ანი ტყებუჩავა: „დავუბრაკივარ“ იმ მიზეზით, რომ „ძალიან ჩცდ ვარ“

25 May 2021 10:35

სერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“ – ნინასა და დათოს პერსონაჟების გარშემო დიდი ვნებათაღელვაა. ნინას წასვლის შემდეგ დათომ დასახმარებლად სახლში ნათია მიიყვანა, თუმცა გაიგო თუ არა ეს ნინამ, შინ დაბრუნდა და ნამდვილი ტრაგიკომედია დაიწყო.


ანი ტყებუჩავა: იმის გამო, რაც ახლა სერიალში ხდება, უფრო პოპულარული გავხდი (იცინის). 


რეალურად, ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა. იქ განვითარებულ მოვლენებს მეც ისე ვუყურებ, როგორც მაყურებელი და რაღაცებს ვიღებ, რაღაცებს ვერა. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ ვცდილობთ, ძალიან მძიმედ არ წარმოვაჩინოთ, რომ ამ ყველაფერზე ცოტა გაეცინოს კიდეც მაყურებელს ან შეხედოს, რომ ეს სიგიჟეა და ურთიერთობა ასეთ ჩიხამდე არ მიიყვანოს. 


ვინმესთვის შენიშვნის მიცემა არ არის ჩვენი მიზანი. თუ ძალიან ხმამაღალი განაცხადი არ არის, გვინდა, ადამიანებმა გარკვეულ სიტუაციებში საკუთარი თავი დავინახოთ შორიდან და მიუკერძოებლად და მივხვდეთ, რომ ასე არ შეიძლება. როცა სერიალში ასეთი რთული რაღაცები ხდება, ძალიან განვიცდი, ვნერვიულობ და აფორიაქებული ვარ ხოლმე. ერთია, რომ სცენარისტმა ფანტასტიკურად დაწერა და მეორეა, რომ კარგად უნდა შეასრულო. ასე რომ, ეს ჩემთვის დიდი სიხარულიცაა, მაგრამ თან დიდი პასუხისმგებლობაც.


– დათომ რომ სახლში ნათია მოიყვანა, ეს ბევრმა გააპროტესტა. რას ფიქრობს ანი ამაზე?

– ნინა რომ წასულიყო და ეთქვა, რომ აღარ შეუძლია გაძლება და ცოტა ხნით მაინც უნდა წავიდეს, ოჯახს რომ დალაპარაკებოდა და ის მაინც ეთქვა, არ ვიცი, როდის ჩამოვალო, ეს მის პოზიციას ოდნავ მაინც შეარბილებდა, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა. გავიგეთ, რომ ამის მიზეზი არის ჰორმონები, სიმსივნე და ბევრი სირთულე, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა კარგად. მე ვფიქრობ, ნინამ ისეთი რაღაც გააკეთა, დათოს, საერთოდ, ყველაფრის უფლება ჰქონდა, მათ შორის, ნათიას გადმოყვანისაც.


– ნინას დაბრუნების შემდეგ, დათოს ნათიასთვის ხელი რომ მოეკიდა და ეთქვა: ნინა, შენ კი დაბრუნდი, მაგრამ ჩვენ ერთად ვართო – ნათია ხომ ყველაზე რთულ მომენტში დაუდგა გვერდით, მაშინ იქნებოდა მართალი?

– კი, დათოს ჰქონდა შანსი, რომ ნათიასთან ერთად წასულიყო ან სხვანაირად მოეგვარებინა ეს საკითხი. ეს იქნებოდა კაცური საქციელი თუ მართლა უნდოდა ნათია. გამართლება, მგონი, არცერთს არ გვაქვს.


– ტასომაც ჰკითხა ნინას – ნათია რომ არ გადმოსულიყო ჩვენთან, დაბრუნდებოდიო. ნინას ამ ნაბიჯმა მაყურებელშიც დიდი აგრესია გამოიწვია.

– რა თქმა უნდა, მოყვებოდა აგრესია. ადამიანი ხუთ შვილს კი არა, მხოლოდ ქმარს რომ ტოვებს ასე უპასუხისმგებლოდ, მაშინაც ბრაზდები. ამის მერე კიდევ ამ მიზეზით ჩამოვიდა. თუმცა, აქ მარტო ეჭვიანობის მომენტი არ არის. ახლა როგორც ჩანს, მგონი, მათ აღარ უყვართ ერთმანეთი. ნინამ ვითომ აპატია დათოს ღალატი. 


უნდოდა ეპატიებინა, მაგრამ ვერ შეძლო. პატიების უნარს ყველას ვერ მოსთხოვ. ძალიან ძნელია, ასეთი ღალატის შემდეგ ადამიანს მეორედ ენდო. ნათიას გამოჩენამ არია სიტუაცია, თორემ თავიდან იდეალური ოჯახი ჰქონდათ. დათო ხანდახან სვამდა, ქეიფობდა და ყველაზე დიდი კონფლიქტი ნინას ჩექმების ან სამსახურის გამო შეიძლება, მოსვლოდათ. დაავადებასაც ხომ სტრესულ გარემოსა და იმ ადამიანს აბრალებ, ვინც ამის კატალიზატორია.



ახლა კი ის ადამიანი, ვინც ცხოვრება აგირია, მოვიდა შენს სახლში და შენს შვილებს ზრდის, ეს არ არის ადვილი მისაღები. მტერმა დაიკავა შენი ადგილი. ამიტომ, ნინა მხოლოდ დათოზე ეჭვიანობის გამო არ ჩამოვიდა, აქ უფრო ღრმა პრობლემაა. ფაქტია, რომ ნინამ ვერ აპატია დათოს და ამ ღალატმა შინაგანად დაანგრია. ორივეს შეცდომებმა მიიყვანა აქამდე მათი ურთიერთობა.


– ამდენი წელია ანის ცხოვრებაში ნინა არსებობს. ახლავს ამ პროცესს მაყურებლისთვის მხოლოდ ნინად დარჩენის შიში?

– არის ეს მომენტი. მაგრამ აკეთო რაღაც და იფიქრო, ისე არ გავაკეთო, სულ ამასთან არ ვასოცირდებოდეო, არასწორი მგონია. თუ აკეთებ, ბოლომდე უნდა გააკეთო. სხვა როლების შესრულების სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ მაყურებელს თუ მაინც ნინად დავამახსოვრდები, პრობლემა არ არის. ხშირად შეიძლება, თქვან, რომ „ძალიან ჩცდ“ ვარ და ამ მიზეზით, მაგალითად, არ გადამიღონ ფილმში. მე „დავუბრაკივარ“ იმ მიზეზით, რომ „ძალიან ჩცდ ვარ“. პირადად ჩემთვის, ეს ძალიან სასაცილოა და დაუფიქრებლობასა და უსუსსურობასთან უფრო არის კავშირში.


– ანის რეალური, ოჯახური ცხოვრება არის ნინასავით ბობოქარი?

– ღმერთმა დამიფაროს (იცინის). ეს ბობოქრობა ხომ უამრავი პრობლემისგან მომდინარეობს. ჩვენი ოჯახი აბსოლუტურად სხვანაირად ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე, შვილებთან ერთად, სრულ იდილიაში ვართ. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი გვაქვს. უემოციოდ, სრულ სიწყნარეში არ ვართ. მეც ძალიან ემოციური ვარ და საერთოდ, ქართველები ხმამაღალი ხალხი ვართ. უფროსების კამათიც არის, ბავშვების ჩხუბიც, კერძების მომზადებაც, სახლიც დალაგებაც, ყოველდღიური დიასახლისური რუტინა და ასე შემდეგ. ვიღაცას შესაძლოა, 24 საათი გადაღებასა და კოსმეტოლოგებთან ვგონივარ და ფიქრობს, რომ სახე ფილერებით მაქვს გამოტენილი, ამ დროს ჩემს გონებასა და გულში უფრო მეტად მეოჯახე და დიასახლისი ვარ, ვიდრე მსახიობი. შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩემს გონებაში უფრო დიდი დოზითაა ფიქრები იმის შესახებ, სად წავიდნენ ბავშვები, როგორ დაისვენონ, რა ვაჭამო, ვისთან დავტოვო, როდის ვიმეცადინოთ – ამ ყველაფრის დაგეგვმა და დალაგება ბევრ რესურსს მოითხოვს.


– მეუღლეშიც გაგიმართლათ.

– კი, მეუღლეში ძალიან გამიმართლა. ლევანი რომ ასეთი არ იყოს, ჩემს თავს ამდენის საშუალებას ვერ მივცემდი. ის რომ რაღაცებს ვუთმობთ ერთმანეთს, არ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. მეც ვცდილობ, არ მოვანატრო თავი და დიდი დოზით ვიყო მასთან. როცა სამუშაო სრულდება, ყველამ იცის, რომ შვილებსა და მეუღლესთან გავრბივარ. ვიღაცები რომ სადღაც მიდიან დასასვენებლად, მე სახლშიც გადასარევად ვისვენებ. ყველაფერი ჩვენი სურვილების მიხედვით გვაქვს მოწყობილი და ვცდილობთ, სიმყუდროვე შევიქმნათ.


– გაზიარებული გქონდათ სიუჟეტი ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს თემა ტაბუდადებულივით იყო, დღეს როგორია თქვენი აღზრდის მეთოდები ამ მიმართულებით?

– მარტო სექსუალურზე არა, საერთოდ ძალადობაზეა საუბარი. ამ ასაკში შეიძლება, სექსუალური განათლება მათთვის ადრეა, მაგრამ მაგალითად, მითქვამს ნენესთვის, რომ მას უფლება აქვს, უარი თქვას უცხო ადამიანთან კომუნიკაციაზე. თუ ვინმე მისი სურვილის გარეშე შეეხება, აუცილებლად მშვიდად და ზრდილობიანად უნდა მიუთითოს, რომ ამის უფლება არ აქვს. თუ ვინმე ხმამაღლა მიმართავს, უთხრას, რომ ხმას დაუწიოს. იმიტომ კი არა, რომ აფთარი დედა ვარ და „ჩემს შვილს როგორ უნდა გაუბედონ რამე“, იმიტომ, რომ ბავშვმა იცოდეს, რა არის სწორი და რა არასწორი, რისი უფლება აქვს სხვას თუ მას. მე, მაგალითად, ჩემს მშობლებს ვერ ვეუბნებოდი, თუ სკოლაში მასწავლებელი უხეშად მოგვექცეოდა, იმიტომ რომ მეგონა, ის მასწავლებელი კიდევ უფრო გადამეკიდებოდა. ახლა მეგობარი მეუბნება, რომ მათემატიკის მასწავლებელმა მის შვილს რვეული დაუხია. როგორიც უნდა იყოს ბავშვი, ესე იგი, შენ იმდენად სუსტი ხარ, რომ მან წყობიდან გამოგიყვანა. „წყობიდან გამომიყვანა“ – ამით შეიძლება თავის გამართლება? ჩემმა შვილმა შეიძლება, ისე გამოგიყვანოთ წყობიდან, რომ დაარტყათ ან თმით ითრიოთ? მე გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა, რომელიც ბავშვებს მოიქნევდა და ხან ლურსმანზე ჩამოეხეოდნენ და ხან რა ემართებოდათ და მშობლებს კი ამას ვერ ვეუბნებოდით, რომ უარესი არ მომხდარიყო. არ მახსოვს ჩემს მშობლებს დავესვით და ამაზე დიდხანს გვესაუბრა, მაგრამ რომ გავიზარდე, ჩემმა ქვეცნობიერმა იცოდა, რომ ეს ცუდია, შემეძლო, ცუდისა და კარგის ერთმანეთისგან განსხვავება. შესაძლოა, ოთხი წლის ბავშვს ვერ ავუხსნა სექსუალურ ურთიერთობებზე, მაგრამ ამის დროც მოვა. აბა, რა ჯობია, გონზე არ იყოს, რას აკეთებს? ყველაფერს აქვს თავის ფორმა, მთავარია მოტივაცია. რატომ აკეთებ ამას? 


როცა იცი, რომ ამ ინფორმაციით შვილი უნდა დაიცვა, მაშინ ფორმასაც სწორად შეარჩევ. ექვსი წლის ბავშვმა, მინიმუმ, უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს მისი შეხების უფლება და არც მას შეუძლია სხვას თმა დააწიწკნოს. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ უფროსს ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემით უნდა მოვპყრობოდით. მგონი, 30 წლის ვიყავი, ჩემზე უფროს ადამიანს რომ ვუთხარი, დიდი ბოდიში, მაგრამ, თუ შეიძლება, ხმას დაუწიეთ-მეთქი. ძლივს ვაკადრე, როცა ყვირილი დამიწყო. 


მერე მეცინებოდა, რომ ამ ასაკში გავბედე უფროსისთვის შენიშვნის მიცემა. იმას კი არ ვამბობ, რომ პირზე რაც მოგვადგება, დაუფიქრებლად ვთქვათ, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ არასწორი შეიძლება იყოს ასაკოვანიც, მოხუციც, დერექტორიც, მასწავლებელიც, მამაოც და მეუფეც. შენ უნდა გქონდეს შენი პოზიცია, სწორი განათლება და სწორისა და არასწორის გარჩევა იცოდე, რაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ისევე, როგორც სხვის ცხოვრებაში ჩარევა. თუნდაც, ოჯახის შექმნა ავიღოთ, მე, მაგალითად, გამიმართლა. მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი რომ შევქმენით, 30 წლის ვიყავი და ჩემს მშობლებს ჩემთვის არასდროს უკითხავთ, როდის გათხოვდებიო? არასდროს უთქვამთ, რომ გათხოვების დროა, ეს კარგი ბიჭიაო, მაგრამ მახსოვს ხალხი, ისინიც, ვინც მიყვარდა და პატივს ვცემდი, მათ ეუბნებოდნენ, რომ დროა, დატრიალდითო.


თბილისელები 




კომენტარები:

ფართი შოპი