დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

25 May 2021 16:35

კანადის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. 

საელჩო განმარტავს, რომ კანადაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და შემზღუდვების გამო წელს ოტავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფიზიკური მიღების გამართვა ვერ ხერხდება. 

საელჩომ კანადელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა:

  • 26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება. კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს;
  • 26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა;
  •  25 მაისს, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში - ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა;
  • 1 ივნისს ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული "აფხაზის ბოტანიკური ბაღის" დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა.


მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი