად ერთ მხარესთან საუბრით. ახლა, რიონის მცველები იგივე მეთოდს რატომ გვთავაზობენ და ახლა უკვე თავად რატომ გამორიცხავენ ინკლუზიურ დისკუსიას? რას ნიშნავს, მარტო მთავრობასთან გვაქვს საქმე. ლეჩხუმი არც მთავრობისაა (რომელსაც ასე გონია, როგორც ვხედავთ) და არც რიონის ხეობის მცველების (როგორც იკვეთება, მათაც ასე შეიძლება ეგონოთ). ლეჩხუმი ჩვენია. ყველასი. საზოგადოების. საზოგადოების, რომელიც ღირსია, რომ დაგველაპარაკონ როგორც მთავრობა (რომელზეც ხელი აქვს ყველას ჩაქნეული), ასევე ის მხარე, ვინც პოტენციურ 800 მილიონ დოლარიან ინვესტიციას აჩერებს (შესაძლოა სამართლიანადაც. რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, არსებობს ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც).

ps თუ ვინმეს გონია, რომ რაკი ქოცური მთავრობაა იქეთ მხარეს, ამიტომ მისი ნებისმიერი მოწინააღმდეგე a priori მართალია - ძალიან ცდება, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი